ახალი ამბებიკომენტარი

რა პოზიტიურ და ნეგატიურ ეფექტს უნდა ელოდოს “ოცნება” თუ ის კანდიდატს არ დაასახელებს

26 ივლისი, 2018 • 3208
რა პოზიტიურ და ნეგატიურ ეფექტს უნდა ელოდოს “ოცნება” თუ ის კანდიდატს არ დაასახელებს

პოლიტოლოგი ბაკურ კვაშილავა მიიჩნევს, რომ მმართველი გუნდის შესაძლო გადაწყვეტილებას, უარი თქვას საპრეზიდენტო კანდიდატზე, “ქართული ოცნებისთვის” როგოც პოზიტიური, ისე ნეგატიური ეფექტი შეიძლება ჰქონდეს”.

პოლიტოლოგის შეფასებით, ამგვარად პარტია აჩვენებს, რომ ერთპარტიული სისტემის მიუხედავად არ სურს ყველა თანამდებობა ეკავოს. რაც შეეხება ნეგატიურ მხარეს, კვაშილავას აზრით, ეს გადაწყვეტილება ტოვებს შესაძლებლობას, რომ ოპონენტებმა ძალიან მაღალი ტრიბუნა გამოიყენონ ხელისუფლების კრიტიკისთვის.

ბაკურ კვაშილავას შეფასებით, მნიშვნელოვანი იქნება ის ფაქტორიც, თუ ვინ იქნება პრეზიდენტი. საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც კონფრონტაციაშია მთავრობასთან:

“ცენტრალური მნიშვნელობა ექნება იმასაც, რომ ახალი პრეზიდენტი იქნება არჩეული არა “ქართული ოცნების” წარდგინებით, არამედ დამოუკიდებლად. ასე რომ, [ოცნების] ის არგუმენტი, რომ პრეზიდენტმა მარგველაშვილმა იმიტომ გაიმარჯვა, რომ ის “ქართული ოცნების” კანდიდატი იყო და ახლა მას უპირისპირდება და არ უნდა ვენდოთ, ამ შემთხვევაში უფრო ნაკლებად იმოქმედებს. [ახალი პრეზიდენტის ვითარებაში] უფრო მეტად მოუწევს ფორმაში ყოფნა მმართველ გუნდს, ვიდრე მარგველაშვილის პრეზიდენტობის პირობებში”, – ამბობს კვაშილავა “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

ბაკურ კვაშილავას შეფასებით, თუ ხელისუფლება მიიღებს გადაწყვეტილებას, უარი თქვას საკუთარი კანდიდატის დასახელებაზე, ამას როგორც საერთაშორისო, ისე ქვეყნის შიგნით საზოგადოებისთვის გააკეთებს:

“ეს ორი რამ გადაბმულია, საქართველოს დღეს თუ აქვს დემოკრატიულობის ის ხარისხი, რაც აქვს, ეს პირველ რიგში მოდის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლიდან… იქნება ეს დახმარებიდან თუ მოტივაციიდან და პლუს იმ საგარეო პოლიტიკური კურსიდან, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია. აქედან გამომდინარე ეს კომპლექსურია და ორივე მხარეზე ახდენს გავლენას”

ბაკურ კვაშილავა ასევე საუბრობს იმ სცენარზეც, სადაც ხელისუფლებას არ ჰყავს კანდიდატი, თუმცა არსებობს ისეთი დამოუკიდებელი კანდიდატი, რომელიც ხელისუფლების მხარდაჭერით სარგებლობს:

“ქართულ ოცნებას, მაგალითად, არ წამოუყენებია კანდიდატად სალომე ზურაბიშვილი მთაწმინდის ოლქში, მაგრამ მას არ ჰყავდა თავისი კანდიდატი და ყველამ იცოდა, რომ ხელისუფლების მხარდაჭერთ სარგებლობდა. აქედან გამომდინარე, თუ მსგავს კანდიდატთან გვექნება საქმე, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ის მაინც “ქართული ოცნებისთვის” საურველი კანდიდატი იქნება”.


ბიძინა ივანიშვილის თქმით, მისი პოზიციაა, რომ “ქართულმა ოცნებამ” საპრეზიდენტო კანდიდატი გუნდიდან არ დაასახელოს.

როგორც ივანიშვილმა პირველი არხისთვის მიცემულ ინტევრიუში თქვა, თუ ღირსეული დამოუკიდებელი კანდიდატი გამოჩნდება, მისი პოზიციაა, რომ “ოცნებამ” მას დაუჭიროს მხარი, ხოლო თუ ასეთს ვერ მონახავენ, “მაშინ ოპოზიციამ წაიღოს” ეს ინსტიტუტი.

ივანიშვილის თქმით, ის, რომ პრეზიდენტი მმართველი გუნდის წარმომადგენელი არ გახდეს, დემოკრატიის განვითარებას სჭირდება ქვეყანაში, გამომდინარე იქიდან, რომ “ოცნება” საკონსტიტუციო უმრავლესობას ფლობს და მუნიციპალიტეტების დონეზე ყველა საკრებულოსა თუ გამგეობას აკონტროლებს.

მისივე თქმით, ეს არ არის “ოცნების” საბოლოო პოზიცია და დისკუსია მიმდინარეობს. პარტიის თავმჯდომარის თქმით, ბევრი მის აზრს ამ საკითხზე არ იზიარებს. ივანიშვილის განმარტებით, გუნდში გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად არ იღებს, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლოა საკითხი სწორედ ისე გადაწყდეს, როგორც ის ამბობს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი