ახალი ამბები

საგამოძიებო კომისია ხორავას ქუჩის საქმის ახალ გარემობებზე საუბრობს, შსს კომისიას პასუხობს

26 ივლისი, 2018 • 1657
საგამოძიებო კომისია ხორავას ქუჩის საქმის ახალ გარემობებზე საუბრობს, შსს კომისიას პასუხობს

ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილმა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამ დღეს, 26 ივლისს განცხადება გაავრცელა, სადაც საქმის აქამდე უცნობ გარმეოებებზე საუბრობს. შსს აღნიშნულ განცხადებას ეხმაურება და განმარტავს, რომ ყველა ის პირი, რომელთაგან მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზეც საგამოძიებო კომისიამ დღეს განცხადება გაავრცელა, უწყებას უკვე გამოკითხული ჰყავს.

საგამოძიებო კომისიის წევრებმა დღეს ჟურნალისტებთან სპეციალური განცხადება გააკეთეს. მათი თქმით, ძირითადი მოწმეების დაკითხვის შედეგად საქმის ახალი გარემოებები გამოიკვეთა.

“დღეს, როდესაც ძირითადი მოწმეების დაკითხვა დავასრულეთ, გვინდა ვთქვათ, რომ დაკითხვების დროს გამოიკვეთა ძალიან მნიშვნელოვანი, საკვანძო გარემოებები, რომლის შესახებაც ჩვენ მყისიერად ვაწვდით ინფორმაციას შსს-ს, სწრაფი და ეფექტური რეაგირებისთვის. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ჩვენ ვიკავებთ თავს გავაჟღეროთ ამ გარემოებების შინაარსი და ველოდებით შსს-ს,” – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

გარდა ამისა, კომისიის წევრები განმარტავენ, რომ მოწმეების გამოკითხვის შედეგად მათთვის ნათელი გახდა, რომ შსს-მ საქმე გარკვეული ხარვეზებით აწარმოა, მათ შორის, რიგი ინფორმაცია არ გადაამოწმა.

“ახლა უკვე გვაქვს კონკრეტული მტკიცებულებები, რომლებმაც გამოკვეთა კონკრეტული ვერსია. რაზედაც შსს-სგანმ რა თქმა უნდა, რომელმაც თვეები დაკარგა, რომ ეს ვერსია უკვე გადამოწმებული ჰქონოდა, რაც შეიძლება სწრაფად გადაამოწმოს ეს ვერსია,“- განმარტა ირაკლი აბესაძემ.

რაც შეეხება შსს-ს, უწყებამ ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა, სადაც განმარტა, რომ პირები, რომელთაგან მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზეც საგამოძიებო კომისიამ დღეს განცხადება გაავრცელა, შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე გამოკითხული ჰყავს გამოყოფილი საქმის ფარგლებში.

“საგამოძიებო კომისიას არ აქვს სამინისტროს მიერ გამოყოფილი საქმის გამოძიების ფარგლებში მოპოვებული ყველა ინფორმაცია, ვინაიდან მტკიცებულებების შეკრება ხდება ყოველდღიურ რეჟიმში. აღსანიშნავია, რომ 2018 წლის 18 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ წერილობით მიმართა საგამოძიებო კომისიას და შესთავაზა გაუთქმელობის ხელწერილის საფუძველზე დამატებით მასალის, მათ შორის მათ მიერ დღეს მედიასაშუალებებით გაჟღერებული ინფორმაციის გადაცემა, რაზეც კომისიიდან პასუხი სამინისტროს ამ დრომდე არ მიუღია,” – წერია შსს-ს განცხადებაში.

შსს-ს თქმითვე, სამინისტრო მზადყოფნას გამოხატავს, კომისიასთან თანამშრომლობა გააგრძელოს.

1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე, არასრულწლოვნებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს ცივი იარაღით ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. სასწრაფო დახმარების სამსახურმა დაჭრილები რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა გზაში ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვალა. მეორე არასრულწლოვანი 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

ვრცლად ხორავას ქუჩის საქმეზე შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი