ფოფხაძე ბოდიშს იხდის – “ვთხოვ ჩემს კოლეგებს, რომ მომიტევონ”

გედევან ფოფხაძე, რომელმაც დავით ჭიჭინაძის გარიცხვის გამო “ქართულ ოცნებას” კომკავშირი და კომპარტია უწოდა, თანაგუნდელებს ბოდიშს უხდის. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს დღეს განუცხადა.

“ბოდიშს ვიხდი ამ ციტატის გამო. ვთხოვ ჩემს კოლეგებს, რომ მომიტევონ, ემოციური იყო”, – თქვა ფოფხაძემ.

დეპუტატის თქმით, მას სურს, რომ ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვის გადაწყვეტილება პარტიის სამდივნომ შეცვალოს.

“მე მაქსიმალურად მინდა ამ სიტუაციაში ვითამაშო შუამავლის როლი. თავის დროზე დათო ჭიჭინაძე მარწმუნებდა, რომ მე არ უნდა წავსულიყავი “ქართული ოცნებიდან”, ჩვენი გუნდურობა და ერთად ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანიაო. მეც ვაპირებ, რომ იგივე გავაკეთო და დავითს ვესაუბრო ამ საკითხებთან დაკავშირებით.

მე მინდა, რომ პოლიტსაბჭომ ეს გადაწყვეტილება შეცვალოს. თუ ვინმეს რაიმე წყენა აქვს ჭიჭინაძესთან მიმართებაში, ამაზეც გუნდის შიგნით ვისუაბროთ”, – თქვა ფოფხაძემ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com