ახალი ამბები

ქუმსიშვილი გამოკითხვაზე: ეს იყო ჩვეულებრივი შეხვედრა, რომელიც მშვიდობიანად დამთავრდა

18 ივლისი, 2018 • 2210
ქუმსიშვილი გამოკითხვაზე: ეს იყო ჩვეულებრივი შეხვედრა, რომელიც მშვიდობიანად დამთავრდა

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ადასტურებს, რომ რამდენიმე კვირის წინ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.

როგორც ქუმსიშვილმა გადაცემა “რეაქციაში” სატელეფონო ჩართვისას განაცხადა, გამოძიებას კითხვები ჰქონდა “გარკვეული საკითხებთან” დაკავშირებით, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია.

“დაახლოებით 20 დღის წინ ნამდვილად ვიმყოფებოდი გამოკითხვაზე, სადაც პროკურატურამ მთხოვა ჩემი მოსაზრების დაფიქსირება გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით. მათ შორის იყო საკითხი, რომელიც ჩვენ თვითონ, ეკონომიკის სამინისტრომ გადავაგზავნეთ პროკურატურაში. ეს იყო ძალიან ჩვეულებრივი შეხვედრა-საუბარი, რომელიც მშვიდობიანად დამთავრდა”, – თქვა მან.

წამყვანის კითხვაზე, ხომ არ ელის, რომ გამოძიების პროცესში მისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, ქუმსიშვილმა აღნიშნა, რომ პასუხი არ აქვს, თუმცა ფიქრობს, რომ პროკურატურის მიერ დასმული კითხვები უშუალოდ მას არ მიემართებოდა:

“ამაზე მე არ მაქვს პასუხი. ყოველ შემთხვევაში, მე ჩემი შეგრძნებებიდან გამომდინარე, იმ კითხვებზე, რა კითხვებზეც ვიძლეოდი პასუხებს, არ არის ჩემთან პირდაპირ დაკავშირებული და აქედან გამომდინარე ცოტა მიჭირს ამაზე მსჯელობა. თუმცა ეს უკვე ჩემთვის უცნობია. მე მინდა მჯეროდეს, რომ ყველაფერი იქნება სამართლიანად, გამჭვირვალედ. მეც ვარ აბსოლუტურად ღია საზოგადოებასთან კითხვების ნაწილში და ვაპირებ, ასევე დავრჩე”.

ინგა გრიგოლიამ ყოფილ მინისტრს ასევე ჰკითხა, ხომ არ წარმოადგენს ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები, მათ შორის ირაკლი კობახიძის განცხადება და მისი პროკურატურაში დაბარება კვირიკაშვილისა და მისი გარემოცვისადმი შეტევის პროცესს. ქუმსიშვილმა წამყვანს მიუგო:

“მე ვრჩები “ქართული ოცნების” გუნდის წევრად. მიმაჩნია ჩემი თავი “ქართული ოცნების” გუნდის წევრად და ეს იქნება მოკლე პასუხი ამ კითხვაზე”.


ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრები, დიმიტრი ქუმსიშვილი და ზურაბ ალავიძე თანხების გაფლანგვის ფაქტზე გამოკითხეს.

პროკურატურიდან “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებში მიმდინარეობს გამოძიება კონკრეტულ მოხელეთა მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის მუხლით.

მასალების გადაბეჭდვის წესი