რა გააიაფებს საწვავს? – პროტესტის ნიშნად ასობით მანქანით ხელოვნური საცობს გეგმავენ

30 ივლისს თბილისში მძღოლები საწვავზე გაზრდილ ფასებს გმირთა მოედანზე გააპროტესტებენ – ასობით მანქანა გმირთა მოედანზე გაჩერდება და ხელოვნურ საცობს შექმნის.

აქციის ამ ფორმას აანონსებენ ფეისბუკზე შექმნილ გვერდზე. მანამდე კი “ნეტგაზეთმა” ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარეს ჰკითხა საწვავის ფასის ზრდის გამომწვევ მიზეზებზე და გამოსავალზე.

ვანო მთვრალაშვილის განმარტებით, სწორი გადაწყვეტილება იქნება საწვავზე აქციზის იმ ნიშნულამდე დაყვანა, რაც 2017 წლის დასაწყისში იყო.

როგორც კავშირის თავმჯდომარე განმარტავს, საწვავის ფასების მატება გლობალურ ბაზარზე გაზრდილი ფასებითაა განპირობებული.

“ეს პროცესი ყველა იმ ქვეყანას შეეხო, რომელიც ჩვენსავით იმპორტზეა დამოკიდებული. მათ შორის თურქეთი, სომხეთი, მოლდოვა,  უკრაინა და ევროკავშირის რიგი ქვეყნები. მაგალითად, მინდა გითხრათ, რომ დონალდ ტრამპმა, აშშ-ის პრეზიდენტმა რამდენჯერმე მოუწოდა OPEC-ს [ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაცია], ხელი შეუწყონ ფასების კლების პროცესს. მისი თქმით, ის ფასები, რაც გლობალური ბაზრებზე ფიქსირდება, მნიშვნელოვან პრობლემას უქმნის მსოფლიო ეკონომიკის განვითარებას,”- ამბობს  ვანო მთვრალაშვილი.

მისი თქმით, ნავთობზე ფასი ყველგან გაიზარდა, რომელიც იმპორტზეა დამოკიდებული:

“იმის თქმა მინდა, რომ ის პროცესები, რომლებიც ჩვენთან განვითარდა, თითქმის ყველა იმ ქვეყანას, რომელიც იმპორტზეა დამოკიდებული, შეეხო. ანუ თითქმის ყველგან მოიმატა ფასმა. ბლუმბერგის კვლევის მიხედვით, ფასები ასეთ ქვეყნებში საშუალოად 8-10%-ით გაიზარდა.  უპირველეს ყოვლისა, ის, რაც ჩვენთან საწვავის გარშემო ხდება – გლობალური ტრენდის გამოძახილია. თუმცა ასევე მინდა გითხრათ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, ბოლო 4-5 დღის განმავლობაში, ნავთობზე ფასმა კლება დაიწყო. თუ კლების ტენდენცია გაგრძელდა, ეს აუცილებლად აისახება ჩვენს ფასებზეც” ,- აღნიშნავს ის.

როგორც ვანო მთვრალაშვილი ამბობს, მას ესმის მომხმარებლის პროტესტი, ვინაიდან ის ფასები, რაც ახლა ქვეყანაში ფიქსირდება, რეკორდულად მაღალია.

“ერთი, ეს არის რეკორდულად მაღალი ფასები, მეორე, რომ ზაფხულის პერიოდში განსაკუთრებით დიდი ოდენობის საწვავის მოხმარება ხდება. ჩვენთან მომხმარებელი არ არის მიჩვეული ასეთ ფასებს. საწვავის ფასის ზრდა, მით უმეტეს, იმ პირობებში, როდესაც ეკონომიკა ისე ვერ იზრდება, მიმდინარეობს ინფლაციური პროცესები… თანაც მარტო საწვავის ფასი ხომ არაა გაზრდილი, ბევრი სხვა პირველადი მოხმარების საგნების ფასია მომატებული. რა თქმა უნდა, გაზრდილი ფასი და ეს ყველაფერი ერთობლივად ოჯახის ბიუჯეტს ურტყამს. ამიტომ პროტესტის განცდა ლოგიკურია,” – ამბობს მთვრალაშვილი.

გარდა აქციზისა და მსოფლიო ბაზარზე ფასების ზრდისა, როგორც ვანო მთვრალაშვილი აცხადებს, საქართველოში საწვავის ფასის მომატებაზე ლარიც მოქმედებს.

“კიდევ ერთი კომპონენტი არის  ლარის მდგომარეობა. მართალია, ბოლო თვეები ის სტაბილურია, მაგრამ რომ არ იყოს 2.45 და იყოს მაგალითისთვის – 2.25,  ფასი კიდევ უფრო ქვემოთ იქნებოდა,” – აცხადებს ის.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ასევე აღნიშნავს, რომ საწვავის ფასის ზრდა სხვა პროდუქტების ფასების ზრდას იწვევს.

“აი, მაგალითად, ის მანქანები, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებაში მონაწილეობენ, მაგალითად, გადაზიდვებში მონაწილეობენ, სამშენებლო სექტორში, ძირითადად “დიზელს” იყენებენ. მათთვის საწვავის მაღალი ფასი  უკვე პროდუქციის წარმოებასა და თვითღირებულებაში აისახება და, რა თქმა უნდა, ეს უკვე ინფლაციურ პროცესში მონაწილეობს. ისინი უფრო ძვირად ყიდულობენ საწვავს და ამას შემდგომ მათ მიერ წარმოებული პროდუქციით აკომპენსირებენ,” – აცხადებს ის.

როგორც ვანო მთვრალაშვილი ხსნის, საწვავიდან სახელმწიფო იღებს გარანტირებულ შემოსავალს. როდესაც მან ფასები გაზარდა აქციზზე, მისი შემოსავალი ორჯერ გაიზარდა. თუმცა აქციზი 2017 წელს გაიზარდა, ეს მომხმარებლისთვის ნაკლებად შემაწუხებელი იყო, ვინაიდან იმ პერიოდისთვის მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი ასეთი მაღალი არ იყო.

” იმ პერიოდში 40-45 დოლარი იყო ბარელი, შესაბამისად, აქციზის ზრდა ისე ვერ იგრძნო მომხმარებელმა. ახლა ფასები რომ გაიზარდა, საერთაშორისო ბაზარზე დამატებით 20-25 თეთრი საკმაოდ მნიშვნელოვანი ტვირთი გახდა,” – განმარტავს მთვრალაშვილი.

მისივე თქმით, დამტკიცებული ბიუჯეტის პირობებში რთული წარმოსადგენია, რომ სახელმწიფო აქციზის ფასს პირვანდელ, შედარებით დაბალ ნიშნულამდე დააბრუნებს, თუმცა სამომავლოდ ეს შესაძლებელია. მისი შეფასებით, ეს “ძალიან სწორი” გადაწყვეტილება იქნებოდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან