ახალი ამბები

პირველი არხის გავრცელებულ ფოტოს ხე-ტყის უკანონო ჭრასთან კავშირი არ აქვს – სატყეო

26 ივლისი, 2018 • 24044
პირველი არხის გავრცელებულ ფოტოს ხე-ტყის უკანონო ჭრასთან კავშირი არ აქვს  – სატყეო

სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის უფროსი ერასტი როდონაია ნეტგაზეთთან აცხადებს, რომ პირველი არხის მიერ გავრცელებულ ფოტომასალას არანაირი კავშირი არ აქვს ხე-ტყის უკანონო ჭრასთან.

როგორც როდონაია “ნეტგაზეთთან” განმარტავს, ფოტოზე გამოსახული ხის მასალა წყალსაცავის ადმინისტრაციის მიერ განგებ არის ერთ ადგილას დაგროვილი და ეს არის არა სარეალიზაციოდ გამზადებული ხე-ტყე, არამედ ნარჩენები, რომლებიც მდინარეს მოაქვს. მისი თქმით, 2 თვის წინ თავადაც იმყოფებოდა ფოტოზე გამოსახულ ადგილას და აცხადებს, რომ ხის ნარჩენები მაშინაც დახვდა, თუმცა, არა ამ რაოდენობით.

სამეგრელო ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის უფროსის თქმით, ფოტოს მარცხენა ნაწილში ჩანს, რომ მდინარეში დაგროვილი ნარჩენები სწორ კონტურს ქმნის, რაც ზღუდის არსებობაზე მიუთითებს, რომელიც მათ აკავებს წყალვარდნილზე მოხვედრისა და ტურბინების დაზიანებისგან:

“ამ ფოტოს თუ დააკვირდებით, კადრში ზემოთა მხარე სვანეთის მხარეა და უსწორმასწოროა. ქვემოთ კი სწორი ხაზია. მაგ ადგილას არის წყალსაცავის ადმინისტრაციის მიერ სპეციალურად გაჭიმული ზღუდე, რომლის დანიშნულებაც არის, რომ ნაგავი არ მოხვდეს წყალვარდნილზე და ტურბინები არ გაჭედოს. ეს ნაგავი დიდი პერიოდის გნამავლობაშია დაგროვილი. ორი თვის წინ რომ ავედი, მაშინაც იყო. ახლა, ამ წყალვარდნილობის დროს რაც ჩამოიტანა, გააჩერა მანდ. შეიძლება იყოს როგორც მორი, ასევე მთლიანი ხე, მოსახლეობის მიერ  გადაყრილი ნარჩენები და უბრალოდ ნაგავიც. არანაირი კავშირი არ აქვს ხე-ტყის რეალიზაციასთან”, – ამბობს როდონაია “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

დღეს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა ფოტოები, რომლებზეც, მათი თქმით, უკანონოდ მოჭრილი და სარეალიზაციოდ გამზადებული ხის მასალაა აღბეჭდილი, რომელიც ადიდებულმა მდინარემ ბოლო წყალდიდობისას წაიღო.

პირველი არხის მიერ გავრცელებული ინფორმაცია

პარალელურად, დღეს დღის განმავლობაში მმართველი პარტიის მხარდამჭერთა “ფეისბუკ” ჯგფებში პირველი არხის მიერ გავრცელებული კადრები, ოღონდ მათზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ლოგო დატანილი არაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი