აგვისტოში ბათუმში სრულად მზიანი მხოლოდ 2 დღე იქნება – ამინდის პროგნოზი

შვებულებებისა და, შესაბამისად, საზღვაო სეზონი სულ უფრო აქტიურ ფაზაში შედის, თუმცა ამინდი შავი ზღვის პირას არცთუ სახარბიელოა – accuweather-ის ამინდის პროგნოზის მიხედვით, აგვისტოს 31 დღიდან მხოლოდ ორი დღე იქნება სრულად მზიანი – 24 და 25 აგვისტო, 10 დღე იწვიმებს, დანარჩენი დღეები კი ნახევრად მოღრუბლული იქნება.

ამავე პროგნოზით, გარდა მოღრუბლული ამინდისა და წვიმებისა, ბათუმში ტემპერატურაც დაბალი იქნება. უახლოეს დღეებში ბათუმში ჰაერის მოსალოდნელი მაქსიმალური ტემპერატურა 29 გრადუსია. ზღვისპირეთში 2 აგვისტოდან კიდევ უფრო აგრილდება და თითქმის მთელი აგვისტოს განმავლობაში პერიოდულად მოსალოდნელია წვიმა, ჰაერის ტემპერატურა კი 20-24 გრადუსის ფარგლებში იქნება.

რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში მყოფი ადამიანებისთვის შემდეგი ერთი კვირა მიმდინარე ზაფხულს ერთ-ერთი ყველაზე ცხელი იქნება, 2 აგვისტოდან კი ჰაერის ტემპერატურა შედარებით დაიკლებს.

accuweather-ის ცნობით, დღევანდელი, 27 ივლისის მაქსიმალური ტემპერატურა 34 გრადუსი იქნება ცელსიუსით, თუმცა რეალური შეგრძნება 36 გრადუსის ტოლფასი იქნება. დაახლოებით იგივე ტემპერატურა იქნება 28-29 ივლისს, თუმცა 30 ივლისიდან კიდევ უფრო დაცხება და ჰაერის ტემპერატურა 36 გრადუსს მიაღწევს, 31 ივლისს კი ჰაერი 37 გრადუსამდე გაცხელდება. უკვე 2 აგვისტოს ჰაერის ტემპერატურა 33 გრადუსამდე ჩამოვა და შემდეგ დღეებშიც კლებას გააგრძელებს. ამინდის პროგნოზის მიხედვით, თბილისში ჰაერის ტემპერატურა 30 გრადუსს არ ასცდება 6 აგვისტოდან და დაახლოებით, 27-29 გრადუსის ფარგლებში იქნება. აგვისტოს პირველი რიცხვებიდან ტემპერატურა დაიკლებს საქართველოს სხვა რეგიონებშიც, მათ შორის, კახეთსა და იმერეთში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.