ახალი ამბები

თურქეთში ორწლიანი საგანგებო მდგომარეობა დასრულდა

19 ივლისი, 2018 • 2006
თურქეთში ორწლიანი საგანგებო მდგომარეობა დასრულდა

თურქეთში 2016 წლის 15 ივლისის გადატრიალების მცდელობისას გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა ორი წლის შემდეგ ხელისუფლებამ გააუქმა, თუმცა მმართველი პარტია ახალ ანტიტერორისტულ კანონმდებლობას იღებს. თურქული მედიის ცნობით, ოპოზიცია აღნიშნულ კანონს ისეთივე რეპრესიულად მიიჩნევს, როგორც თავად საგანგებო მდგომარეობას.

საგანგებო მდგომარეობა თურქეთში 2016 წლის 20 ივლისს გამოცხადდა და მას შემდეგ რამდენჯერმე გახანგრძლივდა. აღნიშნულს წინ უძღოდა გადატრიალების მცდელობა. თურქი სამხედროების გარკვეულმა ჯგუფმა სახელმწიფო მართვის სადავეების ხელში ჩაგდება განიზრახა. მათი თქმით, თურქეთის ხელისუფლებამ სეკულარული ქვეყნის პრინციპებს უღალატა და არადემოკრატიული მმართველობა დაამყარა. ამბოხება ერდოღანის ხელისუფლებამ რამდენიმე საათში ჩაახშო.

გადატრიალების მცდელობას თურქეთში 250-მდე ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის იყვნენ ამბოხებულებიც. თურქეთის ხელისუფლებამ მკაცრად უპასუხა ამბოხებას, რომლის ორგანიზებაშიც აშშ-ში მცხოვრები ყოფილი სასულიერო პირი და ბიზნესმენი ფეთულა გიულენი დაადანაშაულეს. თურქეთში გიულენის მოძრაობასთან კავშირის ბრალდებით (ერდოღანის ხელისუფლებამ გიულენის ორგანიზაცია ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარა),  დახურეს 170-მდე მედიასაშუალება და 1 500-მდე ფონდი და არასამთავრობო ორგანიზაცია, 3 ათასამდე ჟურნალისტმა დაკარგა სამსახური, ასევე, სამსახურებიდან გაათავისუფლეს 100 ათასზე მეტი საჯარო მოხელე, მასწავლებელი, მოსამართლე, პოლიციელი და სამხედრო.

სისხლის სამართლის საქმის გამოძიება დაიწყო 100 ათასამდე საქმეზე, ხოლო 50 ათასამდე ადამიანი გისოსებს მიღმა აღმოჩნდა. აღნიშნული კი შესაძლებელი გახდა სწორედ საგანგებო მდგომარეობის დროს გამოცხადებული დეკრეტებით. საგანგებო მდგომარეობა ანიჭებდა ხელისუფლებას, პრაქტიკულად, შეუზღუდავ ძალაუფლებას, მათ შორის მედიასაშუალებებისა და სხვა ორგანიზაციების დახურვის, გამოძიების დაწყებისა და ვინმეს დაკავების კუთხით. რეპრესიული პოლიტიკისა და ზედმეტად მკაცრი სასჯელების გამო, თურქეთი არაერთხელ გახდა როგორც ადამიანის უფლებადამცველების, ისე დასავლური სახელმწიფოების კრიტიკის ობიექტი.

საგანგებო მდგომარეობის გაუქმება საპრეზიდენტო არჩევნებში ერდოღანის ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო, თუმცა ის აცხადებდა, რომ ეს არ უნდა მომხდარიყო ანტიტერორისტული კანონმდებლობის მიღების გარეშე. სწორედ ამ ანტიტერორისტულ კანონმდებლობაზე ამბობს თურქეთის ოპოზიცია, რომ ის ისეთივე ძალაუფლებასა და მოქმედების თავისუფლებას ანიჭებს ხელისუფლებას, როგორც გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი