ახალი ამბები

მკვლელობის დღეს დამირეკა და რჩევა მთხოვა – თბილისის ექსპროკურორი მირზა სუბელიანზე

23 ივლისი, 2018 • 2712
მკვლელობის დღეს დამირეკა და რჩევა მთხოვა – თბილისის ექსპროკურორი მირზა სუბელიანზე

თბილისის ყოფილი პროკურორი მიხეილ შაყულაშვილი პარლმანეტში შექმნილ დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე აცხადებს, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის დღეს მას მირზა სუბელიანი შეხვდა:

“პირველ დეკემბერს ამ ამბის შესახებ რომ გავიგე, დაახლოებით 16:15 საათზე ჩემს ტელეფონზე შემოვიდა ზარი და აღმოჩნდა, რომ მირზა იყო, სუბელიანი. ჩვეულებრივი ნომერი არ იყო, აპლიკაციის მეშვეობით დამირეკა. თავიდან ვერ ვიცანი, ამიხსნა, რომ მირზა იყო. ვუთხარი, რომ არ მეცალა, 51-ე სკოლაზე ვიყავი გადართული და შევთავაზე, მოგვიანებით გველაპარაკა. ჩემგან მოულოდნელად მეუბნება, რომ ზუსტად ამ საკითხზე უნდოდა შეხვედრა. მაშინვე ვიგრძენი, რომ მას რაღაც ინფორმაცია ჰქონდა და ვუთხარი, სასწრაფოდ მოსულიყო”, – ამბობს თბილისის ყოფილი პროკურორი.

შაყულაშვილის თქმით, სუბელიანი მასთან პირველ დეკემბერს, დაახლოებით 16:35 საათზე მივიდა, უთხრა, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი ჩხუბი მისი შვილის ჩაგვრის გამო მოხდა და ჰკითხა, როგორ მოქცეულიყო:

“დაახლოებით 16:35 წუთი იყო, ჩემს კაბინეტში მოვიდა. გაფითრებული და დაბნეული იყო, მაგიდასთან დავსვი და ვკითხე, რა ხდებოდა. მეუბნება, 51-ე სკოლასთან რომ მოხდა ეს უბედურება, ჩემი შვილის და ჩემი შვილის მეგობრის ჩაგვრის გამო მოხდა, რის შემდეგაც ჩემმა შვილმა დაურეკა თავი დეიდაშვილს, რომელმაც წამოიყვანა თავისი მეგობრები, გავიდნენ სადღაც გვერდზე ქუჩაზე, სადაც მოხდა ჩხუბი და ეს უბედურება. სუბელიანმა ასევე მითხრა – ვარ დაბნეული და მირჩიე, რა გავაკეთოო” – ამბობს შაყულაშვილი.

თბილისის ყოფილი პროკურორის თქმით, ის დაინტერესდა, იყო თუ არა მირზა სუბელიანის შვილი უშუალოდ მკვლელობის მონაწილე, ან იცოდა თუ არა, ვის ეჭირა დანა:

“შემდგომ, ვუტრიალებ კითხვას და ვეუბნები, მირზა, შენი შვილი უშუალოდ არის მკვლელობაში გარეული? თუ არ არის, ვის ეჭირა დანა, რაზეც მპასუხობს, რომ მას შვილი ისე არ გაუზრდია, რომ მკვლელობაში ყოფილიყო ჩარეული, ხოლო რაც შეეხება, ვინ იხმარა დანა – არ ვიცი. ისევ ვუტრიალებ ანალოგიურ კითხვას და იმავე პასუხს ვიღებ. ვხვდები, რომ კითხვების დასმას აღარ აქვს აზრი და ვეუბნები ასეთ ტექსტს – მირზა, გარდაცვლილია ჩემი შვილის მეგობარი, ჩათვალე ჩემი შვილია გარდაცვლილი-მეთქი. ჩემი შვილი იყო ლევან დადუნაშვილის კლასელი და საუკეთესო მეგობარი. ვეუბნები, ახლავე ჯდები მანქანაში, ისვამ შენს შვილს, მიდიხარ პოლიციაში და აძლევ სრულ ჩვენებას.

ამის შემდგომ მირზა სუბელიანი საერთოდ არაფერს არ ამბობს, ტრიალდება, გადის ოთახიდან და ტოვებს შენობას. ვიღებ ყურმილს და ამის შესახებ 16:45 წუთზე ვაყენებ მთავარ პროკურორს საქმის კურსში მირზა სუბელიანის მოსვლის შესახებ და ვუყვები ჩვენი საუბრის შინაარსს. ასევე, ვუკავშირდები კურატორ-მოადგილეს და მასაც ვეუბნები მირზას ვიზიტის შესახებ და ვეუბნები, რომ პოლიციაში გავაგზავნე”, – ამბობს შაყულაშვილი.

მიხეილ შაყულაშვილის თქმით, ამ დროისთვის პოლიციას არც გამოკვეთილი ვერსიები ჰქონდა და არც ჩხუბში მონაწილე პირების ვინაობა ჰქონდა სრულად დადგენილი. შესაბამისად, შაყულაშვილმა მიიჩნია, რომ მირზა სუბელიანის შვილი მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობდა:

“ვითვალისწინებდი, რა უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას ფლობდა მირზა სუბელიანის შვილი მირზას მონაყოლიდან გამომდინარე, დავურეკე ჩემს მოადგილეს და ვუთხარი გაეკონტროლებინა, რომ სრულყოფილი ინფორმაცია ამოგვეღო ამ ბავშვისგან. ამის შემდეგ ვეცადე ქალაქის პოლიციის უფროსთან დაკავშირებას, ვერ დავუკავშირდი და მოადგილეს დავურეკე, რომელსაც ანალოგიურად ვუთხარი, რომ მოვიდოდა მირზა სუბელიანი, მის შვილს ჰქონდა სერიოზული ინფორმაცია, ავუხსენი სიტუაცია და ვთხოვე გაეკონტოლებინა დაკითხვა, რომ სრულყოფილად ამოგვეღო ინფორმაცია ამ ბავშვისგან. ამის შემდეგ კონტაქტი აღარ მქონია სუბელიანთან”, – ამბობს თბილისის ყოფილი პროკურორი.

მიხეილ შაყულაშვილმა იმ მიზეზებზეც ისაუბრა, თუ რატომ არ დაკითხეს მირზა სუბელიანი. თბილისის ყოფილი პროკურორის თქმით, მირზა სუბელიანმა სამართალდამცავებთან შვილი თავად მიიყვანა, ასევე კალანდიების ოჯახის ორი წევრი იყო დაკითხული, ჩვენებას არ იძლეოდა გ.ჯ. შესაბამისად, მირზა სუბელიანის დაკითხვა საჭიროდ არ მიიჩნიეს. შაყულაშვილის თქმით, ამის შემდეგ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მა კადრები გაასაჯაროა, რამაც მირზა სუბელიანზე ეჭვები გაჩნდა, თუმცა ამ დროისთვის ის დაცვის მხარის მოწმეთა ნუსხაში იყო და პროკურატურის მხრიდან მისი დაკითხვა, თბილისის ყოფილი მთავარი პროკურორის თქმით, ზეწოლად იქნებოდა აღქმული.

რატომ არ დაკითხეს მირზა სუბელიანი

თბილისის ყოფილი პროკურორი მიხეილ შაყულაშვილი ჰყვება, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის დღეს მირზა სუბელიანმა დაურეკა, შეხვდა და რჩევა სთხოვა. თბილისის ყოფილი პროკურორი და მისი მოადგილე გიორგი გაბოძე განმარტავენ, რატომ არ დაკითხა ბრლადებამ მირზა სუბელიანი.

Posted by netgazeti.ge on Monday, 23 July 2018

მასალების გადაბეჭდვის წესი