ახალი ამბები

პრემიერი: შეურიგებელი ვიქნებით ყველას მიმართ, ვინც ჩართულია ხე-ტყის უკანონო ჭრაში

26 ივლისი, 2018 • 3286
პრემიერი: შეურიგებელი ვიქნებით ყველას მიმართ, ვინც ჩართულია ხე-ტყის უკანონო ჭრაში

“მინდა, ხაზგასმით განვაცხადო, რომ ჩვენ შეურიგებელი ვიქნებით ყველას მიმართ, ვინც ჩართულია ხე-ტყის უკანონო ჭრაში”, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ქვეყნის მასშტაბით 15 პირის დაკავებას, რომლებსაც ბრალად ედებათ ყალბი საგადასახადო დოკუმენტების გამოყენებით ხის მასალის უკანონო რეალიზაციას.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ამ საქმიანობისთვის ხელის დაფარების გამო დაისჯება ყველა, იმის მიუხედავად, თუ რა თანამდებობას იკავებენ ისინი:

„მინდა, კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ ჩვენ ძალიან პრინციპული ვიქნებით ამ უკანონობასთან ბრძოლაში და მინდა, მოვუწოდო ყველას, რა თანამდებობაზეც არ უნდა იყოს ეს პირი, თუ იქნება ვინმე, ვინც ხელს აფარებს ამ უმსგავსო საქციელს, ყველა ეს ადამიანი კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება. ამასთან დაკავშირებით უფრო დაწვრილებით განცხადებას გააკეთებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური“, – განაცხადა პრემიერმა.

ბახტაძემ ასევე განაცხადა, რომ მთავრობა ხე-ტყის უკანონო ჭრის პრობლემის გადასაჭრელად ქმედითი ნაბიჯების გადადგმას გეგმავს. ერთ-ერთი ასეთი ინიციატივა არის ხე-ტყის იმპორტის დღგ-სგან გათავისუფლება:

„როდესაც ჩვენ პრობლემის მოგვარებაზე ვსაუბრობთ, მხოლოდ ადმინისტრაციული  ღონისძიებები საკმარისი არ არის. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ხე-ტყის იმპორტი გათავისუფლდება დღგ-ისგან, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ხე-ტყის მოჭრას ექნება ნაკლები მოტივაცია. ამასთან ერთად, მნიშვნელოვანი შეზღუდვები დაწესდება საქართველოდან ე.წ მორისა და ფიცრის ექსპორტზე. რეგულაციები არის ძალიან ჯანსაღი და მნიშვნელოვანი იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, რაც დღეს გვაქვს.

დარწმუნებული ვარ, ეს რეგულაცია ჩვენ მომავალში საშალებას მოგვცემს, აღვადგინოთ მწვანე საფარი და დავაჩქაროთ ე.წ რეფორესტიზაციის, ანუ ტყის აღდგენის პროცესი. ამასთან ერთად, ჩვენ მივესალმებით ისეთ საწარმოებს, რომლებიც ქმნიან დამატებით ღირებულებას საქართველოში, მაგრამ თუ ვინმეს უნდა ხე-ტყის ჭრა და შემდეგ მისი მორად ან ფიცრად გაყიდვა, ასეთი ამბავი ვეღარ მოხდება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.


დღეს, 26 ივლისს, ხაიშსა და ჭუბერში ფინანსური პოლიცია შევიდა, რასაც მოსახლეობასთან დაპირისპირება მოჰყვა. საქმე ხე-ტყის შესაძლო უკანონო მოპოვებას ეხება, რაც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაგვიდასტურეს. ადგილობრივების ინფორმაციით, დაპირისპირების შემდეგ სვანეთში ასობით პოლიციელი შევიდა. შსს-ში განგვიცხადეს, რომ უსაფრთხოების მიზნით შეიყვანეს დამატებით პოლიციის ჯგუფები ორ სოფელში, თუმცა არავინ დაუკავებიათ.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში განგვიცხადეს, რომ გამოვლენილია ხე-ტყის მასშტაბური უკანონო მოპოვების ფაქტები, თუმცა დამატებით დეტალები ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია. საგამოძიებო სამსახური ამ საკითხზე დღის განმავლობაში, სავარაუდოდ, ბრიფინგს გამართავს.

ადგილობრივები უკმაყოფილებას გამოთქვამენ ხაიშსა და ჭუბერში ჩატარებული ოპერაციით. ხაიშის სკოლის მასწავლებელი და აქტივისტი, ზურაბ ნიჟარაძე აცხადებს, რომ ეკოლოგიის კუთხით მთავრობის პოლიტიკის საწინააღმდეგოდ განწყობილ სოფლებში სადამსჯელო რაზმები ჩააყენეს.

ამავე თემაზე: 

პოლიციამ ჭუბერელს იარაღი მიაბჯინა შუბლზე… გადავრჩით სისხლისღვრას – ზურაბ ნიჟარაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი