ახალი ამბები

ტრამპის აზრით, მონტენეგროს შეუძლია ნატო მესამე მსოფლიო ომში ჩაითრიოს

19 ივლისი, 2018 • 3448
ტრამპის აზრით, მონტენეგროს შეუძლია ნატო მესამე მსოფლიო ომში ჩაითრიოს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა “ფოქს ნიუსთან” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მონტენეგრომ შესაძლოა ნატო მესამე მსოფლიო ომში ჩართოს.

ინტერვიუ ტრამპთან 17 ივლისს ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში ჩაწერეს, სადაც აშშ-ის პრეზიდენტი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდა. ამ შეხვედრის გამო ტრამპი ამერიკულმა მედიამ გააკრიტიკა, რადგან მან არ ისაუბრა პუტინთან შეხვედრისას ამერიკის საპრეზიდენტო არჩვენებში რუსეთის ჩარევის თაობაზე.

“მესმის თქვენი კითხვის შინაარსი, მეც იგივე კითხვა მებადება”, – ასე უპასუხა ტრამპმა ჟურნალისტის შეკითხვას, “რატომ უნდა იომოს ჩემმა შვილმა მონტენეგროს დასაცავად?”.

“მონტნეგრო პატარა ქვეყანაა, მამაცი და აგრესიული ხალხით. და გილოცავთ, თქვენ მესამე მსოფლიო ომში ხართ ჩართული”, – განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა გაიხსენა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წესდების მე-5 მუხლი, რომელიც მისი წევრების კოლექტიურ თავდაცვას გულისხმობს, “ნატოს მოუწევს მონტენეგროს თავდაცვა, რადგან ის ასეა მოწყობილი”, – განაცხადა ტრამპმა.

“ფოქს ნიუსთან” საუბრისას ტრამპმა კიდევ ერთხელ ახსენა ის გარემოება, რომ ნატოს წევრმა ქვეყნებმა უნდა შეასრულონ ფინანსური ვალდებულებები.

მონტენეგრო 2017 წელს გახდა ნატოს 29-ე წევრი ქვეყანა. მონტენეგროს ნატოში გაწევრებას რუსეთი ეწინააღმდეგებოდა. მოსკოვმა პოდგორიცა ამ არჩევანის გამო გააკრიტიკა.

რუსეთი ყველა ხერხით ცდილობს წინ აღუდგეს ნატოს გაფართოებას. ის ხელს უშლის მაკედონიის ნატოში გაწევრებას. საბერძნეთის მედიამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსი დპლომატები ცდილობენ მოისყიდონ პოლიტიკოსები და სასულიერო პირები, რათა ჩაშალონ საბერძნეთსა და მაკედონიას შორის მიღწეული შეთანხმება. ამ შეთახმების შედეგად საბერძნეთი მაკედონიის ნატოში მიღებას მხარს დაუჭერს.

მასალების გადაბეჭდვის წესი