ზახაროვა: ჩვენი ინტერესია, რომ თბილისთან ურთიერთობები სრულმასშტაბიანად აღდგეს

“ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობები სრულმასშტაბიანად აღდგეს”, – რ2-თან ინტერვიუში ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ გააკეთა.

მისი თქმით, ეს სრულად პასუხობს ქართველი და რუსი ხალხის საფუძვლიან ინტერესებს და რუსეთის მხრიდან არავითარი დაბრკოლება არ არსებობს.

“ურთიერთობების ნორმალიზების პროგრესი დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ თბილისის პოლიტიკურ ნებასა და რეალიზმზე.”, – განცხადა ზახაროვამ.

საპასუხოდ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა რუსეთს შეახსენა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიები და თქვა, რომ ურთიერთობების აღდგენის საკითხი სწორედ ამ წითელ ხაზზე გადის.

“სრულფასოვანი ურთიერთობები გადის იმ წითელ ხაზზე , რომელსაც ჰქვია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, ამიტომ ყველა, მათ შორის რუსეთის ფედერაცია, ვალდებულია პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ნორმებს”, – თქვა ზალკალიანმა.

“ჩვენ არაერთი კონსტრუქციული ნაბიჯი გადავდგით მიუხედავად ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციისა , სამწუხაროდ, ამას შემხვედრი ნაბიჯები არ მოჰყოლია მათი მხრიდან. ჩვენი პოლიტიკა გამიზნულია იქითკენ, რომ სამშვიდობო ინიციატივები გაგრძელდეს”, – განაცხადა ზალკალიანმა.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com