ახალი ამბები

სად სწავლობენ ლავროვის, პესკოვისა და სხვა რუსი მაღალჩინოსნების შვილები

25 ივლისი, 2018 • 23070
სად სწავლობენ ლავროვის, პესკოვისა და სხვა რუსი მაღალჩინოსნების შვილები

რუსეთის პროპაგანდა დასავლეთის “გარყვნილ” სურათს ხატავს, რომელიც ტრადიციებს, ეროვნულ ღირებულებს ებრძვის, ამავდროულად კი, რუსეთის პოლიტიკური ელიტა საკუთარი შვილებისა და ოჯახის წევრებისთვის განათლების მისაღებად, სამოგზაუროდ თუ საცხოვრებლად,სწორედ ევროპის ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს ირჩევს.

  • ელიზავეტა (ლიზა) პესკოვა – ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის შვილი

20 წლის ლიზა პესკოვა დედასთან და ორ უმცროს ძმასთან ერთად წლებია საფრანგეთში ცხოვრობს. 2016 წელს პრესტიჟული ლიცეუმი École des Roches დაასრულა. როგორც “რადიო თავისუფლება” წერს, დმიტრი პესკოვი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს მისი შვილის გადაწყვეტილების გამო, იცხოვროს და ისწავლოს საფრანგეთში. პესკოვმა არა მხოლოდ ოპოზიციის, არამედ პუტინის მომხრეების კრიტიკაც დაიმსახურა.

ამ მხრივ განსაკუთრებით აქტიურობდა ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი. მისი თქმით, რუსეთის მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც ანტიდასავლური განცხადებებით გამოირჩევიან, თავიანთი შვილებისთვის განათლების მისაღებად სწორედ დასავლეთს ირჩევენ.

“ჩემი თაობის სხვა წარმომადგენლების მსგავსად, მე მსოფლიოს მოქალაქე ვარ და ამიტომ გაკვირვებული ვარ, როდესაც ამბობენ, რომ მე მაინცდამაინც რუსეთში უნდა ვიცხოვრო. ძალიან კარგად მახსოვს ის დრო, როცა ჩვენს ოჯახს არ ჰქონდა ფინანსური შესაძლებლობა, მაგრამ არ გვშურდა ჩვენზე წარმატებული და მდიდარი ხალხის”, – ასე იმართლებს თავს თავად ლიზა პესკოვა, რომელიც პარიზის უნივერსიტეტში ჩაბარებას აპირებს. 

  • ეკატერინა ლავროვა – რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილი

ეკატერინა ლავროვა  1983 წელს აშშ-ში დაიბადა. იმ დროს მამამისი სერგეი ლავროვი გაეროში საბჭოთა კავშირის მუდმივმოქმედი წარმომადგენლობის წევრი იყო. ეკატერინამ ნიუ-იორკში პრესტიჟლი სკოლა The Dwight School დაამთავრა, ხოლო უმაღლესი განათლება კოლუმბიის უნივერსიტეტში მიიღო, სადაც პოლიტიკის მეცნიერებებს სწავლობდა. მაგისტრის ხარისხი კი დიდ ბრიტანეთში, ლონდონის ეკონომიკის სკოლაში მიიღო.

ეკატერინა ლავროვა საბოლოოდ რუსეთში დაბრუნდა. ის კერძო კომპანიას ფლობს, რომელიც თანამედროვე ხელოვნებასთანაა დაკავშირებული.

  • ანასტასია ჟელეზნიაკი – რუსეთის დუმის ვიცესპიკერის, სერგეი ჟელეზნიაკის შვილი. ჟელეზნიაკი ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული პირია

ანასტასია ჟელეზნიაკმა განათლება ჯერ შვეიცარიაში, შვეიცარიის ამერიკულ უნივერსიტეტში მიიღო, შემდეგ სწავლა ბრიტანეთში, დედოფალ მერის სახელობის ლონდონის უნივერსიტეტში განაგრძო საერთაშორისი ურთიერთობების მიმართულებით. საბოლოოდ კი მაგისტრის ხარისხკი Kings’s College London-ში მიიღო.

ალექსანდრა ჟელეზნიაკი BBC-ის სტუდიის პროდაქშენზე მუშაობდა, თუმცა ბრიტანეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა იგი გაათავისუფლა. BBC-ის განმარტებით, ალექსანდრა ჟელეზნიაკი მათთან ფრილანსერის სტატუსით თანამშრომლობდა.

სერგეი ჟელეზნიაკმა ბრიტანული მედიის ყურადღება მას შემდეგ მიიპყრო, რაც მამა-შვილი სკრიპალების ნოვიჩოკით მოწამვლის შესახებ გახდა ცნობილი და ამაში ბრიტანეთის მთავრობამ რუსეთი დაადანაშაულა. სერგეი ჟელეზნიაკი ამბობდა, რომ სკრიპალები ბრიტანეთის ხელისუფლებამ მოწამლა და ამგვარად სცადა რუსეთის დისკრედიტაცია ფეხბურთის მსფლიო ჩემპიონატის წინ. ჟელეზნიაკი ნარკოტიკებით მოწამვლის ვერსიას ავითარებდა.

სერგეი ჟელეზნიაკის შუათანა შვილი ელიზავეტაც ლონდონში ცხოვრობს, იგი ილუსტრატორია. დის მსგავსად, მანაც მალვერნის ძვირადღირებული კოლეჯი დაამთავრა.

  • ნიკოლაი მიზულინი – რუსეთის დუმაში ქალების, ოჯახისა და ბავშვთა საკითხების  კომიტეტის თავმჯდომარის, ელენა მიზულინას შვილი

ნიკოლაი მიზულინმა ბაკალავრის ხარისხი რუსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო, თუმცა სამართალში მაგისტრის ხარისხის მისაღებად დიდ ბრიტანეთში, ოქსფორდის უნივერსიტეტში წავიდა.

ნიკოლაი მიზულინი ბელგიაში ცხოვრობს. სხვადასხვა დროს სხვადასხვა კომპანიისთვის მუშაობდა, მათ შორისაა კომპანია “Mayer Brown”, რომელიც ლგბტ თემის ღია მხარდამჭერია.

ელენა მიზულინა კი მკვეთრად ჰომოფობიური ინიციატივებით გამოირჩევა. მისი ინიციატივების ჩამონათვალშია ბავშვებში ლგბტ პროპაგანდის, რუსეთის მოქალაქე ბავშვების ამერიკელი ოჯახებისთვის მიშვილებისა  და ერთნაირსქესიანი წყვილებისთვის შვილის აყვანის უფლების აკრძალვა. ელენა მიზულინას ჰომოფობიურ დამოკიდებულებაზე და მისი შვილის სამუშაო ადგილის ღირებულებით შეუთავსებლობაზე “რადიო თავისუფლებამ” მოამზადა მასალა.

  • იგორ იაკუნინი – რუსეთის რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელის, ვლადიმირ იაკუნინის შვილიშვილი. ვლადიმირ იაკუნინი პუტინის უახლოესი გარემოცვის წევრია

ვლადიმირ იაკუნინი რუსეთის რკინიგზას 10 წლის განმავლობაში, 2005 წლიდან 2015 წლამდე, მართავდა. იგი პრეზიდენტ პუტინის უახლოესი გარემოცვის წევრია, მისი შვილი ვიქტორი ლონდონში ბიზნესს ფლობს. ლონდონში მისი ორი სახლის ღირებულება 39 მილიონი ფუნტი სტერლინგია.

ვლადიმირის მეორე შვილი ანდრეი რუსეთში საინვესტიციო ფონდის მფლობელია. მისი შვილი და ვლადიმერ იაკუნინის შვილიშვილი ლონდონის კერძო სკოლაში სწავლობდა, ხოლო ამჟამად კემბრიჯის უნივერსიტეტში მედიცინას ეუფლება.

  • ევგენი შუვალოვი – რუსეთის ყოფილი ვიცეპრემიერის, იგორ შუვალოვის შვილი

იგორ შუვალოვი ვიცეპრემიერის პოსტს 10 წლის განმავლობაში, 2008 წლიდან 2018 წლის ჩათვლით, იკავებდა. მას ოთხი შვილი ჰყავს.

ევგენი შუვალოვი დიდი ბრიტანეთის ყველაზე პრესტიჟულ, ველინგტონის კოლეჟში სწავლობდა, სადაც სწავლის გარდა პროფესიულად ეუფლებოდა ცურვასაც. Russiangate-ის მიერ გამოქვეყნებულ ვრცელ სტატიაში ნათქვამია, რომ იგი ოქსფორდში აპირებდა სწავლის გაგრძელებას.

იგორ შუვალოვის გოგოები პროფესიულად ეუფლებიან ბალეტს და რუსეთში ცხოვრობენ, თუმცა დროს ხშირად ატარებენ ინგლისსა და ავსტრიაში, სადაც შუვალოვების ოჯახი უძრავ ქონებას ფლობს. მარია შუვალოვას ინსტაგრამის თანახმად, 2017 წელს სინგაპურს, ჰოლანდიას, იტალიას, ინდონეზიას და საფრანგეთს სტუმრობდა.

  • ალექსანდრა – რუსეთის დუმის თავმჯდომარის მოადგილის, პიოტრ ტოლსტოის შვილი

ობზერვერის ცნობით, ალექსანდრამ 2017 წელს აშშ-ში, იელის უნივერსიტეტში ჩააბარა. მას რუსეთის უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გამოცდილებაც აქვს და ამბობს, რომ რუსეთში სწავლამ იმედი გაუცრუა.

  • რუსეთის პარლამენტარის, ალექსანდრ რემეზკოვის შვილები

სტეფან რემეზკოვი აშშ-ში, ჯერ პენსილვანიაში სწავლობდა, შემდეგ კი ნიუ-იორკში ჰოფსტრას უნივერსიტეტი დაასრულა, მანამდე ბრიტანეთში, კერძო კოლეჯში იღებდა განათლებას. 

დეპუტატის კიდევ ერთი შვილი ნიკოლაი სწავლობდა დიდ ბრიტანეთში, მალვერნის კოლეჯში. დეპუტატის უმცროსი შვილი მაშა კი ავსტრიაში ცხოვრობს და სწავლობს. იგი ავსტრიის გიმნაზისტთა გუნდს წარმოადგენდა 2014 წელს ლუბლიანაში გამართულ ბავშვთა შეჯიბრებაზე.

“ჩემი შვილები პატრიოტები არიან და მომავალში მათ თავიანთი ცხოვრების რუსეთთან დაკავშირება უნდათ”, – ამბობს პარლამენტარი.

  • ლუბოვ ხლოპონინი – რუსეთის ვიცეპრემიერის, ალექსანდრ ხლოპონინის შვილი

ლუბოვი ლონდონის ეკონომიკის და პოლიტიკის სკოლაში სწავლობდა, თუმცა ერთი წლის შემდეგ რუსეთში დაბრუნდა და სახელმწიფო საფინანსო უნივერსიტეტში გააგრძელა განათლების მიღება, სადაც მისმა მშობლებმაც ისწავლეს.

  • ანასტასია ფეტისოვა – რუსეთის პარლამენტის წევრის, ვიაჩესლავ ფეტისოვის შვილი

ობზერვერის ცნობით, ანასტასია აშშ-ში ცხოვრობს და სწავლობს, მან რუსულად წერა-კითხვაც კი არ იცის. ანასტასია ფეტისოვამ ბაკალვრის ხარისხი მედიაკვლევების განხრით ნიუ-იორკში, ფორდჰამის უნივერსიტეტში მიიღო, ხოლო მაგისტრის ხარისხის მისაღებად ნიუ-იორკის უნივერსიტეტში აგრძელებს სწავლას.

მასალების გადაბეჭდვის წესი