ახალი ამბები

ვის აყენებს შეურაცხყოფას საზოგადოებრივი მაუწყებლის პროდიუსერი

24 ივლისი, 2018 • 9057
ვის აყენებს შეურაცხყოფას საზოგადოებრივი მაუწყებლის პროდიუსერი

მას შემდეგ, რაც ონლაინ-გამოცემა ლიბერალმა საზოგადოებრივი მაუწყებელის მიერ, ბიძინა ივანიშვილის გამო, მაკა ცინცაძის გადაცემის ფორმატის შეცვლასთან დაკავშირებით მასალა გამოაქვეყნა, ტელეარხის პროდიუსერმა, ეკა შონიამ ოპონენტების კრიტიკას უპასუხა ფეკალიის ემოციით.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებ-რედაქტორის, ირინა დეკანოიძის ფეისბუკის პოსტის ქვეშ დაწერილი კომენტარის გამო ლიბერალის რედაქტორმა, ზურა ვარდიაშვილმა პირველი არხის პროდიუსერს უზრდელი უწოდა:

საზოგადოებრივი მაუწყებლის პროდიუსერის, ეკა შონიას სიმბოლო და ლიბერალის რედაქტორების, ლიკა ზაკაშვილისა და ზურა ვარდიაშვილის პასუხი

ნეტგაზეთი ეკა შონიასთან დაკავშირებას შეეცადა. მან მოკლე ტექსტური შეტყობინებებით გვიპასუხა კითხვებზე და განაცხადა, რომ ლიბერალის ან ამ გამოცემის ჟურნალისტის მიმართ არ დაუწერია ფეკალიის სიმბოლო:

“სადმე არის ლიბერალი ან ლიბერალის ჟურნალისტი ნახსენები? ან საერთოდ ჟურნალისტი? ან ლიბერალი? თემის აწევა გინდათ, აწიეთ, წარმატებას გისურვებთ. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს.

ლიბერალი რატომ უნდა მეგულისხმა? რა დამსახურებისთვის? მართლა ვერ გავიგე. რაც შეეხება, ვის ვგულისხმობდი, არ მგონია, თქვენი ან, მით უმეტეს, ლიბერალის საქმე იყოს… კარგად იყავით”, – მოგვწერა საზოგადოებრივი მაუწყებლის პროდიუსერმა.

  • ლიბერალის ინფორმაციით, ივანიშვილთან ინტერვიუს გამო, მაკა ცინცაძის გადაცემის ფორმატი შეიცვალა. კერძოდ, წამყვანი გადაცემის სტუმარს ტელევიზიის სტუდიის ნაცვლად, მის სახლში, შეკვეთილში ჩაწერს. ამასთან, როგორც ლიბერალი წერს, მაკა ცინცაძის თოქშოუ, რომელიც ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით გადის ეთერში, არ გასულა გუშინ (23 ივნისს) და, სავარაუდოდ, არ გავა ოთხშაბათსა და ხუთშაბათს. სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით დაუკავშირდა საზოგადობრივ მაუწყებელს ლიბერალის ჟურნალისტი კითხვით,  თუ რატომ შეიცვალა პირველმა არხმა მაკა ცინცაძის გადაცემის ფორმატი.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ეკა შონია საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის შესახებ კრიტიკული შეფასებების გამო სოციალურ ქსელში ჟურნალისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეურაცხმყოფელ კონტექსტში მოიხსენიებს.

არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის გეგმის შესახებ კრიტიკული შეფასების შემდეგ ეკა შონიამ ასევე ფეკალიის სიმბოლო გამოხატა სოციალურ ქსელში.

ეკა შონია არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ

ეკა შონია საზოგადოებრივ მაუწყებელში 2017 წლის მარტიდან მუშაობს. მანამდე  ივანიშვილის ოჯახის მიერ დაფუძნებულ ტელეკომპანია GDS-ში საქმიანობდა. შონიასთან ერთად, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ბერა ივანიშვილის ტელეკომპანიის ოცზე მეტი ჟურნალისტი და პროდიუსერი დაასაქმა, მათ შორის, მაკა ცინცაძეც.

საზოგადოებრივი მაუწყებლის საბიუჯეტო დაფინანსებამ 2018 წლისთვის 50 მილიონ ლარს მიაღწია.

მასალების გადაბეჭდვის წესი