ახალი ამბები

თვითმფრინავში შვედი სტუდენტის პროტესტმა თავშესაფრის მაძიებლის დეპორტაციას ხელი შეუშალა

25 ივლისი, 2018 • 35018
თვითმფრინავში შვედი სტუდენტის პროტესტმა თავშესაფრის მაძიებლის დეპორტაციას ხელი შეუშალა

შვედმა სტუდენტმა შვედეთის ქალაქ გოტენბერგში ავღანელი თავშესაფრის მაძიებლის დეპორტაციას ხელი შეუშალა. ინფორმაციას ამის შესახებ   The Guardian ავრცელებს.

ელინ ერსონმა, რომელიც გოტენბერგის უნივერსიტეტის სტუდენტი და სამოქალაქო აქტივისტია, რეისზე ბილეთი განგებ შეიძინა, რათა დეპორტაციის პროცესისთვის შეეშალა ხელი. თვითმფრინავში ასვლის შემდეგ კი განაცხადა, რომ საკუთარ ადგილს იქამდე არ დაიკავებდა, სანამ ამ ადამიანს თვითმფრინავიდან არ ჩაიყვანდნენ.

ერსონის განაცხადმა მგზავრთა ნაწილის სიმპათია გამოიწვია, ნაწილი კი დაუპირისპირდა:

„არ მინდა ადამიანს სიცოცხლე წაართვან მხოლოდ იმიტომ, თქვენ რომ რეისი არ გამოტოვოთ. არ დავჯდები, სანამ ამ პირს თვითმფრინავიდან არ ჩაიყვანენ”, – თქვა ერსონმა ფეისბუკის პირდაპირ ეთერში, რომელიც თვითმფრინავში ასვლისას ჩართო.

 

Deportation from Gothenburg to Afghanistan

Posted by Elin Ersson on Monday, 23 July 2018

ბორტგამცილებლები ერსონს ვიდეოგადაღების შეწყვეტისკენ მოუწოდებდნენ:

„მე ყველაფერს ვაკეთებ რაც შემიძლია, ადამიანის სიცოცხლე რომ გადავარჩინო. სანამ ადამიანი ფეხზე დგას, პილოტს აფრენა არ შეუძლია. მე მხოლოდ მინდა დეპორტაცია შეწყდეს ყველაფერი კანონის ფარგლებშია, მე დანაშაულს არ ჩავდივარ” – ამბობს ერსონი.

ამის შემდეგ ერთ-ერთი მგზავრი, რომელიც ინგლისელი აღმოჩნდა, შეეცადა ერსონისთვის ტელეფონი წაერთმია მან კი უპასუხა:

„რა უფრო მნიშვნელოვანია, სიცოცხლე თუ თქვენი დრო? მე მინდა ის თვითმფრინავიდან ჩაიყვანონ, რადგან ავღანეთში უსაფრთხოდ არ იქნება. ვცდილობ ჩემი ქვეყნის კანონები შევცვალო რადგან ისინი არ მომწონს, არასწორია ადამიანების ჯოჯოხეთში გაგზავნა” – ამბობს ერსონი.

თვითმფრინავში დაძაბული სიტუაციის ფონზე, აეროპორტის ადმინისტრაციამ უარი თქვა ერსონის ბორტიდან ძალის გამოყენებით ჩამოყვანაზე და მისი მოთხოვნის შესაბამისად, თავშესაფრის მაძიებელს თვითმფრინავი დაატოვებინეს, რასაც მგზავრების აპლოდისმენტები მოჰყვა.

თავშესაფრის მაძიებელთა თემა შვედეთში დისკუსიის საგანია. მოქმედი მთავრობა მხარს უჭერს თავშესაფრის მაძიებელთა ქვეყნიდან დეპორტაციას. სექტემბერში კი შვედეთში არჩევნებია დაგეგმილი. პარტიების საარჩევნო პროგრამები მეტწილად თავშესაფრის მაძიებელთა საკითხზეა კონცენტრირებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი