ახალი ამბები

ჭიჭინაძის თქმით, ოცნებიდან მედროვეებმა გარიცხეს, რომლებიც სკამებს სცემენ პატივს

18 ივლისი, 2018 • 2297
ჭიჭინაძის თქმით, ოცნებიდან მედროვეებმა გარიცხეს, რომლებიც სკამებს სცემენ პატივს

“ქართული ოცნებიდან” გარიცხული დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ პარტიიდან მისი გარიცხის მომხრეები მედროვეები არიან, რომლებიც სკამებს სცემენ პატივს და არა ადამიანებს.

დღეს, 18 ივლისს, პარლამენტარი დავით ჭიჭინაძე “ქართული ოცნებიდან” გარიცხეს. მაჟორიტარმა “ტვ პირველის” ეთერით, გადაცემაში “პოლიტმეტრი” ისაუბრა ქართულ ოცნებაში არსებულ დაპირისპირებასა და ირაკლი კობახიძის მიმართ მის დამოკიდებულებაზე.

“ბავშვობიდან მიჩვეული ვარ, სკოლიდანაც გამრიცხეს კომკავშირის ბილეთთან უდიერად მოპყრობისთვის. ჩემი ისტორია იმას ჰგავს, კაცს კომუნისტური პარტიიდან რიცხავდნენ და აღმოჩნდა, რომ კომუნისტური პარტიის წევრი არ იყო. არჩევნების წინ თვითონ შემიყვანეს, რადგანაც მაჟორიტარი ვიყავი, სიით ქართული ოცნების წევრი ვყოფილიყავი… საერთოდ, არა რაოდემობა წყვეტს, ხარისხი წყვეტს. რომელი უფრო მაგარია, ერთი მგელი თუ 100 ცხვარი?! ამას ცხოვრება გამოარჩევს, ვინ დარჩა [პარტიაში]. იქ არის ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანი, რომელიც თავის სიტყვას იტყვის”, – ამბობს დავით ჭიჭინაძე.

დავით ჭიჭინძე არ ელოდა, თუ “ქართული ოცნებიდან” გარიცხავდნენ. იგი ამბობს, რომ 9 თვე არ ელაპარაკებოდა ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ბანკებთან დაკავშირებით. ჭიჭინაძეს ის უკვირს, რომ მაშინ ყველა კვირიკაშვილის მხარეს იჭერდა, თუმცა, როდესაც გადადგა, შემდეგ კვირიკაშვილის კრიტიკა დაიწყეს.

პარლამენტარი ირაკლი კობახიძის განცხადებასაც გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ კვირიკაშვილი ეწინააღმდეგებოდა შრომითი უსაფრთხოების პირობების გამკაცრებას. ჭიჭინაძე ამბობს, რომ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის დროს არ გაუგია, რომ კობახიძეს გაეპროტესტებინოს კონსტიტუციაში 94-ე მუხლის შეტანა.

“ბექა ნაცვლიშვილი აპროტესტებდა კონსტიტუციაში 94-ე მუხლის, “აუდიტორია 115-თან” ერთად. ეს მახსოვს.კობახიძის პროტესტი მე არ მახსოვს. იქიდან გამომდინარე, რომ ეს განცხადებები იყო კრიტიკული, ყველაფერი წესრიგში რომ არ იყო, ახლა გამოჩნდა. როდესაც შარშან ვაკეთებდი კრიტიკულ განცხადებებს მთავრობის მიმართ, დღეს გამოდიან და ყველა ერთად იმ მთავრობას წიხლავს. მოვა დრო, ეს ადამიანები, ვინც ხელმომწერები არიან, დაავიწყდება საზოგადეობას. იმ თვალსაზრისით, რა პოლიტიკური კვალი დატოვეს, ერთი რამ ნამდვილად დარჩება ამ ადამიანების, მედროვე ადამიანები არიან. პატივს სცემენ არა პიროვნებებს, არამედ სკამებს. თუ ვინმე მაღალ სკამზე ზის, იმას სცემენ პატივს”, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი