ახალი ამბები

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთმა ასადის ნაცვლად სირიელ ამბოხებულთა დროშა გამოიყენა

20 ივლისი, 2018 • 7316
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთმა ასადის ნაცვლად სირიელ ამბოხებულთა დროშა გამოიყენა

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი მედოევი სირიას ეწვევა. ამის შესახებ ე.წ. რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფეისბუქ გვერდზე დაიწერა.

სამინისტროს გვერდზე განთავსებულ პოსტს ფოტოს სახით ორი დროშა აქვს მიმაგრებული. სავარაუდოდ, ავტორს ე.წ. სამხრეთ ოსეთის დროშასთან ერთად სირიის იმ დროშის განთავსება სურდა, რომელსაც ასადის მთავრობა აღიარებს, თუმცა ამის ნაცვლად, ფოტოზე სირიელ ამბოხებულთა დროშაა დატანილი. პოსტი დადებიდან 2 საათში წაიშალა.

ფოტოზე მოცემული დროშა “სირიის რევოლუციური და ოპოზიციური ძალების კოალიციას” ეკუთვნის, რომელში შემავალი დაჯგუფებებიც 2011 წლიდან ასადის რეჟიმთან სამოქალაქო ომში არიან ჩაბმულნი. ისინი ამჟამინდელი პრეზიდენტის მთავრობას არ აღაირებენ და სიმბოლურად ე.წ. დამოუკიდებლობის დროშას იყენებენ, რომელიც სირიის არაბთა რესპუბლიკის სიმბოლოს წარმოადგენდა 1932-1958 წლებში. ის მწვანე, თეთრი და შავი ფერებისაგან შედგება და ზედ 3 ვარსკვლავია დატანილი.

დროშა, რომელსაც სირიის ოპოზიცია აღიარებს

დროშა, რომელსაც სირიის ოპოზიცია აღიარებს

დროშა კი, რომელსაც ასადის მთავრობა აღიარებს, ქვეყნის ეროვნული სიმბოლო 1958 წელს გახდა. 1961 წლის 28 სექტემბერს, სამხედროების მიერ მოწყობილი გადატრიალების შემდეგ, ის ჩაანაცვლეს მანამდე  მოქმედი(ამჟამად, ოპოზიციური) დროშით, თუმცა 1980 წელს კვლავ აღადგინეს და 2011 წლამდე ქვეყნის უალტერნატივო სიმბოლოს წარმოადგენდა.

დროშა, რომელსაც ასადის მთავრობა აღიარებს

სირიამ ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა 2018 წლის 29 მაისს აღიარა. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყებოდა, რომ ორივე მათგანთან შეთანხმდა “ურთიერთაღიარებასა და დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებაზე საელჩოების დონეზე”.

ერთ თვეში, 29 ივნისს, სირიის ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა მომხდარი დაგმო და აღნიშნა, რომ ოპოზიცია პატივს სცემს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

მასალების გადაბეჭდვის წესი