სირიამ და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკამ დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკისა და სირიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დამასკოში ხელი მოაწერს ორივე მხარეს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შეთანხმების დოკუმენტს. ამის შესახებ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

ცხინვალის ინფორმაციითვე, ორივე მხარის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთს შეხვდნენ დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის სირიაში ოფიციალური ვიზიტის მოსამზადებელი პროცესის ფარგლებში.

როგორც დიმიტრი მედოევმა, დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, შეხვედრის დროს მხარეებმა თანამშრომლობის ფართო საკითხები და რეგიონში არსებული სიტუაცია განიხილეს.

სირიამ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა 2018 29 მაისს გამოაცხადა.

სირიის მიერ აღიარების ფაქტს დაუყოვნებლივ გამოეხმაურნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც აღნიშნეს, რომ საქართველო სირიასთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს.

რუსეთი სირიის მთავრობის უმთავრესი საგარეო მოკავშირეა. მოსკოვმა ქვეყნის ტერიტორიაზე ავიადარტყმების განხორციელება 2015 წელს დაიწყო. ვლადიმერ პუტინი აცხადებდა, რომ კამპანიის მთავარი მიზანი ISIS-ის შესუსტება იყო, თუმცა აშშ-ის ოფიციალურ პირებს მოსკოვი არაერთგზის დაუდანაშაულებიათ სირიის ოპოზიციის წინააღმდეგ მოქმედებაში. რუსეთი კი, თავის მხრივ, აშშ-ს სპელკულაციებში ადანაშაულებდა. სამოქალაქო ომის მიმდინარეობისას ვითარება ასადის ხელისუფლების სასარგებლოდ, არაერთ შემთხვევაში, სწორედ რუსეთის ჩარევით შეიცვალა.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, სირიის გარდა, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი აღიარეს ნიკარაგუამ, ვენესუელამ და ნაურუმ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი