ახალი ამბები

ტრამპი პუტინს ვაშინგტონში ეპატიჟება

20 ივლისი, 2018 • 1595
ტრამპი პუტინს ვაშინგტონში ეპატიჟება

დონალდ ტრამპი იმედოვნებს, რომ მეორე შეხვედრა მასსა და ვლადიმერ პუტინს შორის ვაშინგტონში შედგება. ამის შესახებ CNN აშშ-ის პრეზიდენტის სპიკერ სარა სანდერსზე დაყრდნობით იუწყება.

როგორც სანდერსმა “ტვიტერზე” დაწერა, პრეზიდენტმა ტრამპმა უკვე სთხოვა მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვაშინგტონში შემოდგომაზე მიიწვიოს. მისი ინფორმაციით, შესაბამისი მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.

დონალდ ტრამპი ამ დრომდე საუბრობს ჰელსინკიში გამართული შეხვედრის წარმატების შესახებ. პრეზიდენტმა “ტვიტერზე” შესაბამისი შინაარსის არაერთი განცხადება განათავსა, სადაც სიცრუეში ადანაშაულებს”ყალბ მედიას”, რომელმაც აღნიშნული შეხვედრის შემდეგ ტრამპი გააკრიტიკა.

“სამიტი რუსეთთან დიდი წარმატება იყო, გარდა ხალხის რეალური მტრის, ყალბი მედიისთვის. ველოდები ჩვენს მეორე შეხვედრას, რათა იმ საკითხთა აღსრულება დავიწყოთ, რომლებიც განვიხილეთ, მათ შორის ტერორიზმის შეჩერება, ისრაელის თავდაცვა, ბირთვული[საკითხი]…” – აღნიშნავს ტრამპმი ერთ-ერთ ბოლო პოსტში.

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები ერთმანეთს 16 ივლისს ჰელსინკიში შეხვდნენ. შეხვედრის შემდეგ ტრამპმა და პუტინმა პრესკონფერენცია გამართეს, რომელზეც ჟურნალისტებმა სხვა საკითხებთან ერთად კითხვები აშშ-ის 2016 წლის არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევაზე დასვეს. მაშინ ტრამპმა აღნიშნულის შესაძლებლობა გამორიცხა, თუმცა, მწვავე კრიტიკის ფონზე, მეორე დღეს განმარტა, რომ საუბრისას შეცდომა დაუშვა და ენდობა აშშ-ის სადაზვერვო სამსახურის დასკვნას, რომლის მიხედვითაც მოსკოვის ჩარევას არჩევნებში მართლაც ჰქონდა ადგილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი