ახალი ამბები

ადვოკატმა, რომელმაც რუსეთის ციხეში პატიმრის წამების ვიდეო გაავრცელა, ქვეყანა დატოვა

24 ივლისი, 2018 • 3993
ადვოკატმა, რომელმაც რუსეთის ციხეში პატიმრის წამების ვიდეო გაავრცელა, ქვეყანა დატოვა

ადვოკატმა ირინა ბირიუკოვამ, რომელმაც რუსულ დამოუკიდებელ მედიასაშუალება “ნოვაია გაზეტას” გადასცა რუსეთის ციხეში პატიმრის წამების ამსახველი ვიდეო, რუსეთი დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ორგანიზაცია The Public Verdict Foundation, სადაც ბირიუკოვა მუშაობს.

როგორც რადიო “თავისუფლება” იტყობინება, ბირიუკოვამ წერილი გაუგზავნა გამოძიების ფედერალური კომიტეტის ხელძღვანელს, ალექსანდრ ბასტრიკინს და მას სთხოვა როგორც პირადი, ისე თავისი ოჯახის უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

ადვოკატის “დაუყონებლივი დაცვისკენ” მოუწოდა რუსეთს საერთაშორისო უფლებადაცვითმა ორგანიზაციამ Amnesty International-მა.


“ნოვაია გაზეტამ” 23 ივლისს გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც იაროსლავლის ციხეში პატიმრის წამებას ასახავს. პატიმარს ციხის თანამშრომლები ფიზიკურად უსწორდებიან. გამოცემის ცნობით, ვიდეოჩანაწერი ჟურნალისტებს “საზოგადოებრივი ვერდიქტის” ადვოკატებმა მიაწოდეს. სწორედ ისინი იცავენ სამართლებრივად მსხვერპლს. მედიასაშუალების ცნობით, პატიმრის, ევგენი მაკაროვის დასჯის მიზეზი გახდა მის მიერ ციხის მცველების სიტყვიერი შეურაცხყოფა, რასაც წინ უძღოდა მცველების მიერ პატიმრის დედის წერილის ძირს დაგდება.

გაფრთხილება: ვიდეო შეიცავს არაადამიანური მოპყრობის ფაქტს.

მასალების გადაბეჭდვის წესი