გიორგი მღებრიშვილი გადადგა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი მღებრივშვილმა თანამდებობა დატოვა. როგორც ნეტგაზეთს სამსახურში განუცხადეს, მღებრიშვილმა პრემიერ-მინისტრს თავად მიმართა თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობას შალვა ხუციშვილი შეასრულებს, რომელიც გიორგი მღებრიშვილის პირველი მოადგილე იყო.

მღებრიშვილი ამ თანამდებობაზე მას შემდეგ დაინიშნა, რაც 2017 წლის ნოემბერში შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი დატოვა.

გიორგი მღებრიშვილი შს მინისტრის პოსტზე 2015 წლის 1 აგვისტოს დაინიშნა. მანამდე – 2014 წლის ივლისიდან 2015 წლის 1 აგვისტომდე, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის თანამდებობა ეკავა, ხოლო უფრო ადრე ქვემო ქართლის გუბერნატორი იყო.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.