ახალი ამბები

იაროსლავლის ციხეში პატიმრის წამების საქმეზე ორ პირს პატიმრობა შეეფარდა

25 ივლისი, 2018 • 1293
იაროსლავლის ციხეში პატიმრის წამების საქმეზე ორ პირს პატიმრობა შეეფარდა

რუსეთში, იაროსლავლის ციხეში პატიმრის წამების საქმეზე სასამართლომ დღეს, 25 ივლისს, 2 პირს პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ რუსული გამოცემა RIA წერს.

გამოცემის თანახმად, ერთ-ერთი მათგანი უმცროსი ინსპექტორი სერგეი დრაჩევია. დრაჩევი პირველია, რომელიც აღნიშნულ საქმეზე სამართალდამცველებმა დააკავეს. რაც შეეხება მეორე პირს, უფროს ინსპექტორ მაქსიმ იაბლოკოვს, მან დანაშაული აღიარა. იაბლოკოვის ადვოკატებმა სასამართლოს მიმართეს შინაპატიმრობის შუამდგომლობით, თუმცა სასამართლომ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

სასამართლოს თქმითვე, სერგეი დრაჩევმაც ისაუბრა დანაშაულში თანამონაწილეობაზე, თუმცა აღიარებითი წერილი არ დაუწერია.

ციხის წამების საქმეზე სულ 6 ადამიანია დაკავებული, მათგან 5 პირის სასამართლო პროცესი დღეს უნდა გაიმართოს.


“ნოვაია გაზეტამ” 23 ივლისს გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც იაროსლავლის ციხეში პატიმრის წამებას ასახავს. პატიმარს ციხის თანამშრომლები ფიზიკურად უსწორდებიან. გამოცემის ცნობით, ვიდეოჩანაწერი ჟურნალისტებს “საზოგადოებრივი ვერდიქტის” ადვოკატებმა მიაწოდეს. სწორედ ისინი იცავენ სამართლებრივად მსხვერპლს. მედიასაშუალების ცნობით, პატიმრის, ევგენი მაკაროვის დასჯის მიზეზი გახდა მის მიერ ციხის მცველების სიტყვიერი შეურაცხყოფა, რასაც წინ უძღოდა მცველების მიერ პატიმრის დედის წერილის ძირს დაგდება.

გაფრთხილება: ვიდეო შეიცავს არაადამიანური მოპყრობის ფაქტს.

მასალების გადაბეჭდვის წესი