ახალი ამბები

ხვალ და ზეგ 5 მოთხოვნით ტყიბულში მეშახტეთა აქცია გაიმართება

22 ივლისი, 2018 • 1510
ხვალ და ზეგ 5 მოთხოვნით ტყიბულში მეშახტეთა აქცია გაიმართება

23 ივლისს, 10:00 საათზე და 24 ივლისს, 12:00 საათზე ტყიბულში, ადგილობრივ მეშახტეთა პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის ორგანიზებით, გაიმართება საპროტესტო აქცია კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. ამის შესახებ ინფორმაციას პროფკავშირების გაერთიანება ავრცელებს.

აქციაში მონაწილეობას მიიღებენ დარგობრივი პროფესიული კავშირის და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების წარმომადგენლები.

ტყიბულის მეშახტეთა პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის მოთხოვნებია:

1. მოხდეს 5 აპრილს და 16 ივლისს მომხდარი ჯგუფური უბედური შემთხვევების ობიექტური გამოძიება და დამნაშავეების კანონის მთელი სიმკაცრით დასჯა,

2. განხორციელდეს შახტების დროებითი კონსერვაცია იქ არსებული რისკების შეფასების მიზნით და განხორციელდეს ობიექტის სრული მოდერნიზება,

3. კონსერვაციის გამო წარმოშობილი იძულებითი მოცდენის მთელ პერიოდზე მოხდეს დასაქმებულთა სრული ანაზღაურებით უზრუნველყოფა,

4. ყოველივე ზემოთაღნიშნულთან დაკავშირებით გაიმართოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ პროფკავშირის, კომპანიის ადმინისტრაციის და მთავრობის წარმომადგენლები, ასევე მეშახტეებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი.

5. მოხდეს მხარეთა მიერ ხელმოწერილი შეთანხმების დოკუმენტის შექმნა ყოველივე ზემოთთქმულთან დაკავშირებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი