ახალი ამბები

ვაკეში რომ ვინმეს დაჭერა უნდათ, 1 200 პოლიციელი შეჰყავთ? – მანანა ქოჩლაძე სვანეთის ოპერაციაზე

26 ივლისი, 2018 • 2943
ვაკეში რომ ვინმეს დაჭერა უნდათ, 1 200 პოლიციელი შეჰყავთ? – მანანა ქოჩლაძე სვანეთის ოპერაციაზე

ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივის” დირექტორი მანანა ქოჩლაძე სვანეთში ჩატარებული ოპერაციის მასშტაბებს არაპროპორციულად მიიჩნევს. მისი თქმით, გაუგებარია, რატომ შევიდა რაიონში ასობით პოლიციელი და სპეცრაზმელი მაშინ, როცა ადამიანები საქართველოს სხვა ნაწილებში დააკავეს.

“თუ დავეყრდნობით თვითონ ბატონი სუბარის განცხადებას, აღმოჩნდება, რომ დიდ წინააღმდეგობას ადგილი არ ჰქონია. ლაპარაკია იმაზე, რომ მოსახლეობა დაძაბულია იმ ფონზე, რომელიც შექმნა სახელმწიფოს მხრიდან აბსოლუტურად არასწორმა, არაპროპორციულმა ქმედებამ. თვითონვე ამბობენ, რომ თურმე დაკავებები მოხდა სხვა ადგილას. მაშინ გაურკვევლია, რატომ არის შეყვანილი 1200-მდე პოლიციელი და სპეცრაზმელი ამ ორ სოფელში, ეს არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება.

…ასეთი გზით რისი მიღწევა უნდა სახელმწიფოს, როცა შედის და პროვოკაციას აწყობს, თუნდაც იარაღის დადების ფაქტი ავიღოთ, რომელიც სრულიად ამოვარდნილია. რაში სჭირდებოდა 1200 პოლიციელი ვიღაცების დაკავებას? ასე შემოდიან, მაგალითად, ვაკეში, როცა ვიღაცის დაჭერა უნდათ?”, – განუცხადა მანანა ქოჩლაძემ “ნეტგაზეთს”.

“მწვანე ალტერნატივის” დირექტორის თქმით, ხის არალეგალურად ჭრის პრობლემა, საქართველოს სხვა რეგიონების მსგავსად, სვანეთშიც არსებობს. თუმცა მანანა ქოჩლაძეს საეჭვოდ მიაჩნია, რომ პროცესების უკან ადგილობრივები იდგნენ მაშინ, როცა სვანეთიდან ხის გატანა 2015 წლიდან იზღუდება და პროცესს ფინანსური პოლიცია ადგილზე აკონტროლებს. მისი განცხადებით, პრობლემას სახელმწიფოს უსისტემო მიდგომაც აღრმავებს:

“გარემოს დაცვის სამინისტროს მხოლოდ ხე-ტყეზე აქვს ვალდებულება, გადამუშავებულ მასალაზე კი ამ ვალდებულებას იხსნის. გადამუშავებულ ხეს აკონტროლებს ფინანსური პოლიცია, რომელიც, სამწუხაროდ, არ ამოწმებს მის წარმოშობას. ძალიან დიდი ხანია, ამის დარეგულირებისა და ერთ ჩარჩოში მოქცევის საჭიროებაზე ვსაუბრობთ, რადგან ენდემური სახეობებიც გაჰქონდათ სავაჭროდ. ეს ყველგან ხდება, არამ ხოლოდ სვანეთში და ამას ისეთი მასშტაბები აქვს, რომ გამორიცხულია, მოსახლეობამ მისი დაორგანიზება შეძლოს. ლაპარაკია ორგანიზებულ, უკანონო ჭრებზე, რომელსაც ალბათ ვიღაც გავლენიანი ადამიანები მეთაურობენ.

მოსახლეობის მხრიდან თუ ვინმე არ იყო შეკრული ფინანსურ პოლიციასთან[ და არ გააქვთ], რა უნდა უყონ თავად ამდენ ხეს? ჭრიან და იტოვებენ ხეობაში? შესაბამისად, აქ იყო საჭირო გამოძიების ჩატარება. ფინანსური პოლიცია იმასაც ამბობს, რომ ხე ყალბი საბუთებით გამოდიოდა. თუ ასეა, ამ ყალბი საბუთების დამმზადებელზე რატომ არ არის საქმე აღძრული? თუ სხვაგან დააკავეს ის ადამიანები, ვინც ამ საქმეში იყო, ამ სოფლებში რატომ შევიდა ამდენი პოლიციელი? კითხვები უფრო მეტია. მე თუ მკითხავთ, ეს არის, რაღაცნაირად, ახალი ცოცხის დანახების მცდელობა ჩვენი პრემიერ-მინისტრის მხრიდან”.

  • დღეს, 26 ივლისს, ხაიშსა და ჭუბერში ფინანსური პოლიცია შევიდა, რასაც მოსახლეობასთან დაპირისპირება მოჰყვა. საქმე ხე-ტყის შესაძლო უკანონო მოპოვებას ეხება.
  • დაპირისპირების შემდეგ სვანეთში ასობით პოლიციელი შევიდა. შსს-ში განგვიცხადეს, რომ უსაფრთხოების მიზნით შეიყვანეს დამატებით პოლიციის ჯგუფები ორ სოფელში, თუმცა არავინ დაუკავებიათ.
  • ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან გვაცნობეს, რომ ამ დრომდე მიმდინარეობს ღონისძიება ჭუბერსა და ხაიშში ხე-ტყის უკანაონო მოპოვებასტან დაკავშირებით, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობა მათ კვლავ არ აძლევს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების საშუალებას.
  • ადგილობრივები საზოგადოებას, ხელისუფლებას, სახალხო დამცველს და დიპკორპუსს მოუწოდებენ, დაიცვან სვანეთი განუკითხაობისგან: “მოგვეცით ალტერნატიული განვითარების საშუალება ან დაგვცოხეთ და ამით დასრულდება ყველაფერი! დაგვაყენეთ საშველი, სანამ მთელი სვანეთი არ გამსკდარა დენთის კასრივით!”
  • ხაიშის მასწავლებლის თქმით, შელაპარაკების დროს ერთ-ერთმა პოლიციელმა იარაღი გადატენა და შუბლზე მიაბჯინა ადგილობრივს, რასაც მოსახლეობის გაღიზიანება მოჰყვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი