კალაძის თქმით, მომაკვდავი ლეკვის ვიდეო თავშესაფრის საკადრო ცვლილებებს უკავშირდება

თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში მომაკვდავი ლეკვის გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურება. კალაძის თქმით, აღნიშნული ვიდეოთი ხდება თავშესაფრის დისკრედიტირება, რადგან მასზე აღბეჭდილია მკვდარ ცხოველებთან ერთად მყოფი ცოცხალი, თუმცა მძიმე მდგომარეობაში მყოფი ლეკვი.

როგორც ქალაქის მერი განმარტავს, “ამაზრზენი კადრები”, რომლებიც სოციალურ ქსელში ვრცელდება, ერთი მხრივ, ადასტურებს, რომ მონიტორინგის სააგენტოს მიზანმიმართული დისკრედიტაცია ხდება, მეორე მხრივ კი, საქმეს აძლევს სისხლის სამართლებრივი დანაშაულის კლასიფიცირებას.

“გამოძიება უკვე დაწყებულია 259-ე მუხლით [ცხოველისადმი სასტიკი მოპრყობა], თუმცა, მე მგონია, რომ ეს მუხლი გადასახედია და გასამკაცრებელია, რომ ჩვენ მსგავსი შემთხვევები ავიცილოთ თავიდან. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მოკლე ხანში გამოვლინდება ყველა დამნაშავე, რომელმაც უმწეო ლეკვი განათავსა მკვდარ ცხოველთან,” – განმარტავს კახა კალაძე.

ლეკვის მკვდარ ცხოველებთან მოთავსების შესაძლო გზებზე საუბრისას, კალაძის თქმით, აღნიშნული სააგენტოს საკადრო პოლიტიკის ცვლილებას უაკვშირდება.

“ვფიქრობთ, რომ ეს არის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში მიმდინარე რეფორმების, მათ შორის, საკადრო პოლიტიკსა თუ სხვა გადაწყვეტილების შედეგი, ვგულისხმობ ხელშეკრულების გაწყვეტას სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან,” – აცხადებს კახა კალაძე.

მისივე სიტყვებით, მერია მზად არის ითანამშრომლოს როგორც არასამთავრობო სექტორთან, ასევე, კერძოდ პირებთან. ამასთანავე, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი თანხები გამოყოს.

“თუმცა შანტაჟის ენით საუბარი კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის. იქ საუბარი იყო, რომ სააგენტოს პასპორტები კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციებისგან შეეძინა, კონკრეტული დასაქმების მოთხოვნა იყო. მე შეგნებულად არ ვასახელებ მათ სახელებს. გარდა ამისა, საუბარი იყო წამლების შესყიდვაზე და ვისაც ეს სურს, ტარდება ტენდერი და შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილეობა.

შანტაჟის ენით ელაპარაკეთ იმათ, სადაც გაგდიოდათ ეგ საუბარი,” – თქვა კალაძემ.

თბილისის მერის განამრტებით, “მსგავსი მიდგომები” წინა დღეებში იყო, როდესაც სოციალურ ქსელში ძაღლ ტიფანიზე გავრცელდა კადრები. ტიფანი სწორედ ის ძაღლია, რომელიც კალაძემ თავშესაფრიდან წამოიყვანა, გავრცელებულ კადრებში კი ჩანს, რომ ტიფანი მერიის შენობის ეზოში, ასფალტზე მოწყობილ გალიაში არის მოთავსებული.

“მათ ეს კამპანია არ გამოუვიდათ იმიტომ, რომ ყველამ იცის ჩემი დამოკიდებულება ცხოველების, განსაკუთრებით კი, ძაღლების მიმართ. გამოძიება ყველაფერს დაადგენს,როგორ მოხვდა სოციალურ ქსელში, ვინ გადაიღო, ვინ განათავსა ლეკვი მკვდარ ცხოველებთან. პირად კონტროლზე მაქვს აყვანილი ეს საქმე, რომ ყველა დამნაშავემ აგოს პასუხი,” – განაცხადა კახა კალაძემ.

თავშესაფრის ვიდეოებისა და ძაღლი ტიფანის შესახებ მოკლედ

პირველი ვიდეო, რომელიც თავშესაფარში ცხოველების კეთილდღეობის შელახვას ასახავს, აქტივისტმა, ტასო ლოსაბერიძემ გამოაქვეყნა.  ვიდეოში ჩანს, რომ თავშესაფრის ტერიტორიაზე მომაკვავი ლეკვი გალიაში, მზეზე წევს. აღნიშნულმა ვიდეომასალამ თავშესაფრის მიმართ ინტერესი გაამძაფრა.

 

Posted by Taso Losaberidze on Wednesday, June 13, 2018

 

ლეკვი მალევე გარდაიცვალა, მომხდარის შემდეგკი თავშესაფარმა მის ტერიტორიაზე შესვლის ხანგრძლიობა 20 წუთით განსაზღვრა და რამდენიმე შეზღუდვა დააწესა.

პირველი ვიდეოს შემდეგ, 14 ივლისს გავრცელდა კიდევ ერთი ვიდეო, რომელიც თავშესაფარშია გადაღებული და რომელშიც ცოცხალი, თუმცა, მძიმე მდგომარეობაში მყოფი ლეკვი ჩანს. ვიდეოში ჩანს, თუ როგორ წევს ჯერ კიდევ ცოცხალი ლეკვი მკვდარ ცხოველებთან ერთად.

როგორც შემდგომ თავშესაფრის ხელმძღვანელმა, ვახტანჯ ლომჯარიამ განმარტა, ლეკვის ვიდეო ინსცენირებულია ყოფილი თანამშრომლების მიერ. ნეტგაზეთის კითხვაზე, თუ რას გულისხმობს “ინსცენირებაში” და ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ თავშესაფარში ნებისმიერ პირს სურვილისამებრ შეუძლია ლეკვების გადაადგილება მკვდარი ძაღლების ოთხაში, ლომჯარია პასუხობს:

“თანამშრომელს, რომელსაც აქვს ბოროტი ზრახვები, შეუძლია ვოლიერში შევიდეს, გამოიყვანოს ცხოველი და გადააადგილოს,”

რაც შეეხება ძაღლ ტიფანის, ის თავშესაფრიდან კალაძემ თებერვალში წამოიყვანა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ჩანს,რომ აღნიშნული ძაღლი მერიის ეზოში გალიაში წევს. როგორც აღმოჩნდა, ტიფანიზე პასუხისმგებელი ჯერ კიდევ მუნიციპალური თავშესაფარია, მათი განმარტებით, ტიფანის ორი გალია აქვს, ჰყავს მომვლელები და გამსეირნებლები.

ტიფანის გავრცელებულ კადრებს შემდგომ კალაძის კომენტარიც მოჰყვა. “გოგოა, თორემ ფეხბურთის თამაშსაც ვასწავლი”, – ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვას ძაღლ ტიფანისთან დაკავშირებით.

კალაძის კომენტარს ჟურნალისტების სიცილიც მოჰყვა, ამიტომ მერისთვის და მსოფლიოში ცნობილი ყოფილი ფეხბურთელისთვის არავის უკითხავს, სმენია თუ არა  ქალების ფეხბურთის შესახებ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან