გირგვლიანის საქმეზე სააკაშვილის განაჩენი სააპელაციომ ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა ძალაში თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 5 იანვრის განაჩენი მიხეილ სააკაშვილის მიმართ.

განაჩენის მიხედვით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელსაც ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ედებოდა გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებული პირების შეწყალებისთვის, დამნაშავედ იქნა ცნობილი და 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

სანდრო გირგვლიანი 2006 წლის 26 იანვარს ოქროყანის ტყეში აწამეს, რის შედეგადაც გარდაიცვალა. გირგვლიანის მკვლელობას მოჰყვა ფართომასშტაბიანი პროტესტი სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს. გირგვლიანის დედა, ირინა ენუქიძე ამტკიცებდა, რომ შვილის მკვლელობაში მაშინდელი მაღალჩინოსნები იყვნენ ჩართული და მათ დასჯას მოითხოვდა.

ამავე საქმეში ბრალი დაუმტკიცდა ყოფილ პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილს. მას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და სამსახურებრივი სიყალბისთვის მიესაჯა მსჯავრი.

მიხეილ სააკაშვილს ბრალად ედებოდა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის და სხვისთვის გამორჩენის და უპირატესობის მისაღებად, რამაც ფიზიკური პირების უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.

თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს  გენერალური ინსპექციის  უფროსის ყოფილი მოადგილე დავით ჩხიტუნიძე დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ სანდრო გირგვლიანის საქმეზე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.