ახალი ამბები

სოზარ სუბარი “საქნახშირის” შეთავაზებას პასუხობს

16 ივლისი, 2018 • 2376
სოზარ სუბარი “საქნახშირის” შეთავაზებას პასუხობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში აცხადებს, რომ “საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფს”, რომელიც ტყიბულში არსებულ შახტს განკარგავს, აქამდეც არაერთხელ დაუყენებია სახელმწიფოსთვის “საქნახშირის” გადაცემაზე შეთავაზება.

სოზარ სუბარის თქმით, კომპანიასთან მუშაობა ამ წლების მანძილზე ადვილი არ ყოფილა:

“კომპანიასთან მუშაობა ამ წლების მანძილზე არ იყო ადვილი იმიტომ, რომ ყოველთვის აყენებდა ასეთ ალტერნატივას – იცით რა, ჩემთვის არ არის ეს მომგებიანი ბიზნესი, ამიტომაც მე გავალ. გვაყენებდა იმ მოქალაქეების წინაშე, რომლებიც ელოდებიან სამუშაოს და ერთგვარად ეს გადაწყვეტილებებიც თავის მხრივ არ იყო საკმარისად ხისტი. გარკვეულწილად იმის გამოც იყო, რომ ჩვენ ვითვალისწინებდით მოქალაქეების ინტერესს, მოთხოვნას.

დღესაც რომ გახვიდეთ ქალაქში, ძალიან ბევრი იტყვის, რომ არა – არ უნდა დაიხუროს,თორემ ჩვენ რა ვქნათ. ბევრი იტყვის, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება. ამიტომაც კომპანიის ამ განცხადებაზე ერთადერთი პასუხი გვაქვს, რომ ჯერ ჩატარდეს ექსპერტიზა, შევისწვლით ყველაფერს და მერე იქნება გადაწყვეტილება მიღებული და ამ გადაწყვეტილებებში კომპანიაც იქნება ჩართული” – ამბობს სოზარ სუბარი.


დღეს, 16 ივლისს, მინდელის სახელობის შახტში 4 ადამიანი დაიღუპა და 6 დაშავდა, “საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა” თქვა, რომ მზად არის, კომპანია “საქნახშირი” სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცეს.

ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში ბოლო ტრაგიკული შემთხვევა 2018 წლის 5 აპრილსაც მოხდა, რა დროსაც 6 მუშა დაიღუპა. აღნიშნული შახტი “საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” შვილობილი კომპანიის, “საქნახშირის” მართვის ქვეშაა. “საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე დავით ბეჟუაშვილია (ყოფილი პარლამენტარი), არა-აღმასრულებელი დირექტორი- გელა ბეჟუაშვილი (ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი), ფინანსური დირექტორი- ზურაბ გელენიძე, კომერციული დირექტორი- ზურაბ გოზალიშვილი, გენერალური დირექტორის მრჩეველი სტრატეგიულ საკითხებში- ლევან ვეფხვაძე (ყოფილი ქრისტიან-დემოკრატი) და გენერალური დირექტორი- ჯამბულ ჯაყელი.

ამავე შახტში 2017 წელს 5 მეშახტე დაიღუპა, მათგან ოთხი ლიფტის ჩავარდნას ემსხვერპლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი