ახალი ამბები

თურქეთის “წითელი ნახევარმთვარე” საქართველოს “წითელ ჯვარს” რეგიონალურ საწყობს უკეთებს

25 ივლისი, 2018 • 4194
თურქეთის “წითელი ნახევარმთვარე” საქართველოს “წითელ ჯვარს” რეგიონალურ საწყობს უკეთებს

დღეს, 25 ივლისს, საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვია მსოფლიოს უდიდესი ჰუმანიტარული ქსელის, წითელი ჯვრის საერთაშორისო ფედერაციის ვიცეპრეზიდენტი, თურქეთის წითელი ნახევარმთვარის პრეზიდენტი ქემერ კინიკი.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს მთავრობის წევრებთან, რომლებიც განიხილავენ წითელი ჯვრის/ნახევარმთვარის ძირითად პოლიტიკას, აგრეთვე, წითელი ჯვრის რეგიონალური საწყობისა და ტრენინგცენტრის გახსნას საქართველოში და სხვა სამომავლო მიზნებს.

თურქეთის წითელი ნახევარმთვარის დელეგაციას, რომელსაც საერთაშორისო ფედერაციის ვიცეპრეზიდენტი კერემ კინიკი ხელმძღვანელობს, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ უმასპინძლა.

“საქართველოსთან ხანგრძლივი ურთიერთობა და ორმხრივი თანამშრომლობა გვაკავშირებს. ჩვენი მიზანია სტიქიური უბედურებისათვის მომზადება და ამიტომ ვიმყოფებით საქართველოში; ჩვენი ჯგუფი მუშაობს საწყობების საკითხზე, რომლებსაც შევავსებთ საჭირო ნივთებით,” – განაცხადა კერემ კინიკმა.

საქართველოს წითელი ჯვრის ეროვნული საზოგადოების პრეზიდენტის, ნათია ლოლაძის განცხადებით, სწორედ თურქეთის ნახევარმთვარე იყო ერთ-ერთი პირველი ორგანიზაცია, რომელიც 2008 წლის ომის და 2015 წლის წყალდიდობისას დროს დაეხმარა საქართველოს.

“მათ სურთ, რომ ჩვენი საწყობი გაარემონტონ, სადაც შევიტანთ კატასტროფების დროს საჭირო ყველა ნივთს, რომელსაც თურქეთის ჭითელი ნახევარმთვარე გადმოგვცემს. სამომავლოდ ვგეგმავთ, რომ ეს იყოს რეგიონალური საწყობი; თუ რეგიონში რამე მოხდება, სწორედ ამ საწყობიდან გავგზავნით დახმარებას სტიქიის ადგილებში. ეს გვაძლევს საშუალებას, რომ რეგიონში ჩვენი როლიც და დაფარვის არეალიც გავაფართოოთ.

თურქეთის წითელი ნახევარმთვარე გაგვიკეთებს ტრენინგცენტრსაც, თუმცა, პირველ რიგში, გაგვირემონტებს საწყობებს. მეორე ეტაპი იქნება დონორების ძებნა იმისთვის, რომ ჩვენ თვითონაც შევიძინოთ ნივთები. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი იმ მიზანს ემსახურება, რომ რეგიონალური კატასტროფის დროს შეგვეძლოს დახმარების გაგზავნა მეზობელ ქვეყნებში,” – განუცხადა ნეტგაზეთს ნათია ლოლაძემ.

წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ქერემ კინიკი და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი ნათია ლოლაძე. 25.07.2018. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება წითელი ჯვრის საერთაშორისო ფედერაციის წევრი 1997 წლიდანაა.

გასულ წელს, არსებობის ისტორიაში პირველად, ფედერაციის წევრი 190 ქვეყნის საზოგადოების წარმომადგენელმა მსოფლიოს უდიდესი ჰუმანიტარული ქსელის ოცკაციანი მმართველი საბჭოს წევრად საქართველოს ეროვნული საზოგადოების პრეზიდენტი ნათია ლოლაძე აირჩია.

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებაში 15 000 მოხალისეა გაწევრიანებული. ნათია ლოლაძის თქმით, ორგანიზაციის აქტიური მოხალისეა 2 500 ადამიანი, რომლებსაც ყველა საჭირო ტრენინგი აქვთ გავლილი, თუ როგორ უნდა იმუშაონ სხვადასხვა კატასტროფების დროს და როგორ აღმოუჩინონ დაშავებულებს პირველადი დახმარება.

წითელი ჯვრის საზოგადოება სისტემატიურად ატარებს სიმულაციურ ვარჯიშებს იმისთვის, რომ ორგანიზაციის მოხალისეებმა სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად კოორდინირებულად შეძლონ მუშაობა. მაგალითად, იხილეთ წითელი ჯვრისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სიმულაციური ვარჯიში ყვარელში:

მასალების გადაბეჭდვის წესი