ახალი ამბები

გიორგი კვირიკაშვილის ფეისბუკის გვერდი გაუქმებულია – მთავრობის ადმინისტრაციის პასუხი

20 ივლისი, 2018 • 4507
გიორგი კვირიკაშვილის ფეისბუკის გვერდი გაუქმებულია – მთავრობის ადმინისტრაციის პასუხი

მას შემდეგ, რაც კვირიკაშვილი თანამდებობიდან გადადგა, მისი ფეისბუკის ვერიფიცირებული გვერდი ხელმისაწვდომი იყო, თუმცა დღეს, 20 ივლისს უკვე აღარ იძებნება.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ მას შემდეგ, რაც კვირიკაშვილი თანამდებობიდან გადადგა, ფეისბუკის გვერდი არის მისი პირადი გვერდი და  მასზე მთავრობის ადმინისტრაციას წვდომა აღარ ჰქონდა, შესაბამისად, ადმინისტრაციისთვის უცნობია, ვინ გააუქმა ის.

ამასთან, კვლავ ხელმისაწვდომია მისი ტვიტერის ვერიფიცირებული ანგარიში, სადაც კვირიკაშვილი კვლავ პრემიერ-მინისტრადაა მითითებული.

გიორგი კვირიკაშვილის ტვიტერის ანგარიში. 20 ივლისი, 2018

გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალური ფეისბუკის გვერდი, რომელსაც ათასობით მომწონებელი ჰყავდა, საყოველთაო განხილვის საგანი 2018 წლის მაისში გახდა. მაშინ პრემიერის პოსტს, რომლითაც ის არასამთავრობო ორგანიზაციებს აკრიტიკებდა, ფეისბუკის ათასობით მომხმარებლები “ჰაჰაჰა”-თი გამოეხმარა, რასაც პოსტზე მოწონებების სწრაფი ტემპით მატება მოჰყვა. როგორც აღმოჩნდა, ეს მაჩვენებელი ძირითადად უცხო ქვეყნებში დარეგისტრირებული მომხმარებლების ხარჯზე გაიზარდა.

ამის შემდეგ მოქალაქეებმა “პრემიერის ბოტების” გასაპროტესტებლად კანცელარიასთან აქცია გამართეს და ბოტები მიიტანეს.

თავისი სოციალური მედიის ანგარიშები გააუქმა ბიძინა ივანიშვილმაც 2013 წელს, როცა მან პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა.


მთავარი ფოტო: მთავრობის ადმინისტრაციასთან მოქალაქეებმა პროტესტის ნიშნად ბოტები დატოვეს. როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, ამ ფორმით  „მთავრობის სამარცხვინო პროპაგანდისტულ ინსტრუმენტებს” აპროტესტებენ. 06.06.18 ფოტო: ნეტგაზეთი/ელენე ხაჭაპურიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი