ახალი ამბები

აქცია პარლამენტთან ხუდონჰესის წინააღმდეგ

18 თებერვალი, 2014 • • 1387
აქცია პარლამენტთან ხუდონჰესის წინააღმდეგ

აქციის მონაწილეები პარლამენტისგან მოითხოვენ, 2014 წლის 1 მარტამდე მიიღოს შესაბამისი სამართლებრივი აქტი ოფიციალური საკანონმდებლო დოკუმენტის სახით და კანონის საფუძველზე ერთხელ და სამუდამოდ აკრძალოს ხუდონჰესის მშენებლობა.


ისინი ასევე მოითხოვენ, რომ 2014 წლის მარტის ბოლომდე პარლამენტმა მიიღოს შესაბამისი კანონი საქართველოს ბუნებისა და ეკოლოგიური დაცვის შესახებ და კანონის ძალით ერთხელ და სამუდამოდ აკრძალოს გიგანტური ჰესებისა და “ბუნების დამანგრეველი სხვა ფართომასშტაბიანი მშენებლობები”.

„აქვე დავსძენთ, რომ ჩვენი ეს დამოკიდებულება არის ჩვენი პრინციპული და ურყევი ნება, რომელიც არანაირ ცვლილებასა და გადასინჯვას არ ექვემდებარება. ჩვენ ცამდის მართალნი ვართ უზენაესი ღმერთისა და ერის წინაშე და არაფერი გვაქვს ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხში დასათმობი და შესაცვლელი,“ – აღნიშნულია განცხადებაში.

 

აქციის ერთ-ერთი მონაწილე ნუგზარ ტყემალაძე ამბობს, რომ ხუდონჰესი ზემო სვანეთზე დამღუპველად იმოქმედებს:

 

„მიუღებელია ახალი ჰესების მშენებლობა იმიტომ, რომ ეს დამღუპველად იმოქმედებს ჩვენს ეკოლოგიაზე და მოსახლეობაზე ზემო სვანეთში. უნდა მოხდეს კვლევების და საზოგადოებრივი განწყობების გათვალისწინება, რადგან არანაირად არ შეიძლება ჰესების მშენებლობა. ქვეყანას აქვს საკმარისი ელექტროენერგია და ის ხალხს უნდა მოხმარდეს. საჭირო არაა დამატებითი ჰესების მშენებლობა. უკიდურეს შემთხვევაში, არსებობს ალტერნატივები და ეს ქარისა და მზის ენერგიაა, რომელიც მსოფლიოში ფართოდ არის გავრცცელებული. ამ ჰესების მშენებლობა საბჭოთა კავშირის დროს იყო დაგეგმილი და მაშინ ვერ მოხერხდა. მით უმეტეს, დღეს, როდესაც ე.წ. დემოკრატიის გზას ვადგავართ, ეს სრულიად მიუღებელია.“

მასალების გადაბეჭდვის წესი