უნივერსიტეტების ეზოებში თამბაქოს მოწევა შესაძლოა დასაშვები გახდეს

დეპუტატ აკაკი ზოიძის თქმით, “თამბაქოს კონტროლის შესახებ” კანონში ცვლილებების მომზადება იგეგმება, რომელთა შემდეგ შესაძლოა თამბაქოს მოწევა დასაშვები გახდეს სამედიცინო დაწესებულებებისა და უნივერსიტეტების ეზოებში. აღნიშნული დეპუტატმა საზოგადოებრივ მაუწყებელს უთხრა.

როგორც ზოიძე განმარტავს, ახალი კანონმდებლობით სამედიცინო და უმაღლესი სასწავლებლების გარე ტერიტორიაზე თამბაქოს მოწევა აიკრძალა, რაც კონფლიქტის წყარო გახდა. ეს კი სამომავალო ცვლილებების მიზეზი შეიძლება გახდეს.

„პრაქტიკამ აჩვენა, რომ ეს ძალიან დიდ კონფლიქტებთან არის დაკავშირებული და აღსრულებაც მძიმე პრობლემაა. მაგალითად, პაციენტი რეანიმაციაში რომ მიჰყავთ, ოჯახის წევრები აკრძალულ ტერიტორიაზე ეწევიან და საავადმყოფოს დაცვასა და ოჯახის წევრებს შორის ბევრი კონფლიქტი დაფიქსირდა“, – განაცხადა დეპუტატმა.

დეპუტატმა ასევე განმარტა, რომ ცვლილებები შეეხება მხოლოდ გარე ტერიტორიას და ასევე დასძინა, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს თამბაქოს მოწევა ღია სივრცეებშიც აიკრძალება, სიმართლეს არ შეესაბამება.

„დეპუტატ ნუკრი ქანთარიას წინადადება იყო, რომ სპექტაკლების დროს, თუ რეჟისორი სპეციალურ საბჭოსთან მოწევის აუცილებლობას დაასაბუთებს, მოწევა დაშვებული იყოს. ამაზე ვიმსჯელეთ და ვთქვით, რომ მოვიფიქრებთ“, –  აღნიშნავს აკაკი ზოიძე.

“თამბაქოს კონტროლის შესახებ” კანონი 2018 წლის 1 მაისიდან ამოქმედდა. მისი მიხედვით, მოწევა იკრძალება შენობა–ნაგებობებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და ა.შ. გარდა დადგენილი გამონაკლისებისა.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან