ახალი ამბები

“ტრამპის სირცხვილის დღე” – როგორ გამოეხმაურა უცხოური მედია ჰელსინკის შეხვედრას

17 ივლისი, 2018 • 3409
“ტრამპის სირცხვილის დღე” – როგორ გამოეხმაურა უცხოური მედია ჰელსინკის შეხვედრას

ტრამპისა და პუტინის შეხვედრას, რომელიც გუშინ, 16 ივლისს, ჰელსინკიში შედგა,  მსოფლიოს არაერთი მედია ადევნებდა თვალყურს. როგორც თავად პრეზიდენტებმა განმარტეს პრესკონფერენციაზე, მათი დიალოგის მთავარი აქცენტები იყო სირია, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევა და ორმხრივი ურთიერთობები.

შეხვედრისა და პრესკონფერენციის შედეგებს მედიაში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა.

ამერიკულმა გამოცემამ, CNN-მა ჰელსინკის შეხვედრას ახალი ამბებისა თუ სტატიების მთელი სერია მიუძღვნა, რომელსაც “ტრამპის სირცხვილის დღე” დაარქვა. როგორც გამოცემის ერთ-ერთ სტატიაშია ნათქვამი, “ტრამპი აღარ არის თავისუფალი სამყაროს ლიდერი”. სტატიის მიხედვით, ტრამპმა პუტინის დღის წესრიგისა და მისი შეხედულებების მხარდამჭერის როლი მოირგო.  

კრიტიკის უდიდესი ნაწილი ტრამპის ერთ-ერთ განცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობების გაფუჭება “აშშ-ის სისულელის” ბრალია. პრესკონფერენციაზე ჟურნალისტმა ტრამპს ჰკითხა, “საერთოდ რაიმეში” ადანაშაულებს თუ არა რუსეთს, რაზეც ტრამპმა უპასუხა:

“კი, მე ვფიქრობ, რომ ეს ორივე მხარის პასუხისმგებლობაა. აშშ სულელურად იქცეოდა, ჩვენ ორივე ვიქცეოდით სულელურად. მე ვფიქრობ, რომ ეს დიალოგი [აშშ-სა და რუსეთს შორის] დიდი ხნის წინ უნდა შემდგარიყო, მანამდე, სანამ მე მოვიდოდი თეთრ სახლში,”- განმარტავს ტრამპი.

ტრამპს აკრიტიკებს The Washington Post-იც. გამოცემამ შეხვედრის შემაჯამებელ სტატიას დაარქვა “ამერიკისთვის თანადგომის მომენტში ტრამპმა თავის დახრა არჩია”. როგორც სტატიაში ვკითხულობთ, დღეს, როდესაც ამერიკის პრეზიდენტს ქვეყნის სიძლიერე უნდა ეჩვენებინა, ტრამპი თავდაცვისუუნარობითა და სისუსტით შეხვდა.

გამოცემის თანახმად, ტრამპმა თვალი დახუჭა ყველა იმ მტკიცებულებაზეც, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევაზე მიუთითებდა. მან უბრალოდ უარყო ყველა ბრალდება ფრაზით: “მე ვერ ვხედავ ვერც ერთ მიზეზს – რატომ [ჩაერეოდა რუსეთი არჩევნებში]”.

“მარტივი წარმოსადგენია პუტინის კმაყოფილება, რომელიც ამ შეხვედრისას დაეუფლა. ის სიამოვნებით ადევნებდა თვალს, თუ რა სირთულეებია აშშ-ისა და ევროკავშირის ურთიერთობაში იმის ფონზე, რაც ტრამპმა ევროკავშირი მტრად გამოაცხადა,” – წერია სტატიაში.

The Guardian-ის მიერ ჰელსინკის შეხვედრისთვის მიძვნილ სტატიაში (“ტრამპის მხრიდან პუტინისთვის პოზიციების დათმობამ ამერიკელ კონგრესმენებში აღშფოთება გამოიწვია”) შეჯამებულია პრეზიდენტის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები.

სტატიის მიხედვით, აღნიშნულ შეხვედრაზე ტრამპის “უპრეცედენტო” გამოსვლამ შოკში ჩააგდო როგორც დემოკრატიული, ასევე, რესპუბლიკური პარტიები.  ზოგიერთი მათგანის თქმით, ასეთი განცხადებები აშშ-ისთვის გამანადგურებელია.

“აშშ-ის ისტორიის მანძილზე არ უნახავს ქვეყნის პრეზიდენტი, რომელსაც მხარი დაუჭერია ამერიკის ისეთ მოწინააღმდეგისთვის, როგორიც პრეზიდენტი პუტინია. ტრამპის მიერ პუტინის მხარდაჭერა ისეთ საკითხებში, როგორიც არის აშშ-ის კანონმდებლობა, მისი თავდაცვის სტრატეგია და დაზვერვა, დაუფიქრებელი, სახიფათო და სუსტი აქტია”, – ამბობს სტატიაში სენატორი ჩაკ შუმერი.

 

ტრამპს აკრიტიკებს ამერიკულია CBS და ამბობს, რომ ნაცვლად თავდასხმისა, ტრამპმა დაიცვა პუტინი არჩევნებში შესაძლო ჩარევის ბრალდებებისგან. როგორც გამოცემა წერს, ის იმდენად შორს წავიდა, რომ პუტინის მიერ უარყოფილ სიტყვებს “განსაკუთრებულად ძლიერი და ძლევამოსილი” უწოდა.

შეხვედრაზე წერს ბრიტანული BBC-ც    გამოცემა სტატიის ანალიტიკურ ნაწილში განმარტავს, რომ ბოლო კვირა, მათ შორის ჰელსინკის სამიტი, აშშ-ის საგარეო პოლიტიკისთვის დამანგრეველი გამოდგა.

“რაიმე სახის ხელშესახები შედეგების გარეშე, ქვეყნის ლიდერები (ტრამპი და პუტინი) მომავალში აანონსებენ არაერთ შეხვედრას, თუმცა, ამერიკელების რეაქციების გათვალისწინებით, ასეთ შეხვედრები რთულად წარმოსადგენია,” – ვკითხულობთ სტატიაში.

უფრო დეტალურად, თუ რა განცხადებები გააკეთეს ტრამპმა და პუიტნმა გუშინდელ სამიტზე, შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი