საქართველო უცხოელთათვის მოქალაქეობის მიღების პროცედურებს ამკაცრებს

19 ივლისს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც უცხოელებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება მკაცრდება. “საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებს 78-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, საწინააღმდეგო პოზიცია კი არცერთ პარლამენტარს არ დაუფიქსირებია.

მიღებული კანონპროექტის მიხედვით:

  • ჩვეულებრივი წესით მოქალაქეობის მინიჭებისას 5-წლიანი ცხოვრების ცენზი იზრდება 10 წლამდე.
  • გამარტივებული წესით მოქალაქეობის მინიჭებისას კი 2-წლიანი ცხოვრების ცენზი იზრდება 5 წლამდე.

ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ პირველი მოსმენით პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ წარადგინა.

“ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტი, რომელსაც დიდი ხანია ვამზადებთ განსაკუთრებული პასუხისმგებლობით. ეს არის კანონპროექტი, რომელიც ეხება ყველას. ბუნებრივია, არის ძალიან დიდი ინტერესი მის მიმართ. მას აქვს განსაკუთრებული დატვირთვა, რადგან ეხება მოქალაქეობის კონსტიტუციური სტატუსის და უფლების მიღების და მინიჭების ახალ წესებს, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენმა კონსტიტუციამ ახალი ცვლილებებით გააუქმა ის ჩანაწერი, რომლითაც იკრძალებოდა ორმაგი მოქალაქეობა,” – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კანონპროექტით ასევე იცვლება პრეზიდენტის კომპეტენცია საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების ნაწილში, კერძოდ – პრეზიდენტს აღარ ექნება მოქალაქეობის საკითხის განხილვასთან დაკავშირებული რიგი საკითხების რეგულირების კომპეტენცია.

მათ შორის, იცვლება კომისიის დაკომპლექტების წესი: კომისიის თავმჯდომარე იქნება სააგენტოს თანამშრომელი; კომისიის წევრი აღარ იქნება ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელი; სააგენტოს ეყოლება ორი წარმომადგენელი. ასევე, როგორც განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, მოქალაქეობის მინიჭების/შეწყვეტის/დაკარგვის წესი განისაზღვრება კომისიის დადგენილებით, ნაცვლად პრეზიდენტის ბრძანებისა. საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭებისათვის აღარ იქნება შესაძლებელი პირდაპირ პრეზიდენტისათვის მიმართვა.

განმარტებითი ბარათის მიხედვით, წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს მოქალაქეობის თაობაზე გადაწყვეტილების გასაჩივრების განსხვავებულ მექანიზმს, კერძოდ: საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, გარდა საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებისა, არ ექვემდებარება სასამართლოში გასაჩივრებას.

განმარტებით ბარათის მიხედვით, ასევე  ზუსტდება რამდენიმე საკითხი, კერძოდ:

  • ზუსტდება არასრულწლოვნისთვის მოქალაქეობის შეცვლისათვის ორივე მშობლის თანხმობის საჭიროება.
  • მოქალაქეობის შესახებ კანონმდებლობა შესაბამისობაში მოდის მხარდაჭერის მიმღების შესაძლებლობებთან.
  • ზუსტდება, რომ სახელმწიფო ენის, სამართლისა და ისტორიის ცოდნის მოთხოვნები არ ვრცელდება იმგვარი ფიზიკური ნაკლის მქონე პირებზე, რომელიც შეუძლებელს ხდის მოთხოვნათა შემოწმებას.
  • პირისთვის ადამიანის, სახელმწიფოს, საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართულ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში მონაწილეობა მოქალაქეობაზე უარის თქმის საფუძველი იქნება მხოლოდ ნასამართლობის მოხსნამდე, ან გაქარწყლებამდე.
  • კანონს ემატება პირის ნატურალიზაციის ხელშემშლელი ახალი პირობა.
  • ზუსტდება და ემატება რამდენიმე ახალი ტერმინი.
  • ზუსტდება სააგენტოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის, გამოქვეყნების და ვადის ათვლის საკითხები.
  • ზუსტდება სხვა ქვეყნის მოქალაქის უფლება, მიმართოს უფლებამოსილ ორგანოს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ.
  • ასევე, ზუსტდება, რომ საგამონაკლისო წესით, მოქალაქეობის მინიჭებისას არ არის საჭირო სხვა ქვეყნის მოქალაქეობიდან გასვლის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა.

წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებით, საქართველოს მოქალაქე, იმავდროულად, შეიძლება იყოს სხვა ქვეყნის მოქალაქე, თუ ის აკმაყოფილებს კანონპროექტით წარმოდგენილი საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მოპოვების, ან საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების პირობებს.

მიღებული ცვლილებებით, დგინდება პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებისას გასათვალისწინებელი საკითხები, კერძოდ:

  • საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისათვის სახელმწიფო ინტერესის შეფასებისას, სხვებს შორის, ყურადსაღებია შემდეგი გარემოებები: სხვა ქვეყნის მოქალაქე საქართველოს საკუთარ სამშობლოდ მიიჩნევს და იგი ან მისი წინაპარი: ა) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ან აღნიშნული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირია; ბ) სხვადასხვა დროს პოლიტიკური მოსაზრებით, ან მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო ემიგრაციაში წასული პირია;

ამასთან, ცვლილებების მიხედვით, გათვალისწინებულ იქნება შემდეგი გარემოებებიც, როგორიცაა:

  • ა) განმცხადებელი საქართველოში დაბადებული ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელია და საქართველოს საკუთარ სამშობლოდ მიიჩნევს;
  • ბ) სხვა ქვეყნის მოქალაქე საქართველოში ახორციელებს/განახორციელა ისეთი ინვესტიცია, რომლითაც მას სახელმწიფოს ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს/შეიტანა;
  • გ) სხვა ქვეყნის მოქალაქე წარმატებულია სპორტის, მეცნიერების ან/და ხელოვნების სფეროში და სურს მოღვაწეობა განაგრძოს საქართველოს სახელით“.

ასევე, ცვლილებების მიხედვით დგინდება, რომ საქართველოს მოქალაქე ინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში, თუ იგი აღნიშნული ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებამდე საქართველოს სახელმწიფოდან მიიღებს თანხმობას საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე. თავის მხრივ, როგორც განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, მოქალაქეობის შენარჩუნების დროს, პირი უნდა აკმაყოფილებდეს ერთ-ერთ შემდეგ წინაპირობას:

  • ა) საქართველოს მოქალაქის ოჯახის წევრი იმ ქვეყნის მოქალაქეა, რომლის მოქალაქეობის მიღებასაც იგი აპირებს;
  • ბ) საქართველოს მოქალაქე სულ მცირე 5 წლის განმავლობაში კანონიერი საფუძვლით ცხოვრობს ან მუშაობს იმ ქვეყანაში, რომლის მოქალაქეობის მიღებასაც იგი აპირებს.

კანონპროექტით წარმოდგენილ სიახლეს წარმოადგენს ასევე აღდგენის დროებითი უფლება, კერძოდ:

“საქართველოს ყოფილ მოქალაქეს, რომელმაც დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო, უფლება აქვს ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი წლის ვადაში მიმართოს სააგენტოს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების მოთხოვნით.”

პარლამენტის წევრის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ეს არის უმნიშვნელოვანესი კანონი უცხოეთში მცხოვრები ქართველებისთვის.

“ვიცი, რომ მოლოდინი დიდია, ყველა ქვეყნიდან მოდის კითხვები, როდის და როგორ იქნება კანონი მიღებული. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ჩვენი თანამემამულეებისთვის, არამედ ჩვენი სახელმწიფოსთვის, რადგან ეს პასუხობს ჩვენს დემოგრაფიულ გამოწვევებს”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

“საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” კანონში ცვლილებების შეტანას გასული წლიდან ითხოვდნენ ზვიად ტომარაძე, ემზარ კვიციანი და მათი თანამოაზრეები. ამის მიზეზად ისინი ეთნიკური ქართველების უმცირესობაში მოხვედრის საფრთხეს ასახელებდნენ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ შემუშავებული კანონპროექტის განმარტებით ბარათში არსად არის ნახსენები დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორება და ა.შ. განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ კანონპროექტის მიღების მიზანი მხოლოდ მოქმედი კანონმდებლობის საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილ ცვლილებებთან ჰარმონიზებაა.

საქართველოს მოქალაქის პასპორტი

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.