ახალი ამბები

მოძრაობამ “ძალა ერთობაშია” საპრეზიდენტო კანდიდატად გრიგოლ ვაშაძე წარადგინა

17 ივლისი, 2018 • 4393
მოძრაობამ “ძალა ერთობაშია” საპრეზიდენტო კანდიდატად გრიგოლ ვაშაძე წარადგინა

სამოქალაქო მოძრაობამ “ძალა ერთობაშია” საპრეზიდენტო კანდიდატად “ნაციონალური მოძრაობის” წევრი გრიგოლ ვაშაძე დაასახელა. ოპოზიციური ალიანსის კანდიდატს ამ წუთებში ქუთაისში, ბაგრატის ტაძრის ეზოში წარადგენენ. წარდგენას პარტიის ლიდერები და აქტივისტები ესწრებიან.

გრიგოლ ვაშაძე 2017 წლიდან პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრია. 4 წლის მანძილზე, 2008-2012 წლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა. მანამდე, 1 თვის მანძილზე კი კულტურის მინისტრის პოსტიც ეკავა.

2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე “ნაციონალურმა მოძრაობამ” ვაშაძე ქუთაისის მერობის კანდიდატად წარადგინა, თუმცა მეორე ტურში “ქართული ოცნების” კანდიდატ გიორგი ჭიღვარიასთან დამარცხდა.

მოძრაობა “ძალა ერთობაშია”, რომლის საპრეზიდენტო კანდიდატიც ვაშაძეა, სულ 10 პარტიასა და საზოგადოებრივ ჯგუფს აერთიანებს. მათ შორის: “ახალი საქართველოსთვის”, “ემსახურე საქართველოს”, “ეროვნულ-დემოკრატიული პარტია”, “სახელმწიფო ხალხისთვის”, “ქრისტიან-დემოკრატიული პარტია”, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, “სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის”, “ახალი საქართველო”, “საქართველო ლიდერთა შორის” და “საქართველოს ევროპელი დემოკრატები”.

მოძრაობის ლიდერებმა პრესკონფერენცია გუშინ გამართეს და ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი, რომელიც გაერთიანების მიზნებსა და გეგმებს შეეხებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი