მაკკეინმა ტრამპის გამოსვლას ისტორიაში “ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო” უწოდა

“ჰელსინკიში გამართული პრესკონფერენცია ამერიკის პრეიდენტის ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო გამოსვლა იყო ჩემს მეხსიერებაში”, – ასე გამოეხმაურმა რესპუბლიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი ჰელსინკიში ვლადიმირ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის გამართულ შეხვედრასა და მისი დასრულების შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციზე გაკეთებულ განცხადებებს.

მაკკეინმა ტრაგიკული შეცდომა უწოდა სამიტს, რომელიც ფინეთში ჩატარდა ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტების მონაწილეობით.

“მე ჩემი დაზვერვის ხალხის მიმართ დიდი ნდობა მაქვს, მაგრამ გეტყვით, რომ პრეზიდენტი პუტინი უაღრესად ძლიერი იყო უარყოფის დროს”, – ეს არის ტრამპის განცხადება, რომლის გამოც მას ყველაზე მეტად აკრიტიკებენ.

საუბარია 2016 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო მონაწილეობის შესახებ. ამ განცხადებამდე ერთი კვირით ადრე აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ რუსეთის სპეცსამსახურის 12 წარმომადგენელი დემოკრატების იმეილებისა და კომპიუტერების დაჰაკვას ცდილობდა. პუტინი უარყოფს, რომ არჩევნების პრცესში ჩარევას.

ნეტგაზეთი მოკლედ გთავაზობთ, თუ რაზე ისაუბრეს ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე:
რა თქვა პუტინმა
  • ცივი ომი, ეს წარსულია – ამჟამად ამერიკის შეერთებული შტატების და რუსეთის წინაშე ახალი გამოწვევებია
  • პუტინის თქმით, მოლაპარაკებები, რომლებსაც აშშ და რუსეთი აწარმოებენ პირველი ნაბიჯებია ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის და ნდობის აღდგენისთვის
  • პუტინის თქმით, რუსეთის და აშშ-ის ინტერესები ყოველთვის არ ემთხვევა ერთმანეთს, თუმცა ქვეყნების საერთო ინტერესები იზრდება
  • პუტინმა ასევე ისაუბრა სირიის შესახებ, თუ როგორ უნდა დაბრუნდნენ ლტოლვილები თავიანთ სახლებში და როგორ უნდა ჩაერიონ ამ საკითხში რუსეთი და აშშ
  • პუტინის თქმით, მოხარულია, რომ აშშ-მა ჩრდილოეთ კორეასთან საკითხების მოგვარება დაიწყო
  • პუტინის თქმით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უფრო გადამწყვეტი ნაბიჯები უნდა გადადგას უკრაინის ხელმძღვანელობასთან დაკავშირებით
  • პუტინი ამბობს, რომ აშშ და რუსეთი შეთანხმდნენ შეიქმნას მაღალი სტატუსის მქონე სამუშაო ჯგუფი, რომელიც ამერიკელი და რუსი ბიზნესმენებით იქნება დაკომპლექტებული
  • “უნდა გავიმეორო, რაც ადრეც ვთქვი, რუსეთი არასდროს ჩარეულა და არც აპირებს, რომ ჩაერიოს აშშ-ის შიდა პოლიტიკაში, არჩევნების ჩათვლით, თუ არსებობს რამე მტკიცებულება ამის საწინააღმდეგოდ, ჩვენ მზად ვართ, ერთად განვიხილოთ ის”
  • პუტინმა თქვა ისიც, რომ სურდა არჩევნებში დონალდ ტრამპს გაემარჯვა, რადგან ის აშშ-ის და რუსეთის ურთიერთობების ნორმალიზებაზე საუბრობდა
რა თქვა ტრამპმა
  • ჩვენ გვქონდა პირდაპირი, ღია, ღრმა და პროდუქტიული დიალოგი და მან კარგად ჩაიარა
  • “ცივი ომის პირობებშიც კი, როდესაც სამყარო ახლანდელისგან ბევრად განსხვავებული იყო, რუსეთს და აშშ-ს მაინც მჭიდრო დიალოგი ჰქონდათ. ჩვენი ურთიერთობები არასდროს ყოფილა უფრო ცუდი, ვიდრე დღესაა, მაგრამ ეს შეიცვალა 4 საათის წინ”
  • ტრამპის თქმით, დიდი დრო დაუთმეს აშშ-ის არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევას – “იგი სერიოზულადაა განწყობილი ამ საკითხის მიმართ და ძალიან საინტერესო იდეა აქვს”
  • ტრამპმა ასევე გამორიცხა რაიმე ფარული თანამშრომლობა არჩევნების საკითხზე და თქვა, რომ იოლად დაამარცხა ჰილარი კლინტონი საპრეზიდენტო არჩევნებში
  • ტრამპის თქმით, რუსეთსა და აშშ-ს ბევრი სიცოცხლის გადარჩენა შეუძლიათ სირიაში
  • აშშ-ის პრეზიდენტის თქმითვე, ძალიან კონსტრუქციული დღე იყო და იმედი გამოთქვა, რომ ვლადიმერ პუტინს უახლოეს მომავალში კვლავ შეხვდება

შეხვედრის შეჯამების შემდეგ ჟურნალისტებსაც მიეცათ საშუალება, შეკითხვები დაესვათ პრეზიდენტებისთვის. ჟურნალისტების შეკითხვების პასუხად, გამოიკვეთა, რომ რუსეთისა და აშშ-ის გაუარესებულ ურთიერთობებში დონალდ ტრამპი აშშ-ს ადანაშაულებს, კონკრეტულად კი, ობამას ადმინისტრაციას. ჟურნალისტების შეკითხვები ეხებოდა სირიას, ასევე აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევას.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com