ახალი ამბებიგართობა

სამსუნგმა მომავალ წელს შესაძლოა დასაკეცი ტელეფონი გამოუშვას

19 ივლისი, 2018 • 2305
სამსუნგმა მომავალ წელს შესაძლოა დასაკეცი ტელეფონი გამოუშვას

სამსუნგმა მომავალ წელს შესაძლოა დასაკეცი მობილური ტელეფონი გამოუშვას. ინფორმაციას ამის შესახებ The Verge Te Wall Street Journal-ზე დაყრდონით ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ტელეფონს 17-სანტიმეტრიანი ეკრანი ექნება, რომელიც შუა ნაწილში გადაიკეცება და საფულის ფორმას მიიღებს.

გამოცემის ცნობით, მოწყობილობას ეკრანი გარეთა მხარესაც ექნება. The Verge წერს, რომ ორი ეკრანის გამო კომპანიას უფრო ძლიერი ელემენტის ჩაშენება მოუწევს, რაც სამსუნგის გალაქსი ნოუთ 7-ის პრობლემების ფონზე ექსპერტების აღელვებას იწვევს. სავარაუდოდ, ახალი მოდელის ფასი 1 500 აშშ დოლარზე მეტი იქნება.

დასაკეცი ტელეფონის კონცეფცია, The Verge-ის თქმით, კომპანიისთვის ახალი არაა. ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სამსუნგი მსგავსი მოდელის შექმნაზე მუშაობდა, გამოცემა წლების განმავლობაში იღებდა. გასული წლის ოქტომბერში ფოტოებიც გავრცელდა სამსუნგის პატენტის, სადაც დასაკეცი ტელეფონის დიზაინი იყო გამოსახული.

ცნობებს იმის შესახებ, რომ დასაკეც ტელეფონზე მუშობდნენ, არც კომპანიაში უარყოფდნენ. კომპანიაში 2017 წლის აპრილში აცხადებდნენ, რომ გეგმავდნენ შეექმნათ ეკრანი, რომელსაც ჩარჩო არ ექნებოდა – ამის შემდეგ კი დრეკადი ეკრანის შექმნაზე იმუშავებდნენ. ამ დრომდე სამსუნგმა არაერთი მობილური მოწყობილობა ჩაუშვა გაყიდვაში, რომელთა ჩარჩოს სისქეც მინიმუმამდეა დაყვანილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი