ახალი ამბები

“პასუხის მოლოდინში, გამოჩნდა სპეცრაზმი” – ჭუბერის მკვიდრი სვანეთში განვითარებულ მოვლენებზე

26 ივლისი, 2018 • 4742
“პასუხის მოლოდინში, გამოჩნდა სპეცრაზმი” – ჭუბერის მკვიდრი სვანეთში განვითარებულ მოვლენებზე

სვანეთში ვითარება ამ დრომდე დაძაბულია. სოფელ ხაიშში, სადაც მოსახლეობა ჭუბერსა და ხაიშში პოლიციის შესვლის გასაპროტესტებლად შეიკრიბა, სპეციალური დანიშნულების რაზმია მობილიზებული.

როგორც “ნეტგაზეთს” ჭუბერის მკვიდრმა გარი ჩხვიმიანმა განუცხადა, ადგილზე სპეცრაზმი მას შემდეგ გამოჩნდა, რაც ადამიანები სხვადასხვა სოფლებიდან ხაიშში გაემართნენ.

“[დილიდან] სამმართველოს უფროსი, სამხარეოს უფროსი და მთელი ძალოვანი სტრუქტურები იყვნენ. ნამდვილად მადლობას ვუხდი მათ, აბსოლუტურად ადამიანურად გაიზიარეს ჩვენი თხოვნა.

…ჩამოვედით ხაიშში და დეპუტატებთთან დარეკილი გვაქვს, ყველასთვის დარეკილი გვაქვს და ველით პასუხს, სვანები უნდა გადაგვაშენონ თუ აგვაშენონ. ამ პასუხის მოლოდინში, გამოჩნდა სპეცრაზმი.

სპეცრაზმის გამოჩენის შემდეგ სერიოზულ სისხლისღვრას გადავრჩით. უკვე აფეთქებაზე იყო ხალხი”.

ჩვენთან საუბრისას შსს-ს ცნობასაც შეეხო, რომლის მიხედვითაც პოლიციის ჯგუფები რაიონში ფინანსური პოლიციის უსაფრთხოებისათვის შეიყვანეს. ჩხვიმიანის თქმით, მოსახლეობას წინააღმდეგობა არ გაუწევია ფინანსური პოლიციისთვის:

“გუშინ მთელი დღე დავდიოდით და წყალდიდობის ზარალს ვითვლიდით. წუხელ საღამოს დავწექით დაღლილი, დღეს დილის ხუთ საათზე ვიღვიძებთ და პოლიციით არის სავსე ჭუბერი. რა ხდება, რა ამბავია, გვაინტერესებდა. ეს მოჰყვა პრემიერ-მინისტრ ბახტაძის ინტერვიუს, რომ სტიქია გამოიწვია უკანონო ხე-ტყის ჭრამ. არადა, იმ ადგილას, სადაც სტიქია მოხდა, შეშაც კი არავის მოაქვს.

…ღმერთმა დამწყევლოს, თუ ვტყუოდე: დილით ვიღვიძებ და პოლიციითაა სავსე სოფელი. მძინარე ხალხმა როგორ არ შემოუშვა სოფელში პოლიცია?! ასეულობით ეკიპაჟი იყო შემოსული. ხუთ საათზე ვინ იდგა ქუჩაში?! ფინანსური პოლიცია და ჩვეულებრივი პოლიცია ერთდროულად შემოვიდნენ და დამხმარე სპეცრაზმი აგერ, ხაიშში შემოვიდა”.

“ნეტგაზეთმა” ჭუბერის მკვიდრს სვანეთში ფინანსური პოლიციის შესვლის საბაბზე – ხე-ტყის შესაძლო უკანონო ჭრაზეც ჰკითხა. გარი ჩხვიმიანმა აღნიშნულის შესაძლებლობა გამორიცხა.

“რამდენიმე წელია, სვანეთ-სამეგრელოს გასაყარზე ფინანსური პოლიცია დგას, რათა უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყის გატანა შეზღუდოს. ამ პირობებში, ვის უნდა მოეჭრა ამდენი ხე?”, – გვითხრა მან.

გარი ჩხვიმიანის თქმით, მოსახლეობა ხაიშის ცენტრში მანამ დარჩება, სანამ ადგილზე პასუხისმგებელი პირები არ მივლენ და ვითარებას არ აუხსნიან.

“აქ დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვლენ პასუხისმგებელი პირები და არ აგვიხსნიან, რატომ ასეთი ფორმით. ასევე გაგვარკვიონ, როგორი იქნება ჩვენი მომავალი”.

გარი ჩხვიმიანმა ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ვიდეოც ატვირთა, სადაც სპეციალური დანიშნულების რაზმი და ადგილობრივები ჩანან, რომელთაც ხელში სხვადასხვა საგნები, მათ შორის, ჯოხები უჭირავთ.

  • დღეს, 26 ივლისს, ხაიშსა და ჭუბერში ფინანსური პოლიცია შევიდა, რასაც მოსახლეობასთან დაპირისპირება მოჰყვა. საქმე ხე-ტყის შესაძლო უკანონო მოპოვებას ეხება.
  • დაპირისპირების შემდეგ სვანეთში ასობით პოლიციელი შევიდა. შსს-ში განგვიცხადეს, რომ უსაფრთხოების მიზნით შეიყვანეს დამატებით პოლიციის ჯგუფები ორ სოფელში, თუმცა არავინ დაუკავებიათ.
  • ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან გვაცნობეს, რომ ამ დრომდე მიმდინარეობს ღონისძიება ჭუბერსა და ხაიშში ხე-ტყის უკანაონო მოპოვებასტან დაკავშირებით, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობა მათ კვლავ არ აძლევს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების საშუალებას.
  • ადგილობრივები საზოგადოებას, ხელისუფლებას, სახალხო დამცველს და დიპკორპუსს მოუწოდებენ, დაიცვან სვანეთი განუკითხაობისგან: “მოგვეცით ალტერნატიული განვითარების საშუალება ან დაგვცოხეთ და ამით დასრულდება ყველაფერი! დაგვაყენეთ საშველი, სანამ მთელი სვანეთი არ გამსკდარა დენთის კასრივით!”
  • ხაიშის მასწავლებლის თქმით, შელაპარაკების დროს ერთ-ერთმა პოლიციელმა იარაღი გადატენა და შუბლზე მიაბჯინა ადგილობრივს, რასაც მოსახლეობის გაღიზიანება მოჰყვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი