ხორავას საქმეზე ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილე ცრუ ჩვენების ბრალდებით დააკავეს

დღეს, 19 ივლისს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილი საქმის ფარგლებში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით არასრულწლოვანი დ.ღ. დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, დ.ღ-მ, რომელიც უშუალოდ შეესწრო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტს, განზრახ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს და მისცა ცრუ ჩვენება, კერძოდ:

“ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გამოძიებაში მოწმის სახით გამოკითხვისას დ.ღ -მ განაცხადა, რომ გარდაცვლილ დავით სარალიძეს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ კონფლიქტში მონაწილე გ.ჯ და მ.კ, რა დროსაც მ.კ. ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა დავით სარალიძეს, თუმცა სასამართლოში ჩვენების მიცემისას მ.კ-ს ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობა უარყო.”

გამოძიების ინფორმაციით, სასამართლო სხდომამდე დ.ღ. შეხვდა გარდაცვლილი დავით სარალიძის მშობელს და ესაუბრა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, თუმცა სასამართლო განხილვის სტადიაზე მსგავსი შეხვედრა და საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე საუბარი უარყო.

“შესაბამისად, მოწმე დ.ღ-მ არასწორი ინფორმაცია არაერთხელ მიაწოდა სასამართლოს როგორც დანაშაულის, ისე შემდგომ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.”

შეგახსენებთ, რომ გამოყოფილი საქმის ფარგლებში, მოწმეზე ზემოქმედებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულები არიან მირზა სუბელიანი და მერაბ მორჩაძე.

შსს-ს განცხადებით, მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს გამოძიებას.

  • ნეტგაზეთის ყველა სიახლე სარალიძე-დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.