იენს სტოლტენბერგი: შავ ზღვას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ=მინისტრ მამუკა ბახტაესთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ნატოსთვის შავი ზღვა სტრატეგიული რეგიონია და მისი დაცვისთვის ნატო საქართველოსთან თანამშრომლობს.

“ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს სწრაფვას ევროატლანტიკური სივრცისკენ. ნატოს ყველა მოკავშირე ადასტურებს იმას, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. საქართველო წარმატებით ახორციელებს რეფორმებს, მათ შორის ეკონომიკურ რეფორმებს. მნიშვნელოვანია, რომ რეფორმების გატარების მცდელობა კვლავ გრძელდება. მომავალ წელს საქართველო და ნატო მიიღებენ მონაწილეობას ერთობლივ წვრთნებში. დღეს ჩვენ ვისაუბრეთ შავი ზღვის ფარგლებში უსაფრთხოების სამხედრო თანამშრომლობის შესახებ, რომელიც უნდა ჩამოყალიბდეს რეგიონში. შავ ზღვას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, ნატო და საქართველო თავის თანამშრომლობას ამ მიმართულებით ახორციელებენ. სასაზღვრო დაცვის ფარგლებში გამართული წვრთნები მნიშვნელოვანი თანამშრომლობაა ნატოს და საქართველოს საზღვაო ძალებს შორის”, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

სტოლტენბერგმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ნატოს სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის გამო.  გენერალური მდივნის თქმით, ალიანსი აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, რომ თავისი ძალები გაიყვანოს ცხინვალიდან და აფხაზეთიდან.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com