ახალი ამბები

რა ხარვეზები გამოიკვეთა კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს – EMC-ს და საია-ს ანგარიში

23 ივლისი, 2018 • 2817
რა ხარვეზები გამოიკვეთა  კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს – EMC-ს და საია-ს ანგარიში

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან ერთად (საია) თბილისში 12 მაისის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით მომზადებულ ანგარიშს აქვეყნებს. ორგანიზაციების განცხადებით, სხვადასხვა ინფორმაციის შესწავლის შედეგად თბილისის ღამის კლუბებში ჩატარებულ საპოლიციო ოპერაციის დროს ხარვეზები გამოიკვეთა.  

ერთობლივ ანგარიშში შეფასებულია კლუბებში ჩატარებული ჩხრეკის კანონიერების, პოლიციის მხრიდან კლუბ „ბასიანის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე მშვიდობიანი შეკრების დაშლის და ათეულობით აქციის მონაწილის ადმინისტრაციული წესით დაკავების საკითხები.

საია და EMC აცხადებს, რომ 12 მაისის საპოლიციო ღონისძიება, ჩატარების დროის, ფორმებისა და ინტენსივობის გათვალისწინებით, ბოლო წლების განსაკუთრებულად მასშტაბურ საპოლიციო ოპერაციას წარმოადგენდა:

“თანადროულად თბილისის ორ ღამის კლუბში დიდი რაოდენობით პოლიციის, მათ შორის, შეიარაღებული სპეცრაზმის გამოჩენამ ადგილზე მყოფ ადამიანებში შიშის და დაუცველობის შეგრძნება გააჩინა და სახელმწიფოს მხრიდან რეპრესიული ძალის დემონსტრირების შთაბეჭდილება შექმნა” – ვკითხულობთ ანგარიშში.

ორგანიზაციების განცხადებით, ღამის კლუბებში ჩხრეკის ჩატარების ნებართვა 2018 წლის 10 მაისს გასცა თბილისის საქალაქო სასამართლომ. საიასა და EMC-ში აცხადებენ, რომ სასამართლოს მიერ გაცემულ განჩინებაში არ არის მითითებული, კონკრეტულად რა ნივთის/ობიექტის აღმოსაჩენად და ამოსაღებად მიენიჭა პოლიციას კლუბებში შესვლის უფლება, რაც განჩინების ერთ-ერთი აუცილებელი რეკვიზიტია.

ორგანიზაციები ხარვეზად მიიჩნევენ იმ ფაქტსაც, რომ ჩხრეკის შესახებ  სასამართლოს განჩინებაში ასევე არ არის დასაბუთებული თითოეულ ღამის კლუბთან მიმართებით ჩხრეკის ჩატარების საფუძვლიანობა, განჩინებაში წარმოდგენილი მსჯელობა კი აბსტრაქტული და გენერალიზებულია:

“ბუნდოვანია, რა იყო 12 მაისს, ღამის საათებში, კლუბებში პოლიციის შესვლის მიზანი, მაშინ როდესაც 8 პირი, ნარკოტიკული ნივთიერებების გასაღების ბრალდებით, პოლიციას კლუბებში შესვლამდე უკვე დაკავებული ჰყავდა” – ვკითხულობთ ანგარიშში.

ამასთან, თუკი პოლიციას კლუბების ტერიტორიაზე ნარკოტიკული საშუალებების აღმოჩენის მიზანი ამოძრავებდა, მაშინ ორგანიზაციებისთვის გაუგებარი რჩება, რატომ არ ჩაატარა პოლიციამ ჩხრეკა ისეთ დროს, როცა კლუბებში კონკრეტული ღონისძიებები არ იქნებოდა, მით უმეტეს, რომ პოლიციამ ჩხრეკის ჩატარების ნებართვა სასამართლოსგან 10 მაისს მიიღო.

საია-სა და EMC-ში აცხადებენ, რომ საქართველოს კანონმდებლობით, ღამის საათებში ჩხრეკის ჩატარებას მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაშია დასაშვები. 12 მაისს კი ორივე კლუბში ჩხრეკა ჩატარდა ღამის საათებში. ანგარიშის ავტორები აცხადებენ, რომ მიუხედავად ამისა, ჩხრეკის ოქმში გადაუდებელი აუცილებლობის შესახებ აღნიშნული არ არის.

ანგარიშის ავტორები პრობლემურად მიიჩნევენ ჩხრეკის პროცესში სპეცრაზმის გამოყენების საკითხსაც და მას ძალის დემონსტრირებად და არაპროპორციულ ღონისძიებად აფასებენ იმ პირობებში, როცა კლუბის შიგნით შეიარაღებული პირის ან პოტენციური წინააღმდემგობის შესახებ ინფორმაცია არ არსებობდა:

“გასაიდუმლოებულია სპეცრაზმის საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი ბაზა, რაც გამორიცხავს ამ საკითხის სათანადო კონტროლს და მნიშვნელოვან დაბრკოლებას წარმოადგენს უწყების ანგარიშვალდებულებისთვის;

მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კლუბის ტერიტორიაზე სტუმრების პირადი ჩხრეკა არ ჩატარებულა, კლუბ „ბასიანზე“ მყოფი რამდენიმე პირის ახსნა-განმარტება მიუთითებს, რომ პოლიციამ 3 პირი ადგილზე გაჩხრიკა, თუმცა აღნიშნული მოქმედება არცერთ სამართლებრივ დოკუმენტში არ არის აღწერილი” – ვკითხულობთ ანგარიშში.

EMC-სა და საია-ში აცხადებენ, რომ კლუბ „ბასიანის“ მიმდებარე ტერიტორიაზე სპონტანური შეკრების მონაწილეების მიმართ პოლიცია გამოირჩეოდა აგრესიით. ანგარიშში ასევე ვკითხულობთ, რომ ადგილზე მობილიზებულმა დიდი რაოდენობით სამართალდამცავებმა კლუბის გარეთ მყოფ პირებს არ მისცეს მშვიდობიანი შეკრების უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა.

ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია იმ ფაქტზე, რომ პოლიციამ ფიზიკური ძალის გამოყენებით გაათავისუფლა ტროტუარები და დაშალა სპონტანური აქცია, რომელიც იყო მშვიდობიანი.

EMC-სა და საია-ში აცხადებენ, რომ  პოლიციას არ გაუკეთებია წინასწარი განმარტებები აქციის მონაწილეებისთვის  და არ მიუცია გონივრული დრო ტერიტორიის მშვიდობიანად დასატოვებლად:

“კლუბ „ბასსიანის“ მიმდინარე აქციისას სამართალდამცავებმა 40-ზე მეტი პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს, მათ შორის, აქციის პოტენციური ლიდერები და ორგანიზატორები. პოლიციის მხრიდან მასობრივი დაკავებების გამოყენება თვითნებობის და საპროტესტო მუხტის განეიტრალების შთაბეჭდილებას ტოვებდა;

დაკავებულთა ნაწილი პოლიციის მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე მიუთითებდა. ადმინისტრაციული დაკავების ოქმები 5 პირის ფიზიკურ დაზიანებებზე მიუთითებს. განსაკუთრებით მძიმეა ერთ-ერთი დაკავებულის საკითხი, რომლის სამედიცინო დოკუმენტაციაშიც მარცხენა ბეჭის ძვლის მოტეხილობა ფიქსირდება” – ვკითხულობთ ანგარიშში.

ორგანიზაციებში აცხადებენ, რომ გამოკითხული პირებიდან არცერთს არ განემარტა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსი და დაკავების საფუძვლები. ასევე არ განემარტათ უფლებები, მათ შორის უფლება, ჰყოლოდათ ადვოკატი.

ანგარიშის მიხედვით, რიგ შემთხვევებში, პოლიციელები, რომლებიც სასამართლოს წინაშე ამტკიცებდნენ კონკრეტულ პირთა მიერ სამართალდარღვევების ჩადენას, უშუალოდ არ მონაწილეობდნენ მათი დაკავების პროცესში და პირადად არ შესწრებიან ამ პირთა მიერ შესაძლო სამართალდარღვევების ჩადენას.

ორგანიზაციების შეფასებით, სასამართლოს მიერ 4 პირის საქმეზე გამოტანილი დადგენილებები შაბლონურია და ეფუძნება სამართალდამცავი ორგანოების მიერ წარმოდგენილ ადმინისტრაციულ დაკავებისა და სამართალდარღვევის ოქმებში ასახულ ინფორმაციას.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში „მტკიცების სტანდარტის“ არარსებობა სამართალდამცავ ორგანოებს აძლევს შესაძლებლობას, დაიცვან მტკიცებულებათა წარდგენის მიზნით დასაბუთებულობის მხოლოდ ფორმალური და არა შინაარსობრივი მხარე.

ანგარიშში გამოვლენილი საკითხების გათვალისწინებით, ორგანიზაციემბა რეკომენდაციები შეიმუშავეს. კერძოდ, EMC და საია-ითხოვს:

  • პროკურატურამ დაიწყოს გამოძიება 12 მაისს კლუბ “ბასიანის” შიდა პერიმეტრზე განხორციელებული უკანონო პირადი ჩხრეკების შესაძლო ფაქტებთან დაკავშირებით;
  • პროკურატურამ ასევე დაიწყოს გამოძიება 12 მაისს, პოლიციის მხრიდან აქციის მონაწილეთა შესაძლო უკანონო დაკავებისა და ძალის გადამეტების შემთხვევებზე;
  • შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დეტალურად შეისწავლოს 12 მაისს კლუბ “ბასიანთან” მიმდინარე სპონტანური აქციის დაშლის ეპიზოდი. შესწავლის პროცესში უნდა დადგინდეს, ვინ მიიღო აქციის დაშლის შესახებ გადაწყვეტილება და რა კონკრეტული ინსტრუქციები მიეცათ სამართალდამცავებს 12 მაისის ღამეს აქციის მართვასთან დაკავშირებით;  
  • სასამართლო ხელისუფლებამ სათანადო ყურადღება გაამახვილოს ჩხრეკის კანონიერების მაღალი სტანდარტით შემოწმებაზე;
  • საქართველოს პარლამენტმა გაატაროს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სფეროს ფუნდამენტური რეფორმა და უზრუნველყოს სამართლიანი სასამართლო უფლების გარანტიების დაცვა სამართალწარმოების პროცესში;
  •  შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაასაჯაროოს სპეცრაზმის საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები;
  • შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიცვას “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” კანონით დადგენილი მოთხოვნები და უარი თქვას თვითნებურად და დაუსაბუთებლად ადმინისტრაციული დაკავებების გამოყენებაზე, აგრეთვე, ამ გზით შეკრების უფლებით სარგებლობის ხელშეშლაზე;
  • შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს თანამშრომელთა დამატებით მომზადება მშვიდობიანი შეკრების მართვის, აქციის ორგანიზატორებთან და მოქალაქეებთან მოლაპარაკებების საკითხებში;
  • შინაგან საქმეთა სამინისტრომ და პროკურატურამ გაასაჯაროონ ზედოზირებით გარდაცვალების ფაქტებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შედეგები და დამატებითი ინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოებას 12 მაისს ჩატარებული მასშტაბური საპოლიციო ღონისძიების შედეგებთან დაკავშირებით;
  •  ნარკოპოლიტიკის თემით პოლიტიკური მანიპულაციების დასრულების მიზნით, პარლამენტმა მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება რეფორმის დაჩქარებულად და მოკლე ვადებში გატარებასთან დაკავშირებით და მხარი დაუჭიროს მაღალი კონსენსუსით მომზადებული რეფორმის კანონპროექტს, რომელიც პარლამენტში უკვე ერთი წელია ინიცირებულია.

სამართალდამცავებმა სპეცოპერაცია ორ კლუბში ,  “გალერისა” და “ბასიანში”,  12 მაისს, შუაღამისას, დაახლოებით პირველ საათზე  დაიწყეს. როგორც შსს ამბობს, ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით 8 პირი დააკავეს, თუმცა მოგვიანებით უწყებამ დაასტურა, რომ კლუბის ტერიტორიაზე ამ 8 ადამიანიდან მხოლოდ ერთი  ადამიანი დააკავეს.

23 მაისს, შსს-მ განაცხადა, რომ კლუბში საგამოძიებო მოქმედებები დაასრულა და კლუბის ტერიტორიაზე Bassiani-ს დამფუძნებლები შეუშვა.

კლუბის მფლობელები იურისტებისა და პოლიციის თანხლებით Bassiani-ს ტერიტორიას 2 საათის განმავლობაში ათვალიერებდნენ. კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებელი ზვიად გელბახიანი ამბობს, რომ პირველადი დათვალიერებით კლუბში ტექნიკა დაზიანებული არაა, თუმცა უნდა ჩატარდეს ინვენტარიზაცია. კლუბის მფლობელები ვარაუდობენ, რომ Bassiani ფუნქციონირებას ივნისიდან განაახლებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი