ახალი ამბები

საზმაუს გავრცელებულ ფოტოზე ასახული ხის წარმომავლობას საგამოძიებო ორგანოები დაადგენენ – სატყეო სააგენტო

26 ივლისი, 2018 • 2523
საზმაუს გავრცელებულ ფოტოზე ასახული ხის წარმომავლობას საგამოძიებო ორგანოები დაადგენენ – სატყეო სააგენტო

ეროვნულმა სატყეო სააგენტომ დღეს, 26 ივლის, განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ საგამოძიებო ორგანოები დაადგენენ იმ ხე-ტყის წარმომავლობას, რომელიც აღბეჭდილია პირველი არხის მიერ გავრცელებულ ფოტოზე.

აღნიშნულს წინ უძღოდა შემდეგი ფაქტები:

  1. სვანეთში, კერძოდ, ჭუბერსა და ხაიშში, ფინანსურ პოლიცია 26 ივლისს შევიდა უკანონო სახერხების აღსარიცხად და დასალუქად, რასაც მოჰყვა მოსახლეობასთან დაპირისპირება. ხელისუფლება ამბობს, რომ ისინი ამ გზით ხე-ტყის უკანონო ჭრას ებრძვიან;
  2. სვანეთში ასეულობით პოლიციელის შესვლისა და ადგილობრივებთან დაპირისპირების შემდეგ, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა თავისი ლოგოთი გაავრცელა ფოტოები, რომლებზეც აღბეჭდილია ნარჩენებით სავსე ენგური. პირველმა არხმა აღნიშნულ ფოტოებს მტკიცებით ფორმაში მიაწერა, რომ “ადიდებულ მდინარეს სარეალიზაციოდ გამზადებული ხე-ტყე მიაქვს”. აღნიშნულმა ფოტოებმა ადგილობრივი სვანების მიმართ ფეისბუკში გამოიწვია არაერთი ადამიანის უკმაყოფილო დამოკიდებულება. პარალურად, სხვადასხვა ფეისბუკ ჯგუფში ანონიმურმა მომხმარებლებმა პირველი არხის ფოტოები ტელეარხის ლოგოს გარეშე გამოაქვეყნეს. ზოგ ფოტოს ახლდა შემდეგი კომენტარი: “საკუთარი ხელით ანადგურებდე იმას, რითიც ცოცხლობ, საშინელებაა, მალე ჟანგბადი აღარ იქნება!!! ამდენი მოჭრილი ხე არის უბედურება, უნდა დაისაჯოს ამის გამკეთებლები!”
  3. ამ ფოტოების გავრცელების შემდეგ, სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის უფროსმა ერასტი როდონაიამ ნეტგაზეთს უთხრა, რომ პირველი არხის მიერ გავრცელებულ ფოტომასალას არანაირი კავშირი არ აქვს ხე-ტყის უკანონო ჭრასთან. ფოტოზე გამოსახული ხის მასალა წყალსაცავის ადმინისტრაციის მიერ განგებ არის ერთ ადგილას დაგროვილი და ეს არის არა სარეალიზაციოდ გამზადებული ხე-ტყე, არამედ ნარჩენები, რომლებიც მდინარეს მოაქვს. მისი თქმით, 2 თვის წინ თავადაც იმყოფებოდა ფოტოზე გამოსახულ ადგილას და აცხადებს, რომ ხის ნარჩენები მაშინაც დახვდა, თუმცა, არა ამ რაოდენობით. იგივე შინაარსის ინფორმაცია მიაწოდა სატყეო სააგენტოს უფროსმა თორნიკე გვაზავამ გამოცემებს “რეგინფოსა” და “ლიბერალს”.
  4. ამ ფაქტების შემდეგ, სატყეო სააგენტოს პრესსამსახურმა გაავრცელა თორნიკე გვაზავას წერილობითი კომენტარი, სადაც ის არ გამორიცხავს შესაძლებლობას, რომ ადიდებულმა მდინარემ მართლაც ჩამოიტანოს სამასალე ხე-ტყე, რადგან სვანეთში განსაკუთრებით ხშირია მასალის უკანონოდ მოპოვების შემთხვევბი. თუმცა, მისივე თქმით, ფოტოებზე ასახული ხე-ტყის წარმომავლობის გარკვევა საგამოძიებო ორგანოების პრეროგატივაა. როგორც მან “ლიბერალს” უთხრა, ფოტოს საშუალებით ხე-ტყის წარმომავლობის დადგენა არის არაკომპეტენტურობა.

პირველი არხის გავრცელებულ ფოტოს ხე-ტყის უკანონო ჭრასთან კავშირი არ აქვს – სატყეო

მასალების გადაბეჭდვის წესი