ახალი ამბები

სამოქალაქო საზოგადოება ღია მმართველობისთვის – თბილისში OGP-ს სამიტი გაიხსნა

17 ივლისი, 2018 • 2366
სამოქალაქო საზოგადოება ღია მმართველობისთვის – თბილისში OGP-ს სამიტი გაიხსნა

თბილისი “ღია მმართველობის პარტნიორობის”(OGP) მეხუთე გლობალურ სამიტს მასპინძლობს. სასტუმრო “რუმსში” 74 ქვეყნის 2 000-მდე წარმომადგენელი მსჯელობს მთავრობათა ღიაობისა და სახელმწიფოს მართვაში საზოგადოების ჩართულობის გაზრდის გზებზე.

დღევანდელი სესია სამოქალაქო საზოგადოების თემატიკას ეთმობა. ღონისძიების მონაწილეებიც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოებრივი ჯგუფების წარმომადგენლები არიან, რომელთაც საქმიანობა ღიაობისა და გამჭვირვალობის სხვადასხვა ხარისხის პირობებში უწევთ.

ორგანიზაციის ერთ-ერთი კოორდინატორის, პოლ მასენის თქმით, OGP-ის მიზანი – ღია მმართველობის უზრუნველყოფა – საზოგადოებათა კეთილდღეობისა და გაძლიერების წინაპირობაა. მან მედიასთან იმ პრიორიტეტების შესახებ ისაუბრა, რომლებითაც “ღია მმართველობის პარტნიორობა” მეშვიდე წელია მოქმედებს.

“განსაკუთრებით ყურადღება მახვილდება იმაზე, თუ როგორ გავაძლიეროთ საზოგადოებრივი ორგანიზაციები, როგორ ვებრძოლოთ კორუფციას იმისთვის, რომ გადამხდელების თანხა უფრო ეფექტურად აღწევდეს საჭირო მიმართულებებზე. ასევე, რასაკვირველია, როგორ უნდა გავაძლიეროთ სკოლები, საბავშვო ბაღები და როგორ გავხადოთ უკეთესი საზოგადოების ცხოვრება.

რაც შეეხება ზოგადად სამოქალაქო საზოგადოების როლს და განსაკუთრებით ღია მმართველობის ფორუმის წვლილს იმისთვის, რომ სამოქალაქო საზოგადოება გაძლიერდეს: რა თქმა უნდა, ერთმანეთის გარეშე ორივე წარმოუდგენელია. მაგრამ არის კიდევ ერთი მონაწილე და ესაა სახელმწიფო სექტორი.

მხოლოდ სახელმწიფო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობის გზითაა შესაძლებელი ამის უზრუნველყოფა. სამოქალაქო საზოგადოება მოწოდებულია იმისთვის, რომ ითანამშრომლონ მთავრობასთან. შეიძლება ხანდახან გააღიზიანოს კიდეც ის, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ყველაფერი მიზნად საზოგადოების გაძლიერებას ისახავს”, – აცხადებს მესენი.

დისკუსიის პარალელურად, სამიტის პირველ დღეს საქართველოს პარლამენტში “პარლამენტის ღიაობის დღე” დაიწყო, რომელსაც 24 ქვეყნისა და 12 პარლამენტის 200-მდე წარმომადგენელი ესწრება.

OGP-ს მეხუთე გლობალური სამიტი თბილისში 17-19 ივლისს ჩატარდება. გახსნის საზეიმო ცერემონია ხვალ, 18 ივლისს, ფილარმონიაში გაიმართება. ღონისძიებაზე პრეზიდენტთან და მთავრობის წევრებთან ერთად სიტყვით მსოფლიოს პირველი რობოტი მოქალაქე სოფიაც გამოვა.

“ღია მმართველობის პარტნიორობა”, რომლის თავმჯდომარე ქვეყანა წელს საქართველოა, 2011 წელს დაფუძნდა. ორგანიზაციის მიზანი სახელმწიფოთა მთავრობებთან თანამშრომლობაა მეტი ღიაობისთვის, გამჭვირვალობისთვის, კორუფციასთან ბრძოლისა და პროცესებში საზოგადოების ჩართულობისთვის. თავდაპირველად OGP შვიდმა ქვეყანამ დააფუძნა, ახლა კი წევრ სახელმწიფოთა რიცხვი 70-ს აჭარბებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი