ახალი ამბებისაზოგადოება

რატომ არ ლაპარაკობენ გიდები ოკუპაციაზე, სექსსა და რელიგიაზე

26 ივლისი, 2018 • 23256
რატომ არ ლაპარაკობენ გიდები ოკუპაციაზე, სექსსა და რელიგიაზე

„გიდები პოლიტიკაზე, სექსზე და რელიგიაზე არ ლაპარაკობენ“, – ასეთია ზოგადი სტანდარტი, რომლითაც საქართველოს სერტიფიცირებული გიდების ასოციაცია ხელმძღვანელობს.

საქართველოში მოქმედი გიდების ნაწილი კი ფიქრობს, რომ ტურისტებს, ოკუპაციაზეც უნდა ესაუბრონ.

რატომ და როგორ იწყება რუს ტურისტებთან ამ თემაზე საუბარი და რა სირთულეებს აწყდებიან ის გიდები, რომლებიც ოკუპაციას ახსენებენ? უნდა ელაპარაკო თუ არა და როგორ უნდა ელაპარაკო რუს ტურისტებს ოკუპაციაზე –  დისკუსია ამის შესახებ ფეისბუქზე ერთ-ერთ პროფესიულ ჯგუფში დაიწყო, სადაც გიდები არიან გაწევრიანებული. ლაშა ბერეკაშვილი, რომელმაც დისკუსია დაიწყო საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაციის ხელმძღვანელი, ტურისტული კომპანიის მფლობელი და გიდია. ხშირად ჰყავს რუსი ტურისტები.

„გიდების უმრავლესობა, ვინც გიდობას უწევს რუს ტურისტებს, ან საერთოდ არ საუბრობს ოკუპაციაზე ან მათ მოსმენილ ვერსიას მდუმარედ ხვდება. არის ცუდი გამონაკლისებიც, როცა მათ ეთანხმებიან. მაგრამ როდესაც გიდი იწყებს საუბარს ოკუპაციაზე, აუცილებლად მიმართავენ ტურისტულ კომპანიას და ითხოვენ, რომ ის კონკრეტული გიდი აღარ მოემსახუროს სხვა ტურისტებს. კომპანიაც იძულებულია აარჩიოს ისეთი, ვინც ამ თემას არ შეეხება. არ არსებობს ერთიანი მიდგომა გიდების მხრიდან, როგორ და რა დოზით უნდა ილაპარაკონ ოკუპაციის შესახებ. არც სახელმწიფოს, არც საქართველოს გიდების ასოციაციას ამ მიმართულებით ჯერ არაფერი აქვთ გაკეთებული,“ – ამბობს ლაშა ბერეკაშვილი.

ლაშა ბერეკაშვილი

მისი აზრით, უმჯობესია, თუკი ქვეყანაში შემოსული ტურისტი აეროპორტშივე მიიღებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველოს ტერიტორიების 20%-ი ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ასე ტურისტები შემზადებული იქნებიან და როდესაც გიდი ისტორიული ფაქტების მოყოლის დროს, ოკუპაციას, როგორც მომხდარ ფაქტს ისე ახსენებს, მათი რეაქცია შესაძლოა აღარ იყოს რადიკალური. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ყველა ტურისტული კომპანია საერთო სტანდარტით მიუდგეს და ქვეყანაში ძნელად მოიძებნოს გიდი, რომელიც თვალს დახუჭავს, ან არ ილაპარაკებს ოკუპაციის შესახებ.

„როდესაც თბილისიდან დასავლეთისკენ მომყავს  ტურისტები, ყოველთვის ვაჩერებ წეროვანთან. ტურისტებს ვუყვები, თუ რატომ ცხოვრობენ იქ ადამიანები. ვუყვები ფაქტებს, რა მოხდა და როგორ მოხდა. მეორე ადგილი, სადაც ოკუპაციაზე ვიწყებ საუბარს არის ენგურის კაშხალი. ვუყვები აფხაზეთზე და რუსეთის როლზე მის დაკარგვაში. ვერ ვიტყვი, რომ კონფლიქტური სიტუაცია შემქმნოდა ამის გამო. მიწოდების ფორმასაც გააჩნია, რას როგორ ეტყვი. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, გიდებს სჭირდებათ გადამზადება და სემინარების ჩატარება, რომ ტურისტებთან ოკუპაციის თემაზე სწორად იმუშაონ. ჩვენი ერთ-ერთი საინფორმაციო ინსტრუმენტი შეიძლება ის გიდები იყვნენ, ვინც მათ მასპინძლობას უწევენ ჩვენს ქვეყანაში. ჩვენი „იარაღი“ არის  საინფორმაციო ომი და ძალიან კარგი საშუალებაა ტურიზმი ამისათვის.  როდესაც ამდენი ადამიანი იმ ქვეყნიდან შემოდის შენს ქვეყანაში, რომელიც ოკუპაციას ახორციელებს, მნიშვნელოვანია სწორი მესიჯების გადაეცეს ამ ხალხს. სწორედ ამას სჭირდება ცალკე გადამზადება და სწორი ფორმულირება, ერთ ხმაში საუბარი,“ – ამბობს ლაშა ბერეკაშვილი.

ლაშა ბერეკაშვილი იხსენებს ფაქტს, რომელიც მის მეგობარს შეემთხვა.„რუსი ტურისტები აქ ჩამოდიან მრავალწლიანი პროპაგანდით გაბრუებულები და როდესაც ჩვენგან რეალობას ისმენენ, მიუღებელიც არის (ასე თვლიან თვითონ) და არასასიამოვნოც. ჩემს უახლოეს მეგობარს ოკუპაციის შესახებ ინფორმაციის მიწოდების შემდეგ ერთი ტურისტი დაუპირისპირდა რუსეთიდან და უთხრა, რომ გაზეთში დაუწერდა მას ძალიან ცუდ გამოხმაურებას და ის სამსახურს დაკარგავდა. ისინი ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში ცხოვრობენ –  წარმოუდგენიათ, რომ რუსეთში თუ რამეს დაწერენ საქართველოში მომუშავე გიდზე, ამით გიდი დაკარგავს სამსახურს,“ – ამბობს ლაშა ბერეკაშვილი.

ისტორიკოსი ლელა გიორგაძე წლებია გიდად მუშაობს და წლის მანძილზე სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეს ხვდება. თუმცა რუს ტურისტებს ის პრინციპულად აღარ ემსახურება.

“გიდობა ასევე არის დიპლომატიის ნაწილი და ჩვენ, გიდები მნიშვნელოვანად ვქმნით ჩვენი ქვეყნის იმიჯს. თითოეული ჩვენი ქცევა თუ ღირებულებებისადმი დამოკიდებულება ვრცელდება და ზოგადდება მთელს ერზე. შესაბამისად, საჭიროა შეჯერება იმაზე, თუ რა ფორმით იქნება მიწოდებული ინფორმაცია ოკუპაციის თემაზე, რომ არ იფიქრონ,  ქართველები მოგვტირიანო,“ – ამბობს ლელა.

მისი თქმით, ძალიან ხშირად გაცილებით დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორ აწვდი სათქმელს ტურისტს და არა იმას, თუ რას ამბობ:- „უნდა მოვყვეთ არა ზიზღით, არა „ბაბაიას“ ძახილით, არამედ  ემოციებისგან დაცლილი ისტორიული ფაქტები”:

„ოკუპაციაზე საუბარი იწყება თბილისში, ტურის დროს. არ აქვს მნიშვნელობა ვისთან ვატარებ ამ ტურს რუსებთან თუ სხვებთან. როცა ყვები თბილისის ისტორიას, ყველა ვარიანტში ეხები ოკუპაციას, რაც კი ისტორიის მანძილზე მომხდარა, რადგან ყველა დამპყრობელი მოდიოდა დედაქალაქისკენ. საუბრისას აუცილებლად ვახსენებ პირველ ოკუპაციას, ანუ 1801 წელს რუსების შემოსვლას საქართველოში. თბილისი უამრავჯერ იყო მიწასთან გასწორებული და აღდგენილი, ბოლო მიწასთან გასწორება ეს იყო აღა-მაჰმად ხანის პერიოდში 1795 წელს. ესეც გამოწვეული იყო იმით, რომ საქართველომ მხარი დაუჭირა რუსეთს – განარისხა  ირანი, რომელმაც სადამსჯელო ლაშქრობა მოაწყო საქართველოსთვის ჭკუის სასწავლებლად. ამ პერიოდში გეორგიევსკის ტრაქტატი უკვე გაფორმებული იყო… დღემდე დღიდან ხელმოწერისა არცერთი პუნქტი არ შესრულებულა რუსეთის მხრიდან. მათ შორის არც აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის დროს იმიტომ, რომ 1783 წელს ტრაქტატს მოეწერა ხელი და 1795 წელს შემოესია აღა-მაჰმად -ხანი. მისი ლაშქრობიდან ზუსტად ექვს წელიწადში რუსები შემოვიდნენ განმანათლებლის მანტიით. ამ დროს უკვე ადვილი იყო დასაპყრობად საქართველო, თბილისში ქვა-ქვაზე აღარ იდგა… ამას მე ვყვები როგორც ისტორიულ ფაქტს. ამას ვუყვები ნებისმიერს, რუსი იქნება, არაბი იქნება, ევროპელი იქნება თუ ამერიკელი“, – ამბობს ლელა გიორგაძე.

ლელა გიორგაძე განმარტავს, თუ რატომ თქვა უარი რუსი ტურისტებისთვის გიდობის გაწევაზე.

„მყოლია ძალიან მაღალი დონის ტურისტები, VIP ტურისტს რომ ეძახიან, რომლებსაც ცხრა დღე ვემსახურებოდი და მაგის მერე გადავწყიტე, აღარასოდეს რუსებთან აღარ დამეჭირა ურთიერთობა. მსაყვედურობდნენ – საქართველო რომ არსებობს საერთოდ, რუსეთის დამსახურებაა და რომ ჩვენი კულტურა მანამდე არ არსებობდა. ჩემ შემთხვევაში ეგ იყო ბოლო წვეთი, რის გამოც ვთქვი უარი“.

ლელა გიორგაძის აზრით, მოვიდა დრო, როდესაც საქართველომ უნდა გაარღვიოს ე.წ. ტურისტული სამეზობლო წრე და რადგან ქვეყანას დიდი პოტენციალი აქვს, გახდეს ექსკლუზიური ადგილი ტურისტებისთვის.

ლელას თქმით, გიდების ასოციაცია საქართველოში იმიტომაც შეიქმნა, რომ ყველას საერთო მესიჯი ჰქონოდა.

საქართველოს სერტიფიცირებული გიდების ასოციაციის ხელმძღვანელის, გიორგი დარციმელიას თქმით კი, „გიდის სტანდარტი არის ის, რომ პოლიტიკაზე, სექსზე და რელიგიაზე არ ლაპარაკობენ. მაგრამ რაც  შეეხება რაღაცა ფორმით უნდა ითქვას, ეს ფორმულირება არის მოსაფიქრებელი, რანაირად უნდა მოხდეს“.

„ნაკლებად შემხვედრია ისეთი რუსი ტურისტი, რომელიც საუბრობს პოლიტიკაზე. თუ გიდი არის კვალიფიციური, იცის, რომ პოლიტიკური საკითხები მაქსიმალურად უნდა აირიდოს. თუმცა ხდება, რომ საუბრებში მაინც ეხებიან ამას“, – ამბობს გიორგი დარციმელია.

კითხვაზე, თუ რა ფორმით უნდა მიეწოდოს ტურისტს ინფორმაცია ოკუპაციის შესახებ, დარციმელია პასუხობს:

„ზოგადად ვაპირებთ შევარჩიოთ საკითხები, რომელიც მნიშვნელოვანია და ინფორმაციის მიწოდების კორექტულ ფორმებზე შევთანხმდეთ. მივყვეთ ისტორიულ ფაქტებს, მაგრამ მინიმალურად გამოვიყენოთ რაღაც ტერმინები. მაგალითად, შესაძლოა სიტყვა „ოკუპაციაც“ ავირიდოთ, რომ არ გამოიწვიოს დისკუსია. თუმცა ფაქტი ალბათ ფაქტად რჩება და მისი მიწოდება იქნება აუცილებელი და მიზანშეწონილი.

გიდის საქმეა მოყვეს ქვეყნის შესახებ, აჩვენოს კონკრეტული ადგილები და მისცეს რეკომენდაცია, რაზეც შეიძლება კითხვები ჰქონდეთ, სად რა იყიდონ  და ასე შემდეგ.

ჩვენი ამოცანა არ არის, რომ პროპაგანდისტული მუშაობა ჩავატაროთ და დავარწმუნოთ რუსეთის მოქალაქეები, რომ მათი ხელისუფლება არასწორად და  უსამართლოდ მოექცა საქართველოს. ეს მათ უნდა დავუტოვოთ და თვითონ გააკეთონ დასკვნები.“

გიდი თავისუფალი პროფესიაა. საქართველოში გიდების სამი ასოციაციაა –  ახალგაზრდა გიდების ასოციაცია, სერტიფიცირებული გიდების ასოციაცია და საქართველოს გიდების ასოციაცია. ასოციაციები ატარებენ ტრენინგებს გიდების გადასამზადებლად. სტატიაზე მუშაობის დროს „ბათუმელებმა“ სცადა საქართველოს გიდების ასოციაციის ხელმძღვანელთან, ქეთი მელაძესთანაც ჩაეწერა ინტერვიუ, თუმცა უშედეგოდ.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ორი წელია გიდების გადამზადების პროგრამას აფინანსებს. ამ ხნის მანძილზე 160-მდე გიდი გადამზადდა. დეპარტამენტის უფროსის პირველი მოადგილე, თამარ კაიკაციშვილი ამბობს რომ გადამზადების დროს, ტრენერები მომავალ გიდებს მითითებებს არ აძლევენ თუ როგორ უნდა ილაპარაკონ ოკუპაციის თემის შესახებ.

„პოლიტიკური თემა  და კონკრეტულად რუსეთის მიერ ოკუპაცია, ასე გამოკვეთილად არ გვაქვს, მაგრამ ყველა გიდს აქვს ასეთი დაუწერელი კანონი – როდესაც ტურისტი ინტერესდება  და დამატებით კითხვას სვამს, ოკუპაციის კი არა, ზოგადად პოლიტიკური თემის შესახებ, გიდები ამ თემას სხვებთან ერთად არ განიხილავენ. ტურისტს ეუბნებიან, რომ ეს არის ცალკე საუბრის თემა და თუკი ის ისურვებს ცალკე შეუძლია ამის შესახებ მიაწოდონ ინფორმაცია. ოღონდ ეს იქნება ინფორმაციის დონეზე მიწოდებული მშრალი მასალა. გიდი  თავს შეიკავებს პოზიციის დაფიქსირებისგან, იმიტომ რომ გიდი არის ნეიტრალური ადამიანი, რომელიც თავის კულტურას, ისტორიას, ღირსშესანიშნაობას აცნობს არა მარტო რუსებს, არამედ ყველა ეროვნების ტურისტს,“ – ამბობს თამარ კაიკაციშვილი.

მისივე თქმით,  დეპარტამენტისთვის საინტერესოა ის საკითხი, თუ როგორ, რა ფორმით უნდა მიეწოდოს ინფორმაცია ტურისტს ოკუპაციის შესახებ. ის, თემით დაინტერესებულ ყველა გიდს, სათანამშრომლოდ იწვევს.

„მომხრე ვარ ამ საკითხზე გიდებთან დისკუსია გავშალოთ. საბოლოოდ რაღაცა ერთობლივი პოზიცია გვექნება,” – ამბობს თამარ კაიკაციშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი