აჭარა – ზღვის და მთის კურორტების მხარე

რა ასოციაციები გიჩნდებათ პირველად „ბათუმის“ ხსენებისას? რა თქმა უნდა მზის, ზღვის, ზაფხულის, გარუჯვის და ცივი კოქტეილების, საღამოობით კი სასიამოვნო მუსიკაზე ცეკვის. მეთევზეთა ანკესების რიგიც ამოგიტივტივდებათ ალბათ თავში, გემების ნელი სვლაც ზღვაზე და თოლიები სანაპიროზე.

სასურველ შოკოლადისფერ რუჯს რომ მიიღებ და ზღვის პირას გათანგვამდე ბევრს ისეირნებ ველოსიპედით, შეიძლება იფიქრო, რომ ბათუმი ამოწურე და შინ დაბრუნების დროა, მაგრამ პირდაპირ გეტყვით, რომ სასტიკად ცდებით.

დავიწყოთ იმით, რომ ველობილიკი ბათუმის ბულვარით არ მთავრდება. გააგრძელეთ გზა ველოსიპედით ზღვის სანაპიროდან სულ სხვა მიმართულებით, ბათუმის შემოგარენის აღმოსაჩენად.

გადაუხვიე მირვეთისკენ

მირვეთი ბათუმიდან 27 კილომეტრით დაშორებული ულამაზესი სოფელია, სადაც ველოტურის დაგეგმვა შეგიძლიათ. სამთო ველოსიპედით პირდაპირ ბულვარიდან შეგიძლია გაუყვეთ მარკირებულ ველობილიკს, რომელიც სოფლამდე ჩადის. აქ უძველესი კოლხური ბზის კორომებს ჩანჩქერამდე მიჰყავხართ.

მერე შეგიძლიათ ჯომარდობის ტურიც მოაწყოთ მდინარე ჭოროხზე ან უბრალოდ მე-12 საუკუნის თამარის ხიდთან მოწყობილ საპიკნიკე ადგილას, მდინარის სანაპიროზე  დაისვენოთ, გაერთოთ მეგობრებთან ერთად  და კი ველოსიპედებითვე დაბრუნდეთ უკან.

მტირალა – კოლხური ტყეების ნაკრძალი

მირვეთი პატარა სოფელია, გეთანხმებით. იქ ჩასული ერთ საათში მოივლით ყველაფერს. თუ უფრო დიდი სივრცეების დალაშქვრა გსურთ, კარვებში რამდენიმე დღით ღამისთევა, აჭარული კერძების ველურ ბუნებაში დაგემოვნება ან უბრალოდ ერთი დღით ბუნებაში ფეხით დიდხანს სიარული – მტირალას პარკი უნდა მოინახულოთ. აქ კოლხური მზის ტყეს, პონტოს მუხას, უთხოვარსა და უნგერნის შექერის ულამაზეს ყვავილობას ნახავთ.

შეგიძლიათ ფეხითსავალი ორდღიანი მარშრუტი აირჩიოთ და ტურისტულ თავშესაფარში – ტყისპირა ხის ქოხებში დაბანაკდებით, უკან დაბრუნებისას მტირალას პარკშივე მცხოვრებ ოჯახებში ან რესტორანში შეუკვეთავთ სინორს, ბორანოს, მწვადს მაყალზე – ღია ცის ქვეშ, ბუნებაში.

   ამდენი სიარულის შემდეგ ქედის ღვინის დროც დგება

ჩხავერის დაგემოვნების გარეშე აჭარა არ უნდა დატოვოთ. ამ მოვარდისფრო-ჟოლოსფერ ღვინოს აჭარა-გურიაში აყენებენ.

პირველი მაისი, დანდალო და ვაიო ქედის სოფლებია, სადაც საოჯახო მარნებში არამხოლოდ ჩხავერი – საფერავი, ოჯალეში და ცოლიკაურიც შეგიძლიათ დააგემოვნოთ. ეს უკანასკნელი თეთრი ღვინოა და დასავლეთ საქართველოშია გავრცელებული.

ღვინის მარნების მეპატრონეებს ვენახი მარნის ახლომახლო აქვთ გაშენებული და ღვინის დაგემოვნების გარდა ასეთ მარნებში საღვინე მეურნეობას დაათვალიერებთ. აქვეა საოჯახო სასტუმროები, სადაც ღამის გათევაც შეგიძლიათ.

       მაჭახელა – ხეობა სადაც საქართველო მთავრდება

მაჭახლის ხეობის შემდეგ თურქეთია. ზედა ჩხუტუნეთი ბოლო სოფელია, რის შემდეგაც გზას ვეღარ გააგრძელებთ.

მაჭახლის ხეობა. სოფელი ზედა ჩხუტუნეთი

მაჭახელა ამავე სახელწოდების კაჟიანი თოფის ისტორიითაა განთქმული. თოფის ოსტატები დღემდე ცხოვრობენ მაჭახელაში. აქვეა ორასი წლის ხის ფერად მეჩეთში განთავსებული მუზეუმიც. მეჩეთის მოხატულობა ისევ ისეთი ხასხასაა, როგორიც ორი საუკუნის წინ იქნებოდა.

მაჭახლის ხეობის მეჩეთის ინტერიერი

ხიხანი – ციხესიმაგრე ცაში

ხიხანის ციხემდე მისასვლელი გზა მარტივი არ არის, მაგრამ ბათუმიდან 90 კილომეტრიანი სამანქანე გზისა და კლდეებზე ცოცვის დაძლევა ნამდვილად ღირს XII-XIII საუკუნის ციხესიმაგრის სანახავად.

ხიხანის ციხე

ამწვანებულ მთებზე შეფენილი ხის სახლებისა და მთებში ჩაკარგული ტბის თვალიერება ხიხანის ციხის სიმაღლიდან, დაღლად ნამდვილად ღირს, თუმცა მარშრუტი მათთვისაა, ვისაც ფეხით სიარული არ ეზარება.

ბეშუმის სიგრილე გამთანგველი სიცხისგან თავის დასაღწევად

ხანდახან გინდა ზაფხულის ცხელი დღეები მთაში გაატარო და იპოვო ადგილი, სადაც გრილა. ბათუმიდან 120 კილომეტრის მოშორებით ბეშუმში შეგიძლიათ დაისვენოთ. კურორტისკენ ბათუმიდან მიმავალი ულამაზესი გზა აჭარისწყალს მიუყვება. სუბალპური ზონის წიწვოვანი ტყეებით, მთებით გარშემორტყმულ ბეშუმში შეგიძლიათ ერთდროულად ისიამოვნოთ ბუნებრივი, მინერალური წყაროებით, სამკურნალო ტალახის აბაზანებითა და ჟანგბადით მდიდარი, სუფთა ჰაერით.

კურორტი ბეშუმი

ყველა სეზონზე იდეალური აჭარა

აჭარაში ჩამოსვლა ზაფხულის სეზონის დასრულების შემდეგაც მოგინდებათ. ამიტომაც მოეწყო გოდერძის უღელტეხილის მახლობლად სათხილამურო ტრასა, სადაც ნოემბრიდან თოვს და სეზონი დეკემბრიდან აპრილამდე გრძელდება. ზღვის დონიდან 2350 მეტრზე მდებარე კურორტს რეგიონში ყველაზე გრძელი სათხილამურო ტრასა აქვს.

კურორტი გოდერძი

მოთხილამურეებისთვის გოდერძი ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ ადგილად მალევე იქცა. გოდერძი არის ადგილი, რომელიც აჭარას ზამთრის დასასვენებელ იდეალურ ადგილადაც აქცევს.

თუმცა ვინ იტყვის, რომ არ უოცნებია ზამთარში ენახა სანაპირო და თოვა ზღვაზე?

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი