ახალი ამბები

უნდა გავითვალისწინოთ გარემოება, რომ ჩვენ ვართ ღარიბი ქვეყანა და ხალხს აქ უჭირს – სუბარი სვანეთზე

26 ივლისი, 2018 • 2020
უნდა გავითვალისწინოთ გარემოება, რომ ჩვენ ვართ ღარიბი ქვეყანა და ხალხს აქ უჭირს – სუბარი სვანეთზე

ხაიშში შეხვედრა ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის დასრულდა. როგორც რეგიონულ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველo სოზარ სუბარი განმარტავს, მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის მოქმედება “კანონის ზღვარზე” გადიოდა, სახელმწიფომ უნდა გაითვალისწინოს ის მდგომარეობა, რომ “ხალხს აქ უჭირს.”

მისივე თქმით, აქ მცხოვრები ადგილობრივების შემოსავლის ძირითადი წყარო ხე-ტყეა. როგორც სუბარი განმარტავს, უახლოეს მომავალში აქ სამთავრობო გუნდი ჩამოვა, რათა მოსახლეობისთვის ალტერნატიული სამუშაო ადგილების შექმნისთვის მუშაობა დაიწყოს.

სოზარ სუბარმა კომენტარში, რომელიც “ტვ პირველს” მისცა, ხაიშის მცხოვრებთა პრობლემები ტყიბულის მეშახტეების მდგომარეობას შეადარა.მისივე თქმით, სპეცრაზმი უკვე დაიძრა და მალე ტერიტორიას დატოვებს.

 რბილად რომ ვთქვათ, კანონის ზღვარზე გადიოდა ხალხის ქმედება. სახელმწიფოს აქვს ლეგიტიმური უფლება გარკვეული მოქმედებები ჩაატაროს და ამ მხრივ რომელიმე კუთხე გამონაკლისი ვერ იქნება. თუმცა ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ რიგი გარემოებები. ეს გარემოებები კი არის, რომ ჩვენ ვართ ღარიბი ქვეყანა და ხალხს აქ უჭირს.

ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყანაში მეწარმე, რომელიც იტყვის, რომ მე ვხურავ შახტს იმიტომ, რომ არაა მომგებიანი, იქ ვერაფერს ვიზამთ. მაგრამ .. ჩვენ ვეძებთ გამოსავალს იმიტომ, რომ იქ ადამიანების არსებობს კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ასეთივე საკითხია აქაც,” – ამბობს სოზარ სუბარი.

  • დღეს, 26 ივლისს, ხაიშსა და ჭუბერში ფინანსური პოლიცია შევიდა, რასაც მოსახლეობასთან დაპირისპირება მოჰყვა. საქმე ხე-ტყის შესაძლო უკანონო მოპოვებას ეხება.
  • დაპირისპირების შემდეგ სვანეთში ასობით პოლიციელი შევიდა. შსს-ში განგვიცხადეს, რომ უსაფრთხოების მიზნით შეიყვანეს დამატებით პოლიციის ჯგუფები ორ სოფელში, თუმცა არავინ დაუკავებიათ.
  • ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან გვაცნობეს, რომ ამ დრომდე მიმდინარეობს ღონისძიება ჭუბერსა და ხაიშში ხე-ტყის უკანაონო მოპოვებასთან დაკავშირებით, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობა მათ კვლავ არ აძლევს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების საშუალებას. საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ჭუბურისა და ხაიშის მოსახლეობამ მათი თანამშრომლების სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა, რის გამოც სპეცრაზმის მობილიზება გახდა საჭირო.
  • ადგილობრივები საზოგადოებას, ხელისუფლებას, სახალხო დამცველს და დიპკორპუსს მოუწოდებენ, დაიცვან სვანეთი განუკითხაობისგან: “მოგვეცით ალტერნატიული განვითარების საშუალება ან დაგვცოხეთ და ამით დასრულდება ყველაფერი! დაგვაყენეთ საშველი, სანამ მთელი სვანეთი არ გამსკდარა დენთის კასრივით!
  • ომბუდსმენის აპარატში განგვიცხადეს, რომ ბოლო პერიოდში სვანეთსა და რაჭაში მოსახლეობა აქტიურად აპროტესტებდა ჰესების მშენებლობას, ხოლო დღევანდელი სპეცრაზმის გამოჩენა მოსახლეობამ პროტესტის ჩახშობის მცდელობად მიიღო.
  • პოლიციელის მიერ გადატენილი იარაღის ადგილობრივისთვის შუბლზე მიბჯენის შესაძლო ფაქტზე გენისპექციას მოკვლევა არ დაუწყია, რადგან ოფიციალურად არავის განუცხადებია ეს.
  • პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ მთავრობა შეურიგებელი იქნება ყველას მიმართ, ვინც ჩართულია ხე-ტყის უკანონო ჭრაში. პრემიერის მრჩეველი კი ამბობს, რომ რბილი მიდგომა აქვთ სვანეთში ხე-ტყის მოპოვებაზე, რადგან ალტერნატიული წყარო მოსახლეობას არ გააჩნია.
  • მწვანე ალტერნატივა სვანეთში ჩატარებული ოპერაციის მასშტაბებს არაპროპორციულად მიიჩნევს. ორგანიზაცია გაუგებრად მიიჩნევს, რატომ შევიდა რაიონში ასობით პოლიციელი და სპეცრაზმელი მაშინ, როცა ადამიანები საქართველოს სხვა ნაწილებში დააკავეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი