ახალი ამბები

ბახტაძე VS კვირიკაშვილი – ვისი დამსახურებაა 7.5%-იანი ზრდა ივანიშვილის მიხედვით

25 ივლისი, 2018 • 1882
ბახტაძე VS კვირიკაშვილი – ვისი დამსახურებაა 7.5%-იანი ზრდა ივანიშვილის მიხედვით

ბიძინა ივანიშვილის თქმით, გიორგი კვირიკაშვილს განსაკუთრებული წვლილი არ მიუძღვის მიმდინარე წლის მაისში ეკონომიკის 7.5%-ით ზრდაში.

“პირველ არხზე”, გადაცემა “აქტუალური თემის” წამყვანმა მაკა ცინცაძემ “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს” ჰკითხა, რატომ გადადგა კვირიკაშვილი ეკონომიკური ზრდის ფონზე. საპასუხოდ ივანიშვილმა აღნიშნულის შესაძლო მიზეზებზე, მათ შორის ჩინეთთან გაფორმებულ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე ისაუბრა და თქვა, რომ პროცესებში მნიშვნელოვანი როლი არა კვირიკაშვილმა, არამედ ამჟამინდელმა პრემიერმა  მამუკა ბახტაძემ ითამაშა.

“დიახ, ბევრი ოპონენტი ამას ახსენებს, რომ მაისში იყო 7.5%-იანი ეკონომიკური ზრდა და რამდენად შეიძლება, რომ პრემიერ-მინისტრმა ასეთი საოცრება მოახდინა და ამ დროს ის გადადგა. რა თქმა უნდა, ბევრი ოპონენტი ცდილობს, რომ ეს მომაწეროს მე…

რაც შეეხება ზრდას:  ყველასთვის სასიამოვნოა. მაგის მიზეზებს მოკლედ ჩამოვთვლი. პირველი შეიძლება იყოს ის, რომ ევროკავშირთან თავისუფალმა ვაჭრობამ თავისი ეფექტი მოახდინა, ევროკავშირი ჩვენი ძირითადი სავაჭრო პარტნიორი გახდა. მეორე შეიძლება დავასახელო, რომ ამავდროულად ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმში შევედით.

კვირიკაშვილის განსაკუთრებული დამსახურება არც ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობის პროცესშია განსაკუთრებული(თუმცა მას თავისი წვლილი ჰქონდა) დ,ა მით უმეტეს, ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმში გადასვლაში კვირიკაშვილს არანაირი განსაკუთრებული წვლილი არ აქვს. მეტსაც გეტყვით: თუ ვინმეს აქვს განსაკუთრებული წვლილი, ისევ ბახტაძე შემიძლია გავიხსენო. მაშინ, როდესაც რკინიგზას კურირებდა და იმის შემდეგაც, როდესაც ფინანსთა მინისტრი გახდა. თუ ვინმეს როლს განსაკუთრებით დავასახელებდით, ბახტაძისაა და არა კვირიკაშვილის”, – თქვა ივანიშვილმა.

საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება 2017 წლის 13 მაისს გაფორმდა. დოკუმენტს ხელი საქართველოს მაშინდელმა ეკონომიკის მინისტრმა გიორგი გახარიამ და ჩინეთის კომერციის მინისტრებმა მოაწერეს. ამ პერიოდში მამუკა ბახტაძე “საქართველოს რკინიგზის” გენერალური დირექტორი იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი