ახალი ამბები

2018 წელს სახელმწიფო აღარ მოახდენს ყურძნის სუბსიდირებას – ლევან დავითაშვილი

26 ივლისი, 2018 • 1566
2018 წელს სახელმწიფო აღარ მოახდენს ყურძნის სუბსიდირებას – ლევან დავითაშვილი

2018 წელს სახელმწიფო აღარ მოახდემს ყურძნის სუბსიდირებას და მის ფასს მთლიანად ბაზარი განსაზღვრავს. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მინისტრის თქმით, წელს იქნება პირველი შემთხვევა ბოლო ათი წლის განმავლობაში, როდესაც ყურძნის ფასის დადგენაში სახელმწიფო არ ჩაერევა.

 “მთავრობა ასრულებს დანაპირებს და უარს ამბობს სუბსიდიის სახით სახელმწიფო ბიუჯეტის დანახარჯებზე მეღვინეობის დარგში, რომელიც ბოლო წლებში განხორციელებული სწორი სახელმწიფო პოლიტიკის შედეგად, ქვეყანაში გახდა ერთ-ერთი წარმატებული და განვითარებული დარგი. ამაზე მიუთითებს გაზრდილი ექსპორტი და ღვინის მწარმოებელი კომპანიების მზარდი სტატისტიკა, ასევე, ქართული ღვინის წარმატებები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გამართულ გამოფენებსა და კონკურსებში,” – აცხადებს ლევან დავითაშვილი.

ყურძნის ფასის დადგენის პროცესიდან სახელმწიფოს გამოსვლას სოფლის მეურნეობის მინისტრი უკავშირებს ღვინის გაზრდილ ექსპორტს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წლის 6 თვის მონაცემებით, მსოფლიოს 48 ქვეყანაში თითქმის 40 მლნ ბოთლი ღვინოა გატანილი, რაც 2017 წლის იმავე პერიოდზე 21%-ით მეტია.

მინისტრმა 2018 წლის რთველზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ წელს ყურძენს 100-ზე მეტი საწარმო ჩაიბარებს და ჩაბარებული ყურძნის აღრიცხვა მოხდება ერთიანი ელექტრონული აღრიცხვის სისტემის საფუძველზე, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2013 წლიდან დანერგა.

მასალების გადაბეჭდვის წესი