ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

“ვიზებით ინტერესდებიან, სად და რატომ ვარ ნამყოფი”, – რუსი მესაზღვრეებით უკმაყოფილო აფხაზები  

18 ივლისი, 2018 • 3480
“ვიზებით ინტერესდებიან, სად და რატომ ვარ ნამყოფი”, – რუსი მესაზღვრეებით უკმაყოფილო აფხაზები  

ზაფხულობით აფხაზეთის მოსახლეობა განსაკუთრებული საჭიროების გარეშე ცდილობს, მდინარე ფსოუზე არსებული რუსეთის საზღვარი საერთოდ არ გადაკვეთოს.

ამ გამშვებ პუნტზე მრავალსაათიანი რიგები ჩვეულებრივი ამბავია. რამდენიმე წლის წინ ეს პუნქტი კონდიცირებულ შენობაში გადაიტანეს, თუმცა პიკის საათებში იქ მოსახვედრად მაინც სიცხეში დგომა და ლოდინი გიწევს.

თუკი საზღვარს რუსეთის მხრიდან შევხედავთ, პირველ ფანჯარასთან გრძელ რიგს დავინახავთ. თავიდან უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის თანამშრომლები პასპორტებსა და მათ ვარგისიანობას ამოწმებენ. ამისთვის გარკვეული დროა საჭირო. პირველი შემოწმების შემდეგ კი, ადამიანები უკვე დახურულ პუნქტში შედიან, სადაც ხშირად ისმის აღშფოთებული ხმები – “რატომ არ მუშობს ყველა ფანჯარა?!”

სასაზღვრო სამსახურის თანამშრომელსა და რიგში მდგომ აფხაზ ქალს შორის დაპირისპირების მოწმე დღესაც გავხდი.

“ნუთუ ეს ნორმალურია, 10 ჯიხურიდან მხოლოდ 5 მუშაობს,  სპეციალურად აკეთებთ, რომ ჩევნთან ტურისტები აღარ ჩამოვიდნენ, აქ იმიტომ აწვალებთ ხალხს, რომ სოჭში ჩავიდნენ? ნახეთ, რამდენი ბავშვი იცდის რიგში”, – ამბობს ქალი.

მას მაშინვე სხვა მგზავრები აჰყვნენ. ყველა მოითხოვდა დამატებით ფანჯრის გახსნას. სასაზღვრო სამსახურის თანამშრომელი ქალი კი ანერვიულებული მოქალაქეების დამშვიდებას შეეცადა:

“არ გვინდა თქვენი წვალება, უბრალოდ, თანამშრომლები არ გვყოფნის, ორ ცვლაში ვმუშაობთ და ისე გემსახურებით. გთხოვთ, წესრიგი დაიცავით”.

გარკვეული დროოს განმავლობაში რიგში მდგომი მოქალაქეები განიხილავდნენ რუსეთთან გამშვებ პუნქტზე არსებული მუდმივი სირთულეების მიზეზებს. ქალი, რომელმაც პირველმა დაიწყო სკანდალი, ირწმუნებოდა, რომ რუსები სპეციალურად ართულებენ საზღვრის გადაკვეთის პროცესს, რათა რუსი ტურისტები აფხაზეთში სულ ნაკლებად ჩადიოდნენ. ზოგიერთის აზრით კი, საქმე მხოლოდ საზღვრის თანამშრომელთა არაპროფესიონალიზმშია.

პირადად მე იშვიათად მქონია პრობლემა რუსეთის საზღვარზე გადაადგილების დროს. თუმცა ზოგჯერ რუსი მესაზღვრეები მეკითხებიან, თუ რა მიზნით მივდივარ აფხაზეთში, იმის მიუხედავად, რომ ჩემს პასპორტში დაბადების ადგილად სოხუმია მითითებული. მას შემდეგ, რაც ვეუბნები, რომ სოხუმში ვცხოვრობ, მალევე მატარებენ.

ამჯერად ჩემ წინ რიგში აფხაზეთისკენ მომავალი ოჯახი დგას ულიანოვსკიდან – დედა, მამა და ორი მცირეწლოვანი შვილი. 5-6 წლის ბავშვებს მესაზღვრეებთან გასაუბრება დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში მოუწიათ.

მესაზღვრე ფანჯრიდან ეკითებოდა ბავშვებს დაბადების თარიღს, მშობლების გვარებს, სად მიდიან და ვისთან გაგრაში.

როდესაც მეც და რუსების ოჯახმაც საზღვარი გადავკვეთეთ, შემდეგი პუნქტისკენ წავედით, იქ, სადაც უკვე აფხაზი მესაზღვრეები სხედან. ამასობაში რუსეთიდან ჩამოსული ალექსანდრასთვის რამდენიმე კითხვის დასმა მოვასწარი.

ალექსანდრა ამბობს, რომ აფხაზეთში დასასვენებლად ოჯახთან ერთად ყოველ წელს ჩამოდის და ამის მუხედავად, ყოველ ჯერზე რუს მესაზღვრეებთან შეურაცხმყოფელ გასაუბრებას გადიან.

“ნუთუ კომპიუტერში არ შეაქვთ მონაცემები, აბა, რას ბეჭდავენ ამდენს?! თუმცა ჩვენ ამ ბიუროკრატიით ვერ გაგვაკვირვებ და ვერ დაგვაშინებ. რუსეთში ყველგან ასეა, ნებისმიერ სახელმწიფო სტრუქტურაში. სწორედ ამ ჩინოვებიკებისგან გვინდა დასვენება და ამიტომაც ჩამოვდივართ ხოლმე აფხაზეთში”.

აფხაზი მესაზღვრების პუნქტი ოჯახმა მალევე, 30 წამში გაიარა. პასპორტი მხოლოდ ალექსანდრას ქმარს შეუმოწმეს. მესაზღვრეებს აქ კომპიუტერებიც არ აქვთ. მხოლოდ შემომსვლელთა გვარებს კითხულობენ და თუ ქართული არ არის, მაშინვე უშვებენ აფხაზეთის ტერიტორიაზე. ქართული გვარების შემთხვევაში ან აფხაზურ პასპორტს ითხოვენ, ანდა აფხაზეთის უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაცემულ საშვს.  

კიდევ უფრო საინტერესოა ის, თუ როგორ მუშაობენ რუსი მესაზღვრეები მაშინ, როდესაც საქმე აფხაზეთიდან რუსეთის მხარეს გადასვლას ეხება.

“ჩემს საზღვარგარეთის პასპორტში ბევრი უცხო ქვეყნის ვიზაა. ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციაში ვმუშაობ და ხშირად მიწევს საერთაშორისო შეხვედრებზე დასწრება ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. აშშ-იც ვარ ნამყოფი. ეს ვიზები ძალიან აღიაზიანებს რუს მესაზღვრეებს. თოთოეული ვიზით ინტერესდებიან, რატომ და სად ვიყავი?! სამუშაო მიზნით, თუ დასასვენებლად? ყოველ ჯერზე ვეუბნები, რომ როგორც ტურისტი, ისე ვმოგზაურობ. თუმცა, მგონია, რომ უკვე აღარ სჯერათ ჩემი. ერთხელ ბარგის გახსნაც მთხოვეს, თუმცა ეს მებაჟეების საქმეა”, – ამბობს აფხაზეთში მცხოვრები გოგო, რომელიც ანონიმურად დარჩენას ამჯობინებს.

“მგონია, უკვე ფედერალური სამსახურის სიებში ვირიცხები, ამიტომ დამატებითი პრობლემები აღარ მინდა”.


აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საზოგადოებრივი პალატის თავმჯდომარის მდივანმა დანილ უბირიამ და პალატის წევრმა მანანა გურგულიამ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში რუსეთს ელჩთან, ალექსეი დვინიანინთან რამდენიმე დღის წინ გამართილი შეხვედრის დროს,უკმაყოფილება გამოხატეს აფხაზურ-რუსულ საკონტროლო პუნქტზე მომუშავე მესაზღვრეების მიმართ.

დე ფაქტო რესპუბლიკაში რუსეთის ელჩი ალექსეი დვინიანინი შეეცადა, რუსი მესაზღვრეები გაემართლებინა. როგორც მან თქვა, რუსი მესაზღვრეები მესაზღვრეთა მიმართ მოთხოვნების შესაბამისად იქცევიან და ამაში გასაკვირი არაფერია.

რაც შეეხება რუსი მესაზღვრეების მიმართ აფხაზების პრეტენზიებს, ისინი ძირითადად მდგომარეობს მათთვის დასმულ მრავალრიცხოვან კითხვებში და დაკითხვებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი