ახალი ამბები

ბურჭულაძე: აღარასდროს მოვალ პოლიტიკაში, თუმცა უსამართლობის წინააღმდეგ ვიბრძოლებ

17 ივლისი, 2018 • 3516
ბურჭულაძე: აღარასდროს მოვალ პოლიტიკაში, თუმცა უსამართლობის წინააღმდეგ ვიბრძოლებ

ქუთაისში სამოქალაქო მოძრაობის “ძალა ერთობაშია” საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე პაატა ბურჭულაძემ წარადგინა. ბურჭულაძე ალიანსში შემავალი ერთ-ერთი პარტიის – “სახელმწიფო ხალხისთვის” -დამფუძნებელია.

ბურჭულაძის განცხადებით, თავად პოლიტიკაში დაბრუნებას აღარ გეგმავს, თუმცა უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებს.

“დღეს მე აქ ვარ არა იმიტომ, რომ მე მესროლეს, არამედ იმიტომ, რომ ესროლეს საქართველოს იმედს, ესროლეს საქართველოს რეპუტაციას, ესროლეს ადამიანის უფლებებს, ესროლეს ქართულ სახელმწიფოებრიობას.

დღეს აღარავინ არის დაცული უსამართლობისაგან, ცილისწამებისაგან, დევნისაგან. დღეს უკიდურესმა გაჭირვებამ შელახა ქართველი კაცის ღირსება. დღეს ყველაფრის მკადრებელი არის წახალისებული.

სულ ახლახან ჩვენ კიდევ ერთხელ შეგვზარა ტყიბულში მომხდარმა ტრაგედიამ და იქ ადამიანების დაღუპვამ. დღეს არც ადამიანის უსაფრთხოებაა დაცული. ჩვენი ქვეყანა, ჩვენი საზოგადოება დადგა უდიდესი საფრთხის წინაშე: ან შევინარჩუნებთ, ან სამუდამოდ დავკარგავთ ჩვენს სახელმწიფოს.

მე აღარასოდეს მოვალ პოლიტიკაში, მაგრამ გპირდებით, რომ ვიქნები საზოგადოების აქტიური წევრი და ვიბრძოლებ უსამართლობის წინააღმდეგ. ვიბრძოლებთ თითოეული თქვენგანის უფლებებისათვის. მე ამას გპირდებით სულ ყველას”, – აღნიშნა მან.

ბურჭულაძის თქმით, მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები სახწლმწიფოსა და ადამიანის უფლებების დაბრუნების წინაპირობა იქნება.

10 პარტიისაგან და საზოგადოებრივი ჯგუფისაგან შემდგარმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ საპრეზიდენტო კანდიდატად გრიგოლ ვაშაძე რამდენიმე წუთის წინ ქუთაისში დაასახელა.

მოძრაობამ “ძალა ერთობაშია” საპრეზიდენტო კანდიდატად გრიგოლ ვაშაძე წარადგინა

მასალების გადაბეჭდვის წესი