ახალი ამბები

შიმშილობის 65-ე დღე – შესაძლებელია თუ არა რუსეთის პატიმარ სენცოვის გადარჩენა

19 ივლისი, 2018 • 2352
შიმშილობის 65-ე დღე – შესაძლებელია თუ არა რუსეთის პატიმარ სენცოვის გადარჩენა

უკვე 65-ე დღეა, რაც უკრაინელი რეჟისორი ოლეგ სენცოვი რუსეთის ციხეში შიმშილობს. სენცოვს 2015 წელს რუსეთის სასამართლომ 20-წლიანი პატიმრობა შეუფარდა, მას ბრალად ტერორიზმი ედება. რამდენიმე დღის წინ სენცოვის დედამ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, მისი შვილის შეწყალება სთხოვა, თუმცა პუტინის ადმინისტრაციისგან ჯერ არაფერი ისმის.

როგროც BBC-ს რუსული სამსახური წერს, ოლეგ სენცოვის დედამ, ლუდმილა სენცოვამ პუტინს თხოვნის წერილით მიმართა,რომელიც მედიაში 13 ივლისს გავრცელდა.

“ჩემთვის რთულია ჩემივე შვილის ბრალეულობაზე საუბარი, თუმცა მე მას როგორც მშვიდობიან მოქალაქესა და ადამიანს ვიცნობ, რომელიც თავისი პროფესიით – კინორეჟისორობითაა გატაცებული. მე არ ვაპირებ დაგარწმუნოთ, ჩემი შვილის, ოლეგის უდანაშაულობაში, თუმცა თავად მწამს ამის. უბრალოდ ვიტყვი, რომ მას არავინ მოუკლავს.

გთხოვთ, ბატონო ვლადიმერ, შეიწყალეთ ჩემი შვილი, არ გაწიროთ მისი და მისი ახლობლების სიცოცხლეები” – წერია ლუდმილა სენცოვას წერილში.

“გრომადსკეს ტელევიზიის” ინფორმაციით, შუამდგომლობა 22 ივნისს დაიწერა, 26 ივნისს კი ის პუტინს გადასცეს. თუმცა პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ წერილი კრემლს ჯერ არ მიუღია.

“ცხადია, მას აუცილებლად განიხილავენ, ის არ დარჩება ყურადღების მიღმა. თუმცა, რამდენად გახდება წერილი რაიმე ქმედების საფუძველი, მათ შორის შეწყალების პროცედურის ინიცირებისა, ამას ახლა ვერ გეტყვით,” – განმარტა დიმიტრი პესკოვმა.

შეუძლია თუ არა პუტინს სენცოვის შეწყალება?


BBC-ის ცნობით, იურიდიული თვალსაზრისით ლუდმილა სენცოვას წერილი შეწყალების თხოვნად ვერ ჩაითვლება. რუსეთის კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტს ნებისმიერი პატიმრის შეწყალება შეუძლია. თუმცა კანონი, რომელიც შეწყალების პროცედურას არეგულირებს, ამბობს, რომ პრეზიდენტს პატიმარმა უნდა მიმართოს, რაც უწყების ადმინისტრაციის გავლით ხდება.

კანონში არაფერი წერია იმის შესახებ, შეუძლიათ თუ არა შეწყალების შესახებ თხოვნა პატიმრის ოჯახის წევრებს ან მესამე პირებს.

მაგრამ მიუხედავად ამისა, იმ პატიმართა შეწყალების პრეცედენტი, რომელსაც არ უღიარებია დანაშაული და თავად არ მიუმართავს პრეზიდენტისთვის – არსებობს. სწორედ ასეთი იყო ნადია სავჩენკოს შემთხვევა. უკრაინელი პილოტს, რომელსაც 22 წელი მიუსაჯეს, ბრალად ედებოდა რუსი ჟურნალისტების მკვლელობაში მონაწილეობა. სავჩენკომ ბრალი არ აღიარა.

ვლადიმერ პუტინმა სავჩენკო შეიწყალა  დონბასში დაღუპულ ჟურნალისტთა მეუღლეების შუამდგომლობით. უკრაინის მთავრობას სავჩენკო 25 მაისს გადასცეს.

“ოკუპანტის სასამართლო სამართლიანი ვერ იქნება”- სენცოვის საქმე მოკლედ

“ოკუპანტის სასამართლო სამართლიანი ვერ იქნება” – ასე დაიწყო ოლეგ სენცოვმა თავისი  სიტყვა სასამართლო პროცესზე, რომელზეც მას  20 წელი მიუსაჯეს.  სენცოვთან ერთად 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს აქტივისტ ალექსანდრ კოლჩენკოს.

ბრალდების მიხედვით, 2015 წლის გაზაფხულზე, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, ბრალდებულებმა “ყირიმის რუსული თემისა” და “ედინაია როსიის” სიმფეროპოლის ოფისების გადაწყვა დაგეგმეს. გარდა ამისა, რუსეთის ფედერალური სამსახურის თქმით, სენცოვს ლენინის ძეგლის აფეთქებაც ჰქონდა განზრახული.

თავად ბრალდებულები თვლიან, რომ მათ წინააღმდეგ წარმოებული საქმე პოლიტიკურ ელფერს ატარებს, ხოლო ნივთმტკიცებულება  ფალსიფიცირებულია გამოძიების მიერ. თავად ოლეგ სენცოვის თქმით, დაკავების შემდეგ ფედერალური სამსახურის წარმომადგენლები მას აწამებდნენ და სცემდნენ იმ იმედით, რომ მისგან აღიარებას მოიპოვებდნენ.

“ღალატი  სიმხდალის ერთ-ერთი ფორმაა. დიდი ღალატი ზოგჯერ პატარა ასეთი სიმხდალით იწყება.. როდესაც შენ თავზე ტომარას წამოგაცმევენ და ცოტათი გცემენ, ნახევარ საათში შენ უკვე მზად ხარ უარი თქვა იმაზე, რისიც გჯერა… არ ვიცი, რად შეიძლება ღირდეს შენი ღირებულებები, თუ შენ არ ხარ მზად, მათ გამო დაშავდე ან მოკვდე,” – თქვა სენცოვმა სასამართლოზე.

დაკავებული კინორეჟისორი ლაბიტნანგის კოლონიაში იმყოფება, სადაც 65-ე დღეა, რაც შიმშილობს. მან შიმშილობა ამა წლის 14 მაისს დაიწყო.

BBC-ის ინფორმაციით, რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებმა სენცოვის გაცვლის საკითხი უკვე ორჯერ განიხილეს. თუმცა ჯერჯერობით უცნობია რაიმე სხვა სახის დეტალი.

რაც შეეხება მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, როგორც Gordonua წერს, რუსეთმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს უკვე მიაწოდა სენცოვის შესახებ ჯანმრთელობის ცნობები. ამის შესახებ უკრაინის იუსტიციის მინისტრმა, პაველ პეტრენკომ განაცხადა, რომელმაც განმარტა, რომ უკრაინამ სასამართლოში შეიტანა სპეციალური განაცხადი, რომელიც რუსეთს ავალდებულებს სენცოვის ჯანმრთელობის მდგომარეობის დეკლარირებასა და ექიმების დახმარებას.

გარდა ამისა, ამავე დოკუმენტის მიხედვით, უკრაინა რუსეთს სთხოვს მისი უკანონო დაკავების შეწყვეტას. შესაბამის მოთხოვნას უკრაინა სენცოვის შიმშილობით ამყარებს. მინისტრის განმარტებით, უკრაინა გააგრძელებს ყველა საჭირო ზომის გატარებას, რათა კინორეჟისორი რუსეთის მხარემ გაათავისუფლოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი